ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს საქართველოში ახლახანს რუსეთიდან ტურისტებზე რაიმე სახის თავდასხმა მოხდა. ერთ-ერთ რუსულ ონლაინ-გამოცემაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომელსაც თან ერთვის 2014 წლის ვიდეო-კადრები, სადაც არ ფიქსირდება არანაირი ფიზიკური აგრესია.
შექმნილი ვითარების ფონზე მიუღებელია მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოში რუსეთიდან ტურისტებზე თავდასხმის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უმაღლეს დონეზე უზრუნველოყოფილია მოქალაქეთა და უცხოელ ტურისტთა უსაფრთხოება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოუწოდებს მედიასაშუალებებს არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, რომელიც აზიანებს საქართველოს როგორც მშვიდობიანი, უსაფრთხო, ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯს.