ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლის იუბილისადმი მიძღვილ გამოფენას, იტალიის შემდეგ პირველად საქართველო უმასპინძლებს

  • Home
  • მთავარი
  • ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლის იუბილისადმი მიძღვილ გამოფენას, იტალიის შემდეგ პირველად საქართველო უმასპინძლებს

ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წელი გავიდა. ამ თარიღს მსოფლიოს მუზეუმები მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნიან. საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ღონისძიებათა ციკლს და 27 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით გიწვევთ გამოფენაზე „ლეონარდო – Opera Omnia”, სადაც წარმოდგენილი იქნება ლეონარდოს ფერწერული ნამუშევრების ციფრული რეპროდუქციები.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ერთად იხილოს ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის მქონე ციფრული რეპროდუქციები. აღნიშნულ ექსპოზიციას, იტალიის საზღვრებს გარეთ, დამთვალიერებელი პირველად სწორედ თბილისში იხილავს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში განაგრძნობს მოგზაურობას. ლეონარდოს გამოფენა Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული პროექტია და წარმოადგენს 2017 წელს ეროვნულ გალერეაში გამართული კარავაჯოს მულტიმედიური ექსპოზიციის ანალოგს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი პროექტი Opera Omnia ანუ „წარმოუდგენელი გამოფენა” ხელოვნებასა და ტექნოლოგიებს, წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს.

საქართველოში იტალიური გამოფენების კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. აღნიშნული გამოფენების ციკლი ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია: იტალიის მხრიდან – საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, საქართველოს მხრიდან კი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ეროვნული მუზეუმი.

ლეონარდო – მხატვარი, ინჟინერი და მეცნიერი, არქიტექტორი, ანატომი და გამომგონებელი, რენესანსის ეპოქის უნივერსალური გენიოსი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ სახვით ხელოვნებაში, არამედ აზროვნებასა და მეცნიერებაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ: ლეონარდო. Opera Omnia

გამოფენის ხანგრძლივობა: 27 თებერვალი – 29 მარტი, 2019
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

Tags: