გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალის 1849 წლის ობელისკს 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ობელისკი დგას მინდორში, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. ქვის სამნაწილიანი მონუმენტია, რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. აღმართულია ერეკლე მეორის დროს დაწყებული ივრის არხის გაყვანის დამამთავრებელი სამუშაოების შესრულების აღსანიშნავად. ობელისკი შედგება კვადრატული პედესტალის, მრგვალი სვეტისა და სვეტის დამაგვირგვინებელი ბურთულისგან. პედესტალის ოთხივე წახნაგზე და სვეტზე ქართულ და რუსულ ენებზე შესრულებული წარწერები გვამცნობს, რომ ივრის არხის მშენებლობა დაწყებულა ერეკლე მეორის დროს და დასრულებულა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის მეფობისას, და მეფისნაცვალ ვორონცოვის მმართველობისას. აქედანვე ვგებულობთ, რომ სამუშაოებს უძღვებოდა ინჟინერ-კაპიტანი ვახტანგ ბაგრატიონ-მუხრანელი, ხოლო სამეურნეო ნაწილს ხელმძღვანელობდა თბილისელი ზალცმანი.
ობელისკი ძალზედ მნიშვნელოვანი ისტორიული ინფორმაციის შემცველი მონუმენტია, როგორც საქართველოში XVIII-XIX სს. მიმდინარე საინჟინრო-სოფლის მეურნეობის საქმიანობის თვალსაზრისით თუ ისტორიულ პირთა მოხსენიების კუთხით, ისე თბილისის მრავალეთნიკურობისა და აქ მოღვაწე უცხოელთა კვლევის თვალსაზრისითაც.