მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების გადამღები ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფა. Bloomberg-ის წარმომადგენლებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს და ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ რეპეტიცია გადაიღეს.
Bloomberg-ის ფოკუსში მოხვდა ქართული კულინარიული კერძები, სპეციალურად მათთვის გაიმართა მასტერკლასები. კახეთში გადამღები ჯგუფის წევრები ღვინის მარნებს ესტუმრნენ.
ვიდეორგოლი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ მომზადდება და Bloomberg-ის არხზე ივნისში გავრცელდება.
ტელეკომპანია Bloomberg-ს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 433 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
„2019 წლის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტელეკომპანია Bloomberg-ზე ქვეყნის რეკლამირება მიმდინარეობს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ Bloomberg-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თემატიკაზე ამზადებს საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლს. ის მოიცავს როგორც ტურისტულ პროდუქტებს, ასევე ფოლკლორს და კულინარიას. გადაღების შემდეგ ვიდეორგოლი გავრცელდება როგორც Bloomberg-ის ტელევიზიით, ასევე სოციალური ქსელებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული ცნობადობის ასამაღლებლად.“
განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.