ფინელი ჟურნალისტი სვანეთს სილამაზით შვეიცარიის ალპებს ადარებს

  • Home
  • მთავარი
  • ფინელი ჟურნალისტი სვანეთს სილამაზით შვეიცარიის ალპებს ადარებს

ფინეთის უმსხვილესმა ყოველდღიურმა გაზეთმა Helsingin Sanomat გამოაქვეყნა სტატია საქართველოს, როგორც „ყველასთვის სასიამოვნო ტურისტული დანიშნულების ადგილის შესახებ,“ რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. სტატიის თანახმად, საქართველოს მთაში დრო თითქოს გაჩერებულია, ხოლო ქალაქებში ძველი და თანამედროვე შენობები ორგანულადაა შერწყმული.

ფინური გაზეთის კორესპონდენტი საქართველოში მოგზაურობის აღწერას სვანეთიდან იწყებს. იგი აღფრთოვანებას ვერ მალავს სვანეთის ბუნებით და სპეციფიკური კულტურით, მოხიბლულია სვანეთის სილამაზით და მას შვეიცარიის ალპებს ადარებს. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სოფლების უმეტესობა დაცლილია მოსახლეობისგან, თუმცა ტურისტული სფეროს გააქტიურება ხელს უწყობს მოსახლეობის დაბრუნებას ამ ადგილებში, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში.

სვანეთის შემდეგ, ბათუმი ფინელ ჟურნალისტს კულტურულ შოკს ჰგვრის მისი ცათამბჯენებით, კაზინოებითა და ზღვისპირა ბულვარში შადრევნებსა და პალმებში მოსეირნე უამრავი ტურისტით. როგორც ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მოსახლეობა 150 000-ია, ბათუმი უფრო მასშტაბური ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს. მის ყურადღებას ასევე იქცევს ქალაქის არქიტექტურა, რომელიც მოიცავს თანამედროვე და ძველ შენობებს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ორსართულიან, ფართო აივნებიან სახლებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ ბათუმში არსებული კაზინოები აზარტული თამაშის მოყვარულებსაც იზიდავს მეზობელი ქვეყნებიდან.

ფინური გამოცემის სტატიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საქართველოს დედაქალაქს. როგორც ავტორი წერს, მას უჭირს ზუსტად განსაზღვროს ან აღწეროს საქართველოს დედაქალაქი – თბილისი ევროპული ქალაქია თუ აზიური. მისი შეფასებით, თბილისში შეხვდებით სხვადასხვა სტილის შენობებს, სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ გავლენას. აქ წყნარ და მყუდრო ქუჩებს ხმაურიანი და გადატვირთული ქუჩები ცვლის.

„ქალაქის ცენტრალურ რუსთაველის გამზირზე სრულიად ევროპული გარემოა უამრავი ბრენდული მაღაზიით, მშვენიერი ძველი სახლებითა და მოდური რესტორნებით, ხოლო სახელმწიფო შენობებს ევროკავშირის ვარსკვლავები ამშვენებს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის“, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორი ურჩევს ტურისტებს მოინახულონ აბანოთუბანი, ნარიყალა, მრავალრიცხოვანი ტაძრები, სინაგოგა, მეჩეთი, მშვიდობის ხიდი და სხვა ღირშესანიშნაობები.
განსაკუთრებულ ყურადღებას ავტორი ქართულ სამზარეულოზე ამახვილებს და საქართველოში ჩასულ სტუმრებს ურჩევს ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, ნიგვზიანი ბადრიჯანი და ფხალი დააგემოვნონ.

 

 

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია