შეიძლება ახლა თქვენს საყვარელ სერიალებს უყურებთ, სტამბულში კი ამ წუთებშიც წვიმს. თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტში დაეშვა. სუნთქვაშეკრული ვარ, რადგან ჩემს საყვარელ ქალაქში არასდროს ჩამოვსულვარ გაზაფხულზე. ბოსფორის სრუტეში კვლავ დაცურავენ იალქნიანი გემები თოლიებთან ერთად და ჩემს ლურჯ თვალებს იმახსოვრებენ. სტამბულის აეროპორტში მეორედ ვარ. ჩემგვარ საქმიან ადამიანებს აქ ყველგან შეხვდებით. თეთრ პერანგსა და ლურჯ პიჯაკში ვარ გამოწყობილი და მივლინებით ვიმყოფები სტამბულში, რათა ქალაქი უკეთ შევისწავლო. სამომავლოდ ვგეგმავ, როდესაც აქ უკვე დიდი ხნით გავჩერდები, დავწერო მოთხრობები სტამბულის შესახებ. ვღელავ. ეს ჩემი პირველი საქმიანი მივლინებაა სტამბულში, სადაც ამ ეტაპისათვის მხოლოდ რამდენიმე საათით გავჩერდები. შემდეგ გავფრინდები ჰონგ–კონგში და შთაბეჭდილებებს შემოგთავაზებთ. ახლა კი აეროპორტში ტაქსის ვაჩერებ და კაპუჩინოსთან ერთად, რომელიც სტარბაქსის კაფეში შევუკვეთე, ქალაქის დათვალიერებას ვიწყებ. ხალხმრავლობა რამდენიმე ადგილას შემხვდა. ყველგან ყიდიან სიმინდს და ცისფერი ღრუბლებით სავსე ქალაქში უსასრულოდ ლაღად დაცურავენ თოლიები. თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი რედაქციის წინაშე, მაგრამ სულიერად ისევ თავისუფალი ვარ. ახლა იმ ულამაზეს ხიდზე გადავედით, რომელიც ფილმებში არაერთხელ მინახავს.
***
განთიადზე, ძალიან ადრე, საოცარი ფერებით დახატა ღმერთმა თქვენთვის და ჩემთვის ღრუბლები და კვლავ შესძლო ჩემი გაოცება. ამ პოსტს თვითმფრინავში ვწერ. შევეცდები, გადმოვცე, როგორი ლამაზია სამყარო, რომელიც თვითმფრინავის სალონიდან მოჩანს. ათი საათი ვიფრინე. გამოვიძინე კიდეც. იმედი მაქვს ვაი–ფაის ვიპოვი ჰონგ–კონგში და ამ პოსტსაც ავტვირთავ. წერის დროს ფანჯრიდან ვიყურები. იდუმალ არსებებს კვლავ სათითაოდ აუკრეფიათ ღრუბლები ციდან. საოცარ განცდას იწვევს ჰორიზონტი, რომელსაც, როგორც ლურჯ ზღვას, თოლიების კივილი მოაქვს ჩემამდე. სტიუარდესას ყავისათვის შაქრის დამატებას ვთხოვ. ეღიმება. კვლავ ჩნდებიან ღრუბლები ცაზე. არც ისინი ემორჩილებიან სხვათა მითითებებს.
5 მარტი
ძალიან ბევრი ვიარე ჰონგ-კონგის ქუჩებში და ისე დავიღალე, პოსტის წერაც კი აღარ შემიძლია. გაგიკვირდათ, არა? ულამაზესია აქაურობა. თვალუწვდენელი ცათამბჯენების ქვეშ აჩქარებით ჩავიარე და თვალი ვერ მივაწვდინე მათ სიმაღლეს. ცხოვრების სწრაფი ტემპი, საქმიანი ადამიანები გვმატებენ მოტივაციას. დღეს მივხვდი, როდესაც ვფიქრობთ, რომ სამყარო ჩვენ გარშემო ბრუნავს, ეს ნამდვილად ასეა. თითოეული ჩვენგანი სამყაროს ცენტრია, რადგან საკუთარი თავი გვაძლევს ასეთი ფიქრისათვის ენერგიას. ძალიან თბილა ქალაქში. ჰავა საკმაოდ მშრალია. ტემპერატურა ოცდახუთი გრადუსია. ფეხით სიარულის შემდეგ სასადილოდ
შევედით და ნივრიანი პური, თევზეულობა და ლუდი შევუკვეთეთ. ქალაქი თითქოს არასდროს იძინებს. სანაპიროზე ვისეირნეთ და იალქნიანი გემების სილამაზით დავტკბით. ადამიანები ეძებენ შთაბეჭდილებებსა და საკუთარ სულიერ სამყაროს, რომელსაც ჩვეულებრივ დღეებში ვერსად პოულობენ. აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ამიტომ თვითმფრინავები ისე ახლოს დაფრინავენ ცაზე, თითქოს ფილმ „ინტერსტელარის“გადასაღებ მოედანზე ვარ.
7მარტი
გათენდა. სასტუმროში მარტო დავრჩი. უკვე კუნძულ სიამენზე ვიმყოფები, ჯგუფის დანარჩენი წევრები გამოფენაზე წავიდნენ. გეახელით მსუბუქი ევროპული საუზმე, რადგან ადგილობრივი კერძები გუშინვე დავაგემოვნეთ – ღორის ხორცი მოტკბო მომჟავო გემოთი. ასევე მაფო ტოეფუ – წითელი საქონლის ხორცს დამატებული დაჭრილი მწვანე ხახვი და მთავარი კერძი – ატრია, რომელიც მზადდება ატრიის, ქათმის ხორცის, ნიახურისა და მწვანე ხახვისაგან. დღეს მსუბუქად ვისაუზმე, ჩავალაგე ჩანთაში ბლოკნოტი, პლანშეტი და გამოვედი სასტუმროდან. არ ვიცი, რას დავწერ. ჩანთაში სასტუმროს სავიზიტო ბარათი ჩავდე იმ შემთხვევისათვის, თუ კუნძულზე დავიკარგე. სიამენი კუნძულ სიამენზე მდებარეობს, ტაივანის სანაპიროსთან. ქალაქში არის ნავსადგური.
ბილიკზე დავეშვი და თქვენც თუ გამომყვებით ამ გზაზე, ერთად ვნახოთ, სად აღმოვჩნდებით. ბილიკზე მოფენილია გვირილები, მინდვრის ფერადი ყვავილები და მზერას იპყრობს მწკრივში ჩარგული პალმები. „ზებრაზე“ აქაც ფრთხილად გადავდივარ და გზის მეორე მხარეს უამრავ ფოტოს ვიღებ. გული ძლიერად მიცემს, რადგან ქვიშიან სანაპიროზე აღმოვჩნდი და ზღვა ღელავს. საზღვაო სეზონი არ დგას, თუმცა ტურისტები ფეხზე იხდიან და წყალში ჩასვლას ცდილობენ. როგორც ჩანს, ზღვა ცივია. ქვიშიან სანაპიროს მივუყვები და ვფიქრობ, არასდროს წაიშლება ჩემი ნაკვალევი. ქოქოსის ყიდვა მინდა და რადგან აქ ინგლისური არ იციან, გამყიდველი ქვიშაზე მიწერს ქოქოსის ფასს და გვიხარია, რომ ურთიერთობა შევძელით. არ ცხელა, თუმცა ნამდვილი ეგზოტიკაა გარშემო. თოლები აქაც დაცურავენ გემებთან ერთად ზღვაში და რადგან ჩვენს ქვეცნობიერში არსებობს სხვადასხვა ქვეყნის, ქალაქის მშვენიერი პეიზაჟი, გვიხარია, როდესაც წარმოსახვა რეალური ხდება.
***
ამ წუთებში ამოვედი სანაპიროდან. კუნძულზე ნაწვიმარია. ქარი ქრის. შემცივდა კიდეც. არ ვაპირებდი დღეს პოსტის დაწერას, მაგრამ მეორედ, ალბათ, აქ ვერ მოვხვდები და ძალიან მინდა ამ კუნძულის ამბები ყოველდღე გაგიზიაროთ. წარმოიდგინეთ სანაპირო, რომლის ჰორიზონტს თვალს ვერ მიაწვდენ. გაავებული ტალღები ეხეთქება ერთიმეორეს. მე კი ერთი უბრალო სელფი რომ გადავიღო,ისე ახლოს მივდივარ ნაპირთან, დედა რომ მხედავდეს, რამდენიმე წამში გადმოივლიდა შავ ზღვას, თურქეთს, ჰიმალაის მთებს, ინდოეთს, ჩინეთს და აქ გაჩნდებოდა. რა საოცარი იქნებოდა, არა? მოვივლიდით ფეხით კუნძულს და ვიცინებდით აქაც, როგორც ყოველთვის. სანაპიროზე ნიჟარები შევაგროვე. შემდეგ გამახსენდა, რომ მეც მაქვს საიდუმლო, რომელსაც არავის ვუმხელ, არც მეგობარს, არც დედას, არც ჩემს ლურჯ ფრინველს და არცერთ სულიერს დედამიწის ზურგზე. ვინ იცის, შეიძლება ოდესმე დავწერო კიდეც ამის შესახებ ყველაფერი, მაგრამ ახლა მხოლოდ ქვიშაზე ვწერ ერთ ჯადოსნურ სიტყვას და ჩემი გულის ნაწილს ვუზიარებ სამყაროს. ვიცი, ეს წარწერა სამუდამოდ დარჩება მას.
სანაპიროზე ვერ ვიპოვე კაფე, რომ ყავა დამელია და გავმთბარიყავი. გუშინ საღამოს ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე გავედი. რას არ ნახავდით აქ – მოლუსკებს, კიბორჩხალებს, რვაფეხებს, კრევეტებს, სხვადასხვა სახეობის თევზს. მე არაფერი გამისინჯავს. მხოლოდ ხილით დავკმაყოფილდი და საღამოს ცხრა საათზე სასტუმროში დავბრუნდი.
გაწვიმდა.
თვალი რომ გავახილე, გემბანის სკამზე ვიჯექი და ვუყურებდი ლურჯ ტალღებში გახვეულ სამყაროს, რომელსაც ტკბილად ეძინა. ვცადე, გუშინდელი დღე დაწვრილებით გამეხსენებინა. გუშინ ხომ კუნძულ გულანგუზე დავიკარგე. მთელი კუნძული ფეხით მოვიარე, თუმცა ვერ მივაგენი ტერმინალს, რომლითაც გემმა აქ მომიყვანა. რა თქმა უნდა, არ შემშინებია, რადგან კუნძული საკმაოდ განვითარებული და ცივილიზებულია. თუმცა ქუჩები, შენობები, ინფრასტრუქტურა, ჯუჯა ხეები, რომელთა ფესვებიც მიწის ზედაპირზე ჩანს, გიქმნის წარმოდგენას, რომ ჯუნგლებში ხარ. ფეხით სიარულს განვაგრძობ, ვყიდულობ წვრილად დაჭრილ მანგოს, პატარა ზომის უკურკო და უყუნწო ვაშლს, რომელიც ძალიან წვნიანია.
დღეს საოცრად მზიანი ამინდია. უამრავი ტურისტი და მხიარულებაა ირგვლივ. თუმცა წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება იმ სახლების ფანჯრებს მიღმა, რომელთა ეზოები ყვავილებით არის მოფენილი. კუნძულზე ვრჩები, მივიღე გადაწყვეტილება და მშვიდად დავადექი გზას.
ჩემთან ძალიან ახლოს დაფრინავენ თვითმფრინავები და მათი სილამაზით ვარ გატაცებული. დარწმუნებული ვარ, თქვენ რომ აქ იმყოფებოდეთ, ყველაფერს გაცილებით ლამაზად აღწერდით. ქალაქი სიამენი, კუნძული გულანგუ – ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, აქ თუ მოვხვდებოდი ოდესმე. ამიტომ სამუდამოდ ვიმახსოვრებ ცისფერ ტალღებს, ამ ტალღებზე მოცურავე გემებსა და თოლიებს, როგორც პეიზაჟს, რომელსაც წარმოდგენა არ მქონდა, თუ ოდესმე ვნახავდი.
***
ამჯერად მგზავრობა და შინ დაბრუნება ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. თავს არ შეგაწყენთ აღწერით. ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლები. უბრალოდ არ შემიძლია არ დავწერო იმაზე, რაც ფრენის დროს ვიგრძენი. აქ მთათა სისტემა ღრუბლებითაა დაფარული. მზე, ზღვა, ტბებიც ირეკლება იმ ლამაზი ფენის სიღრმეებში, რომელსაც ატმოსფერო ჰქვია. პირველად მივხვდი, ნისლი – ღმერთის ფიქრებია. სწორედ ამგვარად შეიძლება ფიქრობდეს იგი. უამრავ ქვეყანას გადავუფრინე. ვცადე, დამენახა, რა ხდებოდა სხვა ფანჯრებს მიღმა და დავინახე. უშაქრო ჩაი დავლიე. ვერ მოვასწარი, სტამბულში თვითმფრინავში გადაჯდომის დროს, მეყიდა სუვენირები ახლობლებისათვის. სტამბულიდან კი ორი საათში თბილისში ჩამოვფრინდი. უცებ ვიგრძენი, რაღაც მომეხსნა მხრებიდან. საკონტროლო პუნქტი სწრაფად გავიარე. როდესაც აეროპორტის გზაზე გამოვედი, გამახსენდა, ჩვენთან არც გაზაფხულია და არც ზაფხული. არც უამრავი ხე, ყვავილი, ზღაპრული სიმწვანე შეგხვდება ქუჩაში, მაგრამ ის ხე, ვარდისფრად აყვავებულ – აფეთქებული, გზაზე რომ შემომანათა და გული გამითბო, ყველაფერია ჩემთვის.