საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში, ნაპირდაცვისა და ბულვარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს 1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენას და ბულვარის მოწყობას ქვაფენილით.
ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
მიმდინარე სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.