საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) დაფინანსებით მიმდინარე სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დასრულდა ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის კარიბჭის სარესტავრაციო სამუშაოები.
შესრულებული სამუშაოების შედეგად, კარიბჭის მცირე კელიაზე აშენდა ღიობებიანი კედლები. ხის მასალით რესტავრირდა არქიტექტურული ნაგებობის სართულშუა კონსტრუქციები. ფიქალის ქვით დაიხურა სენაკის სახურავი. ხით მოეწყო მისი ინტერიერის ჭერი და იატაკი. დამზადდა და დამონტაჟდა კარ-ფარჯრები. კარიბჭის თავზე აღდგა სენაკი და გადასასვლელი, რომლის არსებული კედლები არქიტეტორის ზედამხედველობის ქვეშ თავიდან გადაეწყო.
ნაგებობის არარსებული სეგმენტების წყობა კარიერული წესით მოპოვებული ავთენტური ტიპის ქვა-მასალის გამოყენებით აშენდა. შენობის ინტერიერში დამონტაჟდა ავთენტური იერსახის ვიტრაჟები და დეკორატიული მოაჯირები. მოეწყო მისი საძირკველი, იატაკი, სართულშუა გადახურვები, სხვენის კოსტრუქცია და ფიქალის სახურავი. მიმდინარე წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროცესის წარმართვას მთელი კომპლექსის მასშტაბით გეგმავს.
ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის კარიბჭის 2018 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპი ა(ა)იპ. “ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი“ -ს მიერ არქიტექტორ-რესტავრატორი ნინო ყანჩელის ხელმძღვანელობით განხორციელდა. *გალავნიანი სამონასტრო კომპლექსი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ შემაღლებაზე ზღვის დონიდან 1964მ -ის სიმაღლეზე მდებარეობს. გალავნის შიგნით მოქცეულია ორი ერთმანეთზე მიდგმული ეკლესია და გალავნის პერიმეტრში ჩართული რამდენიმე სამონასტრო ნაგებობის ნანგრევი, რომელთა ნაწილი 2008-17 წლების ინტერვალში უკვე აღდგენილია.
განვლილ წლებში რესტავრირდა კომპლექსის ისტორიული სამრეკლო და სატრაპეზო დამხმარე ნაგებობებთან ერთად.