3400 მაყურებელზე გათვლილი ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე დასრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოები და მიმდინარეობს ლითონის კონსტრუქციებით სახურავის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად ტრიბუნების მონტაჟი ხორციელდება. გარდა ამისა შენობის ინტერიერის მოპირკეთება, შიდა კომუნიკაციების (წყლის, გათბობის/გაგრილების და ელექტრო სისტემის)მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე ფასადის მოპირკეთებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე გაეცნენ.
სამუშაო პროცესში ამ ეტაპზე 250 ადამიანია დასაქმებული.
თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრია და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება: სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. უნივერსალური და სპორტული ტანვარჯიშის დარაბზები დაგეგმარებულია მომიჯნავედ ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი ერთ სივრცედ გაერთიანება იქნება შესაძლებელი.
გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტები მოეწყობა.
შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული.
მშენებლობის ღირებულება – 61 977 777 ლარი.
სპორტული კომპლექსის პროექტს შპს “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს.
მშენებლობა 2019 წლის მაისში დასრულდება.