26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელავში აღნიშნავს.
ღონისძიებას დაესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
თელაველებს და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვანი სანახაობა ელოდებათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი სტენდები ღვინის თემატიკას მოიცავს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 8 სივრცე მოეწყობა. 12:00 -15:00 საათამდე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები გაიმართება.
15:00 საათიდან თელავის მთავარ სცენაზე წარსდგებიან: ჯგუფი „მარტივი გამოსავალი,“ ანსამბლი „ქართული ხმები.“
საღამოს 19:00 საათზე გაიმართება ნიაზ დიასამიძის და ჯგუფი „33ა“-ს კონცერტი.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქვევრის მუზეუმის სივრცე, სადაც მეღვინეები სტუმრებს ქვევრის ისტორიას და განვითარების საფეხურებს გააცნობენ.ქვევრის მუზეუმში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქვევრის აგებულებას, სტრუქტურას და დააგემოვნონ ქვევრში დაყენებული ღვინო.ტურისტებისთვის წარმოდგენილი იქნება საქართველოს რუკა , რომელზეც თვალსაჩინოდ იქნება გამოსახული ქართული ღვინის სახეობები, მისი წარმომავლობა რეგიონების მიხედვით.ქვევრის მუზეუმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი თიხის სახელოსნო იქნება , სადაც თიხის ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარიული მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია, ასევე მოეწყობა ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა. ადგილობრივ მეღვინეებს საშუალება ექნებათ საკუთარი პროდუქცია მოსულ სტუმრებს წარუდგინონ.მოედნის შუაგულში განთავსდება 26 მაისის ლოგოს მასშტაბური ინსტალაცია.
კულინარიული სივრცის გვერდით განთავსდება საბავშვო გასართობი კუთხე დიდი სამაგიდო თამაშებით, ფერადი დეკორაციებითა და ატრაქციებით. მოეწყობა თოჯინების თეატრი, არქეოლოგიური თამაშები თიხით, სახეზე მოხატვა და ა.შ. ღონისძიების ფარგლებში სპორტული და მხიარული შეჯიბრებები მოეწყობა.
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია