მთის მწვერვალზე – ცის მახლობლად

მერვე კლასში ვიყავი, როცა აკაკი წერეთლის ,,გამზრდელი” ვისწავლე. პოემები დიდად არ მხიბლავდა არასდროს, მაგრამ მისმა მუსიკალურმა რითმამ ჩემ თავში საპატიო ადგილი დაიკავა. ყველა სტროფს ჩემი ფანტაზიით ვამდიდრებდი. ვერ წარმომედგინა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სახლი, რომელიც იდგა მთის მწვერვალზე და ცის მახლობლად.

მესტიიდან 7 კილომეტრში, ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე დაინახავთ ზუსტად იმ მერცხლის ბუდეს, რომელსაც მთელი ბავშვობა ვეძებდი. ვეძებდი ფილმებში, სურათებზე, ჰორიზონტზე გადატყორცნილ მთებზე… ყველგან, ყველაფრის მწვერვალზე, რაც, ჩემი წარმოდგენით, ცასთან ახლოს იყო.

 

ოქტომბრის ბოლო იყო. ღამის ღამის 12 საათზე გავედით მესტიის მიმართულებით.

მზის ამოსვლას ენგურზე შევხვდით. ღამე ნისლებთან ერთად ორთქლდებოდა, ნელ – ნელა თენდებოდა, ირგვლივ ჭრელდებოდა ფოთლები, მთებზე შეფენილი ხეები. მანქანის ფანჯრები ჩამოვწიეთ, სვლა შევანელეთ, ვუსმენდით განთიადის ხმას, ვსუნთქავდით შემოდგომის ბოლო დღეების სუნს. არსადაც არ გვეჩქარებოდა, ვიცოდით, რომ მერცხლის ბუდეს ჯერ ისევ ეძინა უშბის კალთის ქვეშ.

დაგვათენდა, მესტიასაც მივუახლოვდით

წუხანდელი ნამგზავრი და ღამენათევები ვიყავით, კიდევ 7 კილომეტრი უნდა გვევლო ფეხით აღმართზე. ზურგჩანთა საკმაოდ მძიმე იყო, საჭმელი და თბილი ტანსაცმელი მიგვქონდა.

დავადექით გზას, ყიჟინით, მხიარულად, მხნედ… გზადაგზა მესტია ჩვენს ფეხქვეშ ინაცვლებდა, ზემოდან დავცქეროდით კოშკებს, აეროპორტს… სამაგიეროდ, ვუახლოვდებოდით თეთნულდს, ხანდახან უშბაც დაგვენახებოდა.

დაახლოებით, 3 საათი ავდიოდით ციცაბო აღმართზე. გზად ყველაფერი აჭრელებული იყო, ცეცხლისფერი ფოთლებით იყო დაფარული მიწა, ხეებიც ნელ-ნელა შიშვლდებოდნენ. მთებსაც კარგად წამოუსხამთ თეთრი საბანი. მზე კარგად ანათებდა, ყველა ფერს ამკვეთრებდა, ერთმანეთში ურევდა.

უკვე მივუახლოვდით ფერდობს, სადაც მუხლამდე თოვლი იდო. რამდენიმე საათში წელიწადის 2 დროში ვიყავით – გამოვიარეთ შემოდგომა, რომელიც ისედაც რამდენიმე დღეში წასვლას აპირრებდა და გადავედით ზამთარში. ავიარეთ ფერდობი.

დიახ… მთის მწვერვალზე – ცის მახლობლად დგას მერცხლის ბუდე, რომელიც გასცქერის თეთნულდს, რომელსაც დასცქერის უშბა.

კოტეჯის აივანზე ასული გავყურებდი ხედს და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემია. რომ მე ამ ძალიან დიდ სამყაროში ამ წარმოუდგენელი ბუნების ნაწილაკი ვარ.

გარშემორტყმული მთები კარგად გაგვიმასპინძლდნენ – ჩვენი დანახვისთანავე მოიხსნეს ცოტა ხნით ღრუბლები, ბოლომდე გაწმინდეს ჰაერი და ყველა ერთად გვეპრანჭებოდა. ჩვენ კი ვერ ვარჩევდით, რომელი უფრო ლამაზი იყო, რომელს უფრო უხდებოდა გადათეთრებული თავი.

ამასობაში ვახშმის დროც მოვიდა. ავაგუზგუზეთ ღუმელი, გავშალეთ მაგიდა და შემოვუსხედით.

სიცილ – კისკისში დრო სწრაფად გავიდა. მზე ნელ -ნელა გადადიოდა. ირგვლივ შემოხვეული მთები ააწითლა, ცივი ქარი ჩუმად შემოგვაპარა და სვანეთის ქედს ამოეფარა

ღამით ძალიან აცივდა. ქარი იყო, ცეცხლს არ ვაქრობდით, შეშას შეშაზე ვდებდით. კარგად რომ ჩამობნელდა ჩვენი კოტეჯის აივანზე მთელი გალაქტიკა გადაიჭიმა. უთვალავი ვარსკვლავი, მთვარე, თეთნულდის თავზე ირემმა უფერადესი ნახტომით გადაიარა. ჩვენ ვიდექით ქარში, კბილს კბილზე ვურტყამდით სიცივისგან, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდით ცაში ვარსკვლავებს და ჰორიზონტზე მთების კონტურებს. გაოცებისგან ერთმანეთისთვის სათქმელიც კი აღარაფერი გვქონდა. რეალობაში ცეცხლის ჩაქრობამ დაგვაბრუნა. შემოვცვივდით, სულზე მივუსწარით ბოლო ნაკვერჩხალს. მორიგეობა დავაწესეთ, ვინ რამდენი ხანი უდარაჯებდა ცეცხლს. ყველას ერთ საათში ჩგვეძინა.

ჩვენ ის ღამე 5 მილიონ ვარსკვლავიან სასტუმროში გვეძინა, სადაც დაგვხვდა უდიდესი აუზი, რომელიც სამყაროს იტევდა. ჩვენ გვეძინა საწოლზე, რომელიც ღმერთებმა შეჭედეს. ჩვენ ვიყავით მთის მწვერვალზე – ცის მახლობლად.