საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული. მისი ისტორია საუკუნეების სიღრმეში იკარგება და კულინარიაში რძის პროდუქტების გამოყენებას უკავშირდება. მერძევეობისა და შესაბამისი სამზარეულო სიახლეების მიგნება განვითარება მესაქონლეობის წიაღში პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს ამკვიდრებდა, რაც ტრადიციულ სამზარეულოში კერძის სახეობათა ნაირგვარობას უწყობდა ხელს. შესაბამისად, აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი.
ტრადიციული ფორმით, ბორანო – ესაა იაღში ჩალბობილი ყველი.
ბორანო მაღალი კალორიულობით ხასიათდება და ზუსტად შეესაბამება აჭარელი კაცის ტრადიციული ცხოვრების წესს, რომელიც მუდმივ შრომასა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, განსაკუთრებით, ისეთი შრომა საქმიანობის დროს, როგორიცაა: ჭალობა (ჭალის ცელვა), ყანობა (ყანის აღება), თივისა და შეშის მომარაგება, ნადირობა და ა.შ.
ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში ბორანო არ იყო სეზონური საკვები. სურვილისა თუ საჭიროებისამებრ იგი ყოველთვის გამოიყენებოდა, მას მეორენაირად აჭარული სუფრის „სასწრაფო დახმარებასაც“ ეძახიან, რადგანაც მისი მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს და აჭარელ დიასახლისს საშუალებას აძლევს სტუმარსა თუ ოჯახის წევრს დროის მცირე მონაკვეთში გაუმასპინძლდეს.
თანამედროვეობაში ბორანო, ძირითადად, აჭარის მოსახლეობისათვის, აჭარული სამზარეულოსათვისაა დამახასიათებელი. შესაბამისად, აჭარელი კაცი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, ინარჩუნებს და ინახავს ბორანოს, როგორც ტრადიციულ და სტუმრისათვის საპატივცემულო კერძს.
ბორანო აჭარაში სხვადასხვა სახელწოდებით დასტურდება. ცნობილია შემდეგი სახელწოდებები: ბორა, ბორაჲ, ბორაო, ბორანი, ბორანო, მოხრაკული. მათგან ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბორანი//ბორანო. თედო სახოკიასთან მას ბორა ეწოდება. ეს ტერმინი ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დღესაც შემონახულია.
ბორანო, როგორც ტრადიციული აჭარული კერძი, ქართული სამზარეულოს მუდმივი თანამდევი იქნება. იგი, როგორც აჭარასთან ასოცირებული კერძი, თანდათანობით მკვიდრ ადგილს იჭერს საქალაქო ცხოვრებაში, კერძოდ, ბათუმისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სარესტორნო მომსახურების სფეროში. ბორანო საქართველოს სხვა ქალაქების, მაგალითად, თბილისის, ტრადიციული კერძების მენიუშიც იმკვიდრებს თავს. ამ კუთხით მისი განვრცობა უფროა მოსალოდნელი და საფრთხის კონტექსტში არ უნდა იყოს აღქმული.