საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) პროგრამა “ზრდა”-ს ორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობის საფუძველზე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექრურულ მუზეუმ-ნაკრძალი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს – “ღამე მუზეუმში” მასშტაბური გამოფენებითა და სხვა სანახაობებით აღნიშნავს. აქციის ფარგლებში ვარძიის განათებული კომპლექსი ვიზიტორებს სრულიად უფასოდ უმასპინლებს.
მუზეუმ ნაკრძალის ახლადამოქმედებულ ვიზიტორთა ცენტრში ფუნქციონირებას დაიწყებს ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურის ატრაქცია. აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) “ზრდა” პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფით შეძენილი VR საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსის სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ. წარმოსახვითი ტურის მულტიმედიური აპარატურა, რომელიც შინაარსობრივი გადაწყვეტის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ საიტებზე მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც იქნება ადაპტირებული და სამომავლოდ ის რეგიონში რეგისტრირებულ 1200 მდე შშმ პირს მოემსახურება. ახლადამოქმედებული VR სტენდების პრეზენტირების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 ადგილობრივი მოქალაქე VR პროგრამული მხარდაჭერის მქონე მობილური აპარატურით დასაჩუქრდება.
“ღამე მუზეუმში” პროგრამის ფარგლებში ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ვიზიტორთა ცენტრის სამუზეუმო სივრცე, სადაც ასპინძის მუნიციპალიტეტში მოძიებული ქვის ორნამენტული ფრაგმენტები და საქართველოს კლდის ძეგლების თემაზე მომზადებული ფოტო ექსპოზიცია გამოიფინება, დამთვარიელებლებს პირველად უმასპინძლებს. საზეიმო ღონისძიების ფორმატში სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძესთან ერთად, მოწვეულ სტუმრებსა და ვიზიტორებს სახელმწიფოს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ მხარდაჭერილი „ვარძიის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო ქმედებების შინაარსსა და მიმდინარეობას გააცნობს.
ადგილობრივი ჯიშის ვაზით საზეიმოდ განაშენიანდება მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ახლადმოწყობილი მესხური ტერასები, სადაც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წევრები სახელობით ნერგებს დარგავენ.
საღამოს 18 საათიდან მუზეუმ ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედა სივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმობა.
„ღამე მუზეუმში“ პროგრამის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული გუნდი, რომელიც მაყურებელს ეფექტურ სანახაობას შესთავაზებს. მოფარიკავეთა წარმოდგენას კი ცოცხალი შესრულებით მომღერალ სოფო ხალვაშისა და მისი მუსიკალური ბენდის კონცერტი განაგრძობს. „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებების პროგრამას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობრივი წარმოდგენა დაასრულებს.
* საერთაშორისო აქციას „ღამე მუზეუმში“ – 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება გაერთიანების წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, პროგრამამ ფართო მასშტაბი მიიღო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში ტრადიციულ ღონისძიებად „ღამე მუზეუმში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წელს დამკვიდრდა.
ღონისძიების მხარდამჭერები : USAID ის პროგრამა “ზრდა”; საქართველკოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; კომპანია “vrex”, ნათენაძის ღვინის მარანი, ადგილობრივი ღვინის კომპანიები, ტრადიციული რეწვის ასოციაცია.
წყარო: კულტურული მემკვიდრეობა