საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია 14-16 სექტემბერს ქ. ახალციხეში, ციხის ტერიტორიაზე მართავს ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პირველ საერთაშორისო ფესტივალს. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და USAID Zrda Activity in Georgia -ს დაფინანსებით. ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის მხარდაჭერით.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია; ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერა; სახელოსნოების ინსიტიტუციის აღდგენის ხელშეწყობა; ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე რეწვის სახელოსნოების მუშაობის პროცესის სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობების მოწყობით ისტორიული ძეგლის ახალი ფუნქციით დატვირთვა და ვიზიტორების მოზიდვა.
ფესტივალს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ევროკავშირის ერასმუს + ის პროექტის „ სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების ინტეგრაციისათვის“ ტრეინინგის მონაწილეები დაესწრებიან.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება:
• გამოფენა “XIX-XX საუკუნეების ტრადიციული სახელოსნოები საქართველოში“
სახელოსნოების მაკეტები და ფოტომასალა საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან;
• ტრადიციული რეწვის სახელოსნოებისა და ოსტატების მუშაობის პროცესის დემონსტრაციები, ღია მასტერკლასები. სახელოსნოებთან მოეწყობა მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის, სადაც სხვადასხვა დარგის ოსტატები და სახელოსნოები თავის ნაკეთობებთან ერთად წარმოადგენენ ინფორმაციას სახელოსნოების მუშაობისა და შეთავაზებების შესახებ. ფესტივალზე მონაწილეობენ ადგილობრივი და მოწვეული ოსტატები, და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან – თურქეთი, ლატვია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.
• პუბლიკაციის პრეზენტაცია და მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის;
• საჯარო ლექციები ტრადიციული რეწვის შესახებ;
• ტრეინინგი ტრადიციული რეწვის ოსტატებისათვის;
• ინფო-ტური ტურისტული სააგენტოებისათვის.
• რეწვის ოსტატებისა და თანამედროვე არტისტების კოლაბორაცია, ინსტალაციები;