ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. მიმდინარე წელს, ამ კუთხით 46 პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძემ ადგილზე დაათვალიერა.

ვიზიტორებს უკვე ელოდება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში მოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი, სადაც ახალი ინტერაქციული სივრცე მოეწყო. მუზეუმში მისული ვიზიტორები დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ დაცული ტერიტორიების შესახებ.

ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა არწივის ხეობის ბუნების ძეგლზე. მთლიანი პარკის ტერიტორიაზე კი მიმდინარეობს დამატებითი სველი წერტილების მოწყობის საპროექტო/სამშენებლო სამუშაოები.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც გამორჩეული უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და სწორი მენეჯმენტის გამო, პრესტიჟული ჯილდო – ევროპული დიპლომი აქვს მინიჭებული.