საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სსიპ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ტურისტული გიდებისთვის შექმნილი სპეციალური სასწავლო კურსის „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის გახსნის დღეს, კურსის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ბრეგვაძემ მიმართეს.
„დღეს ოფიციალურად დაიწყო გადამზადების კურსების სეზონი. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პირველად ასეთი ფორმატით ვთანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ერთიანი ბაზით შეიქმნა ტრენინგების კურსი, რომელიც გიდებისთვის არის გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან სწორი კომუნიკაცია. ერთ-ერთმა გიდმა ჩვენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოგვმართა ინიციატივით, რომ მათ სურდათ ჰქონდეთ სწორი და ქვეყნის ინტერესების დამცავი პასუხები ტურისტების მხრიდან შეკითხვებზე როდესაც ისინი საქართველოში მოგზაურობენ, შესაბამისად ჩვენ მყისიერად ბოლო ორ კვირაში შევქმენით აბსოლუტურად დამოუკიდებელი კურსი.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინსტიტუტის მიერ მომზადებული სპეციალური კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ორმხრივი ურთიერთობები უცხოეთის ქვეყნებთან და სამართლებრივი და საკონსულო საკითხები.
სპეციალურ კურსს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, 5 დღის მანძილზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორები და დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩი-მკვლევარები გაუძღვებიან.
აღსანიშნავია, რომ გადამზადების პროექტი გაგრძელდება და სპეციალური კურსი აჭარის ტურისტული გიდებისთვის აპრილის თვეში, ბათუმში გაიმართება.