პატარა სამოთხე

შეკვეთილი

ზღვასთან ახლოს ცხოვრება ჩემი ოცნებაა. ზოგიერთს ზღვა მხოლოდ ზაფხულში ახსოვს.  მხოლოდ მზიანი ამინდების დროს უყვარს. მე კი ზამთარშიც მომწონს, როცა წვიმა მოდის, როცა ქარი ხელის თითებს მიყინავს, როცა ზღვის პირას ქვიშას ათოვს. არ ააქვს მნიშვნელობა ზღვა გამჭირვალეა, მომწვანო ფერი დაჰკრავს, თუ ლურჯი, დილის ექვსი საათია , საღამოს შვიდი, თუ ღამის თორმეტი. ზღვა პეიზაჟია, რომელიც მიყვარს. ახლა, რომ მკითხონ დროს სად გააჩერებდი, სად დარჩებოდიო შეკვეთილს ვეტყოდი. ახლაც აქ ვარ. ნაზი ბრიზი ხვეულ თმებს მიფრიალებს, ნარინჯისფერი მზე მათბობს, ლურჯი ზღვა  მეძახის.

როგორც ჩემი უცხოელი მეგობარი, რომელიც აქ შემთხვევით მოხვდა  ამბობს აქაურობა მართლაც დამალული, პატარა სამოთხეა, რომ გეკითხა მისთვის, ვერ აგიხსნიდა რით შეაყვარა თავი ამ პატარა სამოთხემ . მე კი, ზუსტად ვიცი, რითი იმსახურებს გურიაში დამალული სამოთხე სიყვარულს. უნიკალური მაგნიტური ქვიშა, კაშკაშა მზე, კრისტალური, თბილი ზღვა, მაღალი წიწვოვანი ხეები და მისი არომატით გაჟღენთილი ზღვის ნიავი.

ბედნიერია ადამიანი, რომელიც გაიცნობს აქაურობას, რომელიც ამ ჰაერს ერთხელ მაინც შეიგრძნობს, რომელიც სველი ფეხებით უნიკალურ ქვიშაზე გაირბენს, რომელიც თბილი ზღვის დაძახილზე, მისი ნაწილი გახდება. ბედნიერია ადამიანი, რომელიც შეკვეთილში ერთხელ მაინც მოხვდება, რომელიც მოგონებებს აქ შექმნის და არასდროს დაივიწყებს!

მინდა ჩემი ბედნიერების ნაპერწკალი თქვენც გაგიმხილოთ და გაგაცნობ ადგილი, რომელიც ჩემი სულის ნაწილი გახდა. შემიძლია გითხრათ, რომ აქ იყო პორტი, სადაც ოსმალეთის იმპერიის გარნიზონი იდგა , გურიის საცხენოსნო ტრაციციებზე შემიძლია „ვიტრაბახო“ ან მასთან ახლოს მდებარე პარკი „ციცინათელით’, მაგრამ არამგონია ამით მოგხიბლოთ ან ამით გავხადო ეს ადგილი თქვენთვის დაუვიწყარი.

ზღვაში ყოფნისას ქვიშის იქით ხეების ოჯახს დაინახავთ. თითქოს ერთმანეთზე გაბრაზებულები უყურებენ ერთმანეთს. ტოტები ყველას ცისკენ აქვს გაშვერილი, თითქოს მთელი ძალით ცდილობენ ცისთვის ხელის მოკიდებას.

საღმოს შგიძლიათ ნახოთ, როგორ მშვიდად ჩადის  ვითომ უსასრულო ზღვაში წითელი მზე. ის ნელ-ნელა იძირება, ძალიან ნელა , ვერც შეამჩნევ , რომ მოძრაობს. ტალღები მეჩურჩულებიან, მათკენ მიხმობენ, მეც თამამად ვდგები. გამჭირვალე წყალში ჩემს ფეხებს ვაკვირდები. ტალღები მეფერებიან. რა იქნება თუ მზე აქ გაჩერდება, ზღვის ბოლოს, ნახევრად ჩაძირული?  ვიხსენებ ხუთი წუთის წინ სულ სხვაგან იყომეთქი და ვხვდები, მზე მოძრაობს, მზე იძირება, ფერები ირევა, ბრიზი ძლიერდება. ვცდილობ წამითაც არ გავიხედო გვერდით, თუ გავიხედავ მზე ჩაიძირება, გაიპარება. თვალს არ ვაშორებ თვითონაც მიყურებს. ადრე მეგონა ცხელოდა და ზღვაში ამიტომ ჩადიოდა. ახლა? ახლა ვიცი, მეჩვენება. ვიცი, მზე არსად მიდის, ჩვენ ვბრუნავთ. იქნებ, არც უნდა მცოდნოდა. ისევ გამომრჩა. ისევ გავიხედე და ჩაიძირა. მზე ჩავიდა და ზღვაც აღარ იყო ისეთი ნათელი.იმედიმაქვს თქვენც არ გაგეპარებათ.

აქ ფერები უფრო მკვეთრია, ყველა სეზონი უფრო ლამაზია, ცა უფრო ლურჯია, მზე უფრო ცხელი, ვარსკვლავები უფრო კაშკაშა, ხალხი უფრო თბილი. ეს არის მიზეზი რის გამოც ეს ადგილი არასდროს დამავიწყდება .

Tags: