გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი წარადგინა
მარიამ ქვრივიშვილი ამ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად დაინიშნა. მას დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (ბაკალავრი) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვა/ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი (MBA, მაგისტრანტი). 2013 წლიდან მარიამ ქვრივიშვილი შპს „ვოიაჟერი“-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე იყო ავიაკომპანია FlyDubai-ს რეგიონალური მენეჯერი საქართველოში. 2012-2013 წლებში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ქვრივიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ლექტორია, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
„მარიამ ქვრივიშვილს აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ვფიქრობ, მისი სამუშაო გამოცდილება, განათლება და ხედვები კიდევ უფრო მეტ ენერგიას შესძენს ტურიზმის ადმინისტრაციას და უფრო მეტად დაგვეხმარება, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ეკონომიკის ეს უმნიშვნელოვანესი სეგმენტი“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი ქობულიამ.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან უწყებას. წინ ბევრი გამოწვევაა, რადგან დასახული მიზნები, რომლებიც დაყრდნობილია ეროვნულ პრინციპებზე, საკმაოდ ამბიციურია. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიებით შევძლოთ და განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, გავხსნათ მეტი ახალი ავიარეისები, რომ ქვეყანაში შემოვიყვანოთ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ საქართველოს ჰქონდეს მეტი დივერსიფიცირებული და სტრატეგიული ბაზარი“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.