საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ქართული საპროდიუსერო კომპანიები, ლოს-ანჯელესში, მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების „American Film Market“ ლოკაციების გამოფენაზე წარსდგებიან.
საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის კუთხით, აღნიშნული გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ „cash rebate“ მექანიზმის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე თავს იყრის 7 000-ზე მეტი კინომწარმოებელი თუ დისტრიბუტორი და 100 000-ზე მეტი კინოინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენელი. პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდის ქვეშ წარმოდგენილი ქართული საპროდიუსერო კომპანიები, კერძოდ Sarke Studio, Metro Production, 20 steps Productions, Film Asylum და Silk Factory Studio დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს.
ამასთანავე, ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის ისეთ წამყვან წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: NBC Universal, Disney, HBO, Paramount. ქართულ მხარეს საშუალება ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნოს ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის მექანიზმი.
წყარო: აწარმოე საქართველოში