საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2019 წლიდან ახალ შენობაში განთავსდება.
ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 8,5 მლნ ლარს აჭარბებს. ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსები.
მუზეუმის პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი მუშაობით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე რეგიონული განვითარების მესამე პროგრამის ფარგლებში მომზადდა. პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, რომელშიც მუზეუმოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტია დაცული. პროექტის ფარგლებში არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის – „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოებიც ჩატარდება. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და აღიჭურვება გარე განათებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით.
თანამედროვე სამუზეუმო სივრცეში განთავსდება ის 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებიც ამ დრომდე მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება. ახალ მუზუმში დაიდებს ბინას სამუზეუმო კოლექციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – ძვირფასი ლითონების კოლექციაც, რომელიც ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია დროებით წარმოდგენილი.
პროექტი კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ არქიტექტორ ზაზა იაშვილის ავტორობით მოამზადა. ფიზიკურ სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯავა“ ახორციელებს, რომლისთვისაც სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად 18 თვეა განსაზღვრული.