საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პროექტ ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში ბათუმში ,,ფოლკლორის დღეები”გაიმართება.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ფესტივალი 29 ივლისიდან 23 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალში ,,ფოლკლორის დღეები” მონაწილეობენ: აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სულ 25 კონცერტი და 40-მდე ანსამბლი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი, ბათუმის ბულვარი.
კონცერტები გაიმართება ბათუმის ბულვარში – ანბანის კოშკთან, ყოველ დღე, 20:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.
29 ივლისს პირველ კონცერტს გამართავს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი”.