ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი #GIMF 2018 გაიმართა.
ფორუმს ორგანიზებას უწევდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, ის ხელს უწყობს შავ ზღვაზე საქართველოს ლიდერ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
#GIMF2018-ში 53 სახელმწიფოს 400-მდე დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და მთავრობების მაღალი რანგის პირები, ასევე საზღვაო სექტორის ექსპერტები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა თავის გამოსვლაში საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრა, მან აქცენტები გააკეთა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: მეზღვაურთა განათლებისა და მომზადების სისტემების გაუმჯობესება; პორტების ფუნქციონალობა და უსაფრთხოება; ხომალდების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის სერვისების დანერგვა და, ზოგადად, კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებთან ჰარმონიზება.
„ეს ფორუმი შესაძლებლობას გვაძლევს დავამყაროთ ახალი საქმიანი ურთიერთობები, ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ჰაბად და როგორ წავახალისოთ ბიზნესი და ინვესტორები, რომ ინვესტიციები განახორციელონ ამ უნიკალური შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში, რათა მაქსიმალური სარგებელი და მოგება ნახონ საკუთარი ბიზნესისთვის და, ასევე, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საზღვაო ფორუმი 2018 -ის ფარგლებში, საქართველოს მხარემ ხელი მოაწერა მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების ურთიერთგაგების მემორანდუმებს გერმანიასა და ხორვატიასთან. ამ დოკუმენტების თანახმად, ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ, ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიისა და ხორვატიის, ან ამ ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.