ახდენილი ოცნება ანუ მე და სტეფანწმინდა

  • Home
  • ბლოგები
  • ახდენილი ოცნება ანუ მე და სტეფანწმინდა

…მის ნახვაზე ყოველთვის ვოცნებობდი… რომ იცოდეთ, რამდენჯერ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა… რამდენნაირი ყოფილა ის ჩემს წარმოსახვაში… ერთ დღეს, დაახლოებით ორი წლის წინ, სრულიად მოულოდნელად, მეგობარმა მითხრა, რომ სულ მალე, ძალიან, ძალიან მალე ჩემი ოცნება ახდებოდა…რა თქმა უნდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა… სამსახურში მოსაგვარებელი საქმეებიც დამავიწყდა და ორ დღეში ჩასაბარებელი საგამოცდო თემაც საინფორმაციო ომსა და კონფლიქტის სახეებზე…ეს ჩემთვის იმდენად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომ როცა მასთან შეხვედრაზე ვფიქრობდი, აღარც კონფლიქტები მახსენდებოდა და აღარც მისი გადაჭრის ალტერნატიული გზები…
…და აი, სულ მალე ჩვენ დავადექით გზას, გზას, რომელიც ტაძართან მიდის… სტეფანწმინდისაკენ მიმავალ გზას… და მე ვიყავი ბედნიერი, გახარებული, გალაღებული, ”გაბრჭყვინვებული”… ვიყავი ემოციებში, გულის ”ფანცქვალსა” და რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში… გზაში იყო ბევრი კურიოზი, სიცილი და კისკისი…დაუდგრომელ, აბობოქრებულ თერგთან ”კამათი” და მის წინ პოზიორობა… გაოცება და აღტაცება, ულამაზესი ბუნების ხილვით გამოწვეული… რომელსაც, მოულოდნელი, სამწუხარო ამბავი მოჰყვა… ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ვნახავდით გერგეტის ”სამებას”… უფრო მეტიც, საშინელი ნისლის გამო შორიდანაც კი ვერ შევავლებდი თვალს….
…შემდეგ იყო ჩემი მეორე ”გაბრძოლება” გერგეტის ”სამების” სანახავად… და მეგობრებთან ერთად კვლავ დავადექი გზას… გზას სტეფანწმინდასაკენ მიმავალს… …და მე სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი მოულოდნელად… სამყაროში, სადაც ირგვლივ მხოლოდ ცამდე აზიდული, ზვიადი მთებია….თითქოს ამაყად დასცქერისო ზემოდან დედამიწას… თითქოს ყოველ მის ამაყ მზერაში რაღაც ახალი უნდა ამოიკითხო, სრულიად ახალი… იქვეა დიდებული ტაძარი, ახალი იმედების მომცემი, რწმენის განმამტკიცებელი, ნუგეშისმცემელი….
… ეს არის ადგილი, სადაც შენში ყველა ემოცია ერთდროულად მოდის… სადაც ნანობ დაშვებულ შეცდომებს და გეგმავ მომავალს, უფრო ნათელსა და მზიანს… სადაც საერთოდ გავიწყდება ცნება: ”წყენა”, ”გაბრაზება”, ”იმედგაცრუება” და ა.შ. სადაც ყველასა და ყველაფერზე ხარ შეყვარებული… სადაც გჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველგან და ყოველთვის!!! სადაც გინდა, რომ მხოლოდ იცქირო, იცქირო შორს, შორს უმისამართოდ უსასრულო მთებში და იფიქრო, ძალიან ბევრი იფიქრო და იოცნებო… ეს არის ადგილი, სადაც ხვდები, რომ თურმე ამდენ ხანს ტყუილად არ ეთაყვანებოდი მთას, სადაც აღმოაჩენ, რომ ბუნებაში ყველაზე ლამაზი ფერი მწვანეა… სადაც ხვდები მიზეზს, თუ რატომ ჰყავს შენს სამშობლოს ამდენი მტერი… თუ რატომ მიილტვის ყველა მისკენ, ასეთი საუცხოოსა და ასეთი ამაყისკენ…  მგონია, რომ ხელს ზემოთ ავწევ და უკვე ღრუბლებს მივწვდები… სადაც უფალთანაც თითქოს უფრო ახლოს ხარ… ადგილი, რომელიც აუცილებლად საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა მოინახულო, რათა იხილო ბედნიერებისგან მათი გასხივოსნებული სახეები…. სადაც ნანობ, რომ ისინი ახლა, აი, ამ წუთას შენს გვერდით არ არიან და ვერ ხედავენ შენს პირველ შთაბეჭდილებას, ვერ ხედავენ ცისარტყელას შენს სახეზე, ახდენილი ოცნებით გამოწვეულს…
სტეფანწმინდა _ ეს არის ადგილი, სადაც ვგრძნობ, რომ თურმე ამაოდ არ ვოცნებობდი მასზე ამდენ ხანს, თურმე მასზე ფიქრში გატარებული ყოველი წუთი, ყოველი წამი ღირდა… ნამდვილად ღირდა…
…და აი, უკვე მესამედ დავადექი გზას… გზას სტეფანწმინდისაკენ მიმავალს… სიხარულისგან გული ისევ ისე გამალებით მიცემს, როგორც პირველად… ორი წლის წინ… მასთან შეხვედრის მოლოდინით ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც – მაშინ…

აი, სტეფანწმინდაც!
მოულოდნელად  ირმას ვხედავ, რომელიც ორი კვირის წინ გავიცანი და მისკენ გავრბივარ. ირმა ადგილობრივია და მალე იგი მეოთხე შვილს მოუვლენს სამშობლოს. ‘’სამი ბიჭი მყავს: მათე, ლუკა და იოანე.  მეოთხეც ბიჭია და  მარკოზი უნდა დავარქვა.’’ – მეუბნება ირმა. შემდეგ მე ჩემს შთაბეჭდილებებს ვიხსენებ, როდესაც გერგეტის ‘’სამება’’ და ზოგადად, ყაზბეგი პირველად ვნახე. ‘’აქაურობა ისე მიყვარს, არსად წასვლა არ მინდა. ყაზბეგის გარდა ვერსად ვიცხოვრებ. მინდა, რომ ჩემი ყველა შვილი აქ დარჩეს და მთა არ მიატოვოს. ამ მთების, ამ ჰაერის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ. მლეთას როგორც კი გავცდები, მაშინვე სუნთქვა მიჭირს,’’ – აღფრთოვანებული, თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებული გადმომცეს თავის გრძნობებს. ირმას რომ ვუსმენ, ვფიქრობ, რომ ყველა მახევე ასეთი პატრიოტია, ასეთი გულანთებული და იმედი მეძლევა, რომ მთა არასოდეს დაიცლება!
ბევრი ირმა საქართველოს!
…შემდეგ კვლავ დავადექით გზას… გზას, რომელიც ტაძართან მიდის… გერგეტის ‘’სამებისაკენ’’ მიმავალ გზას. ისეთივე აღტაცება, ისეთივე გაოცება, ისეთივე სიამაყე მეუფლება, როგორც – პირველად. იგივე განცდები, იგივე გრძნობები, იგივე ემოციები…

ნინო მანიაშვილი