პირველად სვანეთში რომ მოვხვდი, პატარა ვიყავი და მაშინვე რაზეც დავიწუწუნე, ინტერნეტი იყო. მერე ერთი საათიც არ დამჭირვებია, ყველაფერი რომ გადამავიწყა ამ როხროხა მთებმა. მახსოვს გაოცებისგან პირი დავაღე და ბოლომდე ასე დავრჩი. ის სამი დღე გამაყრუებელ სიჩუმესა და მთებში ჩაძირული სხვებს დავცინოდი, რა უნდათ ამ ალპებში რომ გარბიან-მეთქი, მაგრამ სხვისით ხომ უფრო იოლად აღფრთოვანდები ადამიანი.
წინა ზაფხულს სვანეთში ათი დღე დავყავი და მარტო უშბის ყურებით ვერ გავძეხი, მწვერვალის ფორმა მაცეტებს, ხან კატას რომ ჰგავს, ხან-ძაღლს, ხან რას და ხან რას… თუმცა, უშბა უშბაა არავის და არაფერს არ ჰგავს. დავბრუნდი თუ არა, მაშინვე გადავწყვიტე სვანეთში დიდი ხნით მემოგზაურა. ზაფხულის მოსვლას სვანეთში წასავლელად ველოდი, და აი, დადგა ეს დღეც! მე და მამაჩემმა ბარგი-ბარხანა ავიკიდეთ და წავედით სვანეთის დასალაშქრად. ჰეშკილში შევჩერდით, მხოლოდ ჩვენი საყვარლი მასპინძელი, ერთი-ორი მწყემსი, მინდვრები ტყეები და მთები და მთები… ჰეშკილიდან პირდაპირ ჰაწვალზე გადავედით, ბოლოს გზა ცოტა გაგვიჭირდა პირველი დღე იყო და დაღლილებმა მაინც არ დავყარეთ ფარ-ხმალი, ადგილობრივების თქმით, ათ წუთში უნდა მივსულიყავით და ჩვენც იმედიანად ,,მივაწუთობდით,, როგორც იქნა , სვანური ათი წუთიც გავიდა. ავაღწიეთ, ისეთი პეიზაჟი გადმომეშალა, აღარაფერი მახსოვდა, აღარც უწყლობა და აღარც დაკბენილი ხელ-ფეხი, ხომ გეუბნებით ეს ადგილი ყველაფერს გადაგავიწყებთ-მეთქი, მეორე დღეს თეთნულდისკენ ავიღეთ გეზი ალპურ ზონაში რომ შევაღწიეთ, დავრწმუნდი, რომ ამ პატარა საქართველოში ყველაფერს ნახავ, ყველაზე მეტად ხასახასა დეკამ გამაგიჟა, ჯერ თურმე სად ვიყავი…
მეორე დღეს ძალიან ადრე გავიღვიძეთ და უშგულისკენ გავეშურეთ, ბევრჯერ მქონდა გაგონილი უშგულზე ყველაზე მაღალი სოფელია კავკასიაშიო, ყველაზე ძველი კოშკებიო და მთებიო. მეც თავს ვაქნევდი მეტი საოცრება რაღა უნდა ვნახო-მეთქი, თურმე ყველაფერი წინ მქონდა. უშგულში შევედით, თუ არა სუნთქვა შემეკრა, არ ვამეტებ, ასე გაშტერებული ვიდექი და ვუყურებდი ბუნებას, აბა, წარმოიდგინეთ სიარულისგან დაღლილი მყინვარის კალთაზე რომ მოიკალათებ, წამოწვები და უბრალოდ არემარეს გაჰყურებ, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ასეთი ადგილი არ არსებობს, უშგული პატარა სამოთხეა მთებში ჩაფლული, ძველ კოშკებს რომ ასე მონდომებით ექაჩება ზევით ცისკენ, რომელიც შენთან ბევრად ახლოსაა, გეგონება, ხელი რომ აწიო, მიწვდები და ერთ ქათქათა ღრუბელს მთელი დღე რომ დაგყურებს, ერთი მაგრად ჩაებღაუჭები. გეგონება ერთმანეთზე გადაბმულ დიდ მწვანე მდელოებს რომ გაჰყოლოდი ზედ შხარას წვერში მოხვდებოდი, რომ არ დაგმიმალოთ შხარაც არაფრით ჩამოუვარდება მართლაცდა უნიკალურ უშბას. ყოველი წამის დაფიქსირება მინდოდა ბოლოს კამერის წკაპუნით საჩვენებელი თითი მტკიოდა ერთი კამერა გადამიხურდა მე კი მაინც ბედნიერი და ბუნებით გაუმაძღარი დავდიოდი სანამ მივხვდი, რომ ყველა ჩამომჩა და ცოტა დედაიწაზეც უნდა დავშვებულიყავი. ალბათ უშგულში დედამიწაზე დაშვება ყველაზე რთული მოთხოვნა იქნებოდა ჩემთვის რაც კი ადამიანს შეიძლება ეთხოვნა. ოლოს ჩემი ფოტოგრაფიული მოთხოვნლებებიც დავიკმაყოფილე და დანგრეული კოშკის ზედა სართულიდან ვუცქერდი არემარეს ვერც კი გავიაზრე ისე შემომოგვაბინდდა მე და უშგულს, ბინდშიც არ გაგვჭირებია ერთმანეთის ყურება.
ელენე ბენაშვილი