საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური კვლევა-ძიების დარგში ტეიკიოს უნივერსიტეტთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს. მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ცენტრთან პარტნიორობის გაღრმავების მიზნით ახლო მომავალში სახელმწიფო უწყება ხელშეკრულების დოკუმენტს გააფორმებს, რომელიც თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს. მხარეთა შორის თბილისში შემდგარი შეხვედრებისას უკვე განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომელშიც ქართველ მკვლევარებთან ერთად იაპონელი მეცნიერებიც ჩაერთვებიან.
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე უკვე გადაწყდა, რომ სახელშეკრულებო პროგრამის ფარგლებში იაპონური მხარე მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნოქალაქევის ისტორიული მუზეუმის ბაზაზე მძლავრი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიების ტექნიკური აღჭურვის პროცესს უზრუნველყოფს. ახლადამოქმედებული ლაბორატორიები გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველში გამოვლენილი მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური რესტავრაციისა და ქიმიური ანალიზის პროცესებს მოემსახურება.
ხელშეკრულების გაფორმებამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იაპონურ სამეცნიერო ცენტრთან 2018 წელს გაფორმებული ოთხმხრივი მემორადუმის ფარგლებში გააგრძელებს ურთიერთობას, რომელიც ასევე პროგრამული ხასიათისაა. პროგრამა სახელწოდებით „აბრეშუმის გზა“ ტეიკიოს უნივერსიტეტთან და სააგენტოსთან ერთად, საქართველოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობას მოიცავს და 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებს. პარტნიორობის საფუძველზე აღნიშნული ინსტიტუციები უკვე ახორციელებენ მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთობლივი რესტავრაციისა და ქიმიური სამეცნიერო კვლევის სამუშაოებს. აქტიურ ფაზაშია მხარეთა სამუშაო პროცესი, რომელიც არქეოლოგიური მიმართულების განვითარებასა და ქართული ღვინისა და მევენახეობის ეთნოგრაფიულ შესწავლას უკავშირდება. ამოქმედებულია სასწავლო- გაცვლითი პროგრამა ქართველი სტუდენტებისა და უწყებრივი თანამშრომლებისთვის.
ტეიკიოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია იაპონიაში, რომელიც 1966 წელსაა დაფუძნებული. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი 27 000 სტუდენს აერთიანებს.