მთიან აჭარას ახალი თაგო-სხალთის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეემატა. ხულოს ახალი ტურისტული მიმართულება პირველებმა რეგიონში მოქმედმა გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა გაიცნეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ინფოტურის მონაწილეებმა ულამაზეს ხეობაში მოგზაურობა თაგოს ცნობილი საბაგიროდან დაიწყეს, რომელიც ხულოს ცენტრსა და ტრადიციულ აჭარულ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს.
მარშრუტზე მოგზაურობისას მათ საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს, იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გაეცნენ და დალაშქრეს ულამაზესი ტყე, რომელიც სოფელ თაგოს სხლათის ხეობასთან აკავშირებს. ინფოტური გიდებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა შერიფ ხიმშვიაშვილის სახელობის მუზეუმისა და სხალთის მონასტრის მონახულებით დაასრულეს.
თაგო-სხალთის ტურისტული მარშრუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ განახორციელა. ხულოში ასევე მარკირებულია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი, ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო და გოდერძი–მწვანე ტბა-ბეშუმის მარშრუტები, რომლებზეც მოგზაურობა ტურისტებს მთიანი აჭარის გაცნობის საშუალებას მისცემს.
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი