ზაფხულის ხვატში, როცა თბილისში სიცხის მაჩვენებელი მაქსიმუმს აღწევს და სუნთქვა გაუსაძლისი ხდება, რა შეიძლება, ინატრო, თუ არა სიმწვანეში, წყალთან ახლოს ყოფნა. 2014 წლის ზაფხული იდგა და დედაქალაქის ერთფეროვნებით შეწუხებული რვა მეგობარი სადმე გაქცევის გეგმას ვამუშავებდით. გადაწყდა, გეზი ჩემი დედულეთისკენ-სამეგრელოსკენ უნდა აგვეღო და ჩანჩქერტური მოგვეწყო. მოგზაურობა ახალი შეგრძნებების მიღების, ადგილების აღმოჩენისა და კულტურის შეცნობის აპრობირებული გზაა და მას უმეტესად ისინი მივმართავთ, ვისაც სიახლეები გვიზიდავს და რუტინა გვღლის. სალაშქრო გეგმა გავწერეთ, მოსანახულებელი ადგილები განვსაზღვრეთ, ლაშქრობისთვის აუცილებელი ატრიბუტიკა შევკარით, ორ მანქანაში გადავნაწილდით და ახალი თავგადასვლის საძიებლად დასავლეთისკენ დავიძარით. ლიხს იქითა საქართველოს მშვენების აღქმა უპირველესად გზად შემხვედრი ეზოებით იწყება. კოპწია და დავარცხნილი, ეს ის განსაზღვრებებია, რაც მის შემყურეს თავში გებადება. თითოეული ეზო საგულდაგულოდ მოვლილი და გამწვანებულია, თითქოს მასში თავმომწონე დასავლელი კაცის ბუნებაც ზედმიწევნით ირეკლება; მეზობლის გულის გასახეთქად გაჭირვებას რომ არ შეიმჩნევს, მისი ჯიბრით უფრო თვალშისაცემ ოდას წამოჭიმავს, საკუთარ ალაგს გულიანად შეალამაზებს, ყვავილებითა და ხეხილით მორთავს და შინაურ ფრინველსა, თუ ცხოველსაც მოაშენებს. დიახ, ასეთია დასავლელი კაცი: ამაყი, ამბიციური, საკუთარ ოჯახსა და ალაგზე თავგადაკლული. გზად ტურის თავკაცის მამულეთში-მათხოჯში შევიარეთ და დედათა მონასტერი მოვინახულეთ. გადმოცემის თანახმად, სოფლის სახელწოდება სიტყვა „მათხოზიდან“ მომდინარეობს, რომელიც დადევნებას ნიშნავს და მისი ეტიმოლოგიური წარმომავლობა ცხენისწყალზე გახშირებული ცხენების მოპარვის ტრადიციასთანაა დაკავშირებული. ქურდებს მოპარული საქონელი მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავდათ და მდევრები ერთმანეთს „მათხოზის“ ძახილით აგულიანებდნენ. მონასტერი დაკეტილი დაგვხვდა, ამიტომ მხოლოდ ეზოში არსებული საფლავების დათვალიერებით შემოვიფარგლეთ და დანიშნულების პირველი პუნქტისკენ-მარტვილისკენ დავიძარით. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მოხვედრა საბჭოთა დროინდელი საბაგიროთია შესაძლებელი, შედიხარ საუკუნოვარ კაბინაში და რამდენიმე წუთში სამონასტრო კომპლექსის ეზოს შესასვლელთან ხარ. მონასტრისეული სიმშვიდე გადამდებია, სოციუმს მოწყვეტილი, ირგვლივ არსებული ჰარმონიის აღქმას უფრო მძაფრად იწყებ. კომპლექსი მთავარი ტაძრის, ჩიქვანების ეკლესიისა და საპატრიარქოს რეზიდენციისგან შესდგება. ისტორიული წყაროების თანახმად, წარმართები ჭყონდიდს, ანუ დიდ მუხას, დედისერთა ჩვილებს მსხვერპლად სწირავდნენ. ეზოს შუაგულში მდგარი ხის ჩეროში ჭაღარაგარეული წინამძღვარი ზის. დაუპატიჟებელი სტუმრების დანახვაზე თვალები სიხარულით ენთება და ჩვენთვის სიამოვნების მოსანიჭებლად მზადაა, მონასტრის თითოეული კუთხე-კუნჭული მოგვატაროს. გვიყვება მონასტრული ცხოვრების წესისა და თავად მონასტრის ისტორიის შესახებ, რვავეს გრძელ კაბებში გვმოსავს და მოსალოცად მიგვიძღვის. ყურადღებას დასავლეთის კარის თაღში შემორჩენილ მოზაიკის ფრაგმენტზე გვამახვილებინებს, რომელზეც წელსზევითა ღვთისმშობელია გამოსახული, ყრმა იესოთი ხელში. მოლოცვის შემდეგ თანატოლივით გვიჯდება და უშუალო კავშირის დამყარებას ცდილობს, თავზე გადამხდარი სასაცილო ისტორიების მოყოლას გვიწყებს. მისი დადებითი აურა გამოვლილი გრძელი გზის დაღლილობას მალევე გვავიწყებს და ამქვეყნიურ ამაოებას ვწყდებით. რელაქსაციის მიზნით ეზოს მდელოზეც ვიშოტებით და მზის სხივებს სახეზე ლამუნის ნებას ვრთავთ. დროის შეგრძნება დაკარგულებს მზის გადასვლა გვაფხიზლებს და გვახსენებს, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სანახავი. მოძღვარს მასთან ხელმეორედ სტუმრობის პირობას ვაძლევთ და საბაგიროთი ისევ უკან ვბრუნდებით. პირველი დღის გეგმა მოითხოვს, რომ წაჩხურის ჩანჩქერისა და მამათა მონასტრის ნახვაც მოვასწროთ. წაჩხურს შებინდებისას მივუსწარით, თუმცა სამწუხაროდ, ტაძარი დაკეტილი, ხოლო ჩანჩქერის ალაგს საცოდავად მოწანწკარე ნაკადული დაგვხვდა. საბედნიეროდ, ეს ტურის უკანასკნელი იმედგაცრუება აღმოჩნდა. დღის დასასრულს, ბალდის საჯარო სკოლის ეზოში დაბანაკებულებს, ჯერ კიდევ ვერ წარმოგვედგინა, წინ რამდენი საოცრების ხილვის ბედნიერება გველოდა.
გამთენიისას ავიბარგეთ. ვინაიდან მაღაზიას ვერ მივაგენით, პურის სათხოვნელად ფიფიების ოჯახს მივადექით. მასპინძელოს დაძახებაზე სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალმა გამოგვხედა და შეიტყო რა ჩვენს გასაჭირზე, როგორც მეგრელებს სჩვევიათ, უმალ დაფაცურდა, მხოლოდ ახლად გამომცხვარ პურს ხომ არ დასჯერდებოდა, მთის „სილეგინი“ და თაფლიც გვისახსოვრა. მშვიდობიანი გზა გვისურვა და სანამ ორღობეს მივეფარეთ, ჭიშკარს არ მოშორებია. გეზი ბალდის კანიონისკენ ავიღეთ. ადგილზე მისულებს თვალწინ კირქვულ ქანებში განთავსებული სამოთხე გადაგვეშალა. კამკამა წყალი, რომელსაც ალაგ-ალაგ შაბიამნისფერი დაჰკრავს. ქანებზე მოდებული ხავსი. სიმწვანეში ჩაფლულ კანიონში ჩაპარული ურჩი მზის სხივები. ჩვენი აღფრთოვანებული ყიჟინა და გაყინული წყლის ტოპვისგან ამოხდენილი ბგერები.
წყლის ენერგიით განახლებულები, ონიორეს ხეობისკენ დავიძარით. მოვილაშქრეთ ტობას კასკადოვანი ჩანჩქერი, რომელიც სამასზე მეტი საფეხურისგან შესდგება, პატარა ტობა, ოგურგენჯი და ცისარტყელაში გახვეული ონიორეს ჩანჩქერი.
ჩემს თვალწინ გადაშლილი სანახაობით დამუნჯებულს, არც მეჯერა, რომ ეს ის სამეგრელოა, სადაც ცხოვრების ნახევარი გავლიე და მეგონა, ზედმიწევნით ვიცნობდი. ხავსმოდებულ ტყეში გადაადგილებისას, ხვდები, თუ რა გახდა მეგრული მითოსის პერსონაჟების ინსპირაცია. იმის ალბათობასაც უშვებ, რომ ეს ყველაფერი მითი კი არა, სინამდვილეა და მუდმივად იმის მოლოდინში ხარ, ოჩოკოჩი, ტყაშმაფა ან სულაც წყლის დედა არ გამოგეცხადოს. ემოციები ერთმანეთში გერევა, ხან ბავშვურად აღფროვანებულს გინდა, სიხარულისგან შეხტე, მაუგლივით ტოტებზე კონწიალი დაიწყო, ან ჩანჩქერს შეუვარდე და დასიცხულმა დაღლილობა მხრებიდან ჩამოირეცხო, ხანაც თავი ენტების სამფლობელოში წარმოგიდგენია და სურვილი გკლავს, საუკუნოვან ხეებს ადამიანებსა და ბუნებას შორის არსებულ დაპირისპირებაზე ესაუბრო. გაოცება, სიხარული, აღტაცება ერთმანეთში გერევა და გავლილ ათობით კილომეტრსაც გავიწყებს, ამ საოცრების სანახავად ფეხით რომ დაფარე.
ბალდას შებინდებისას დავუბრუნდით და საღამოს ზუგდიდში მეგობრის სახლში დავბანაკდით. ტყეში გავარდნილებს თბილი შხაპის გადავლება და ადამიანური სახის დაბრუნება, ნამდვილად გვჭირდებოდა. საერთოდ, ლაშქრობის მოყვარულ ადამიანებს, კომფორტის ზონიდან ვერ გასულები, ეჭვნარევი თვალით გვიყურებენ ხოლმე და გულწრფელად უკვირთ, როგორ შეიძლება, დღეები, ან თუნდაც კვირები, რბილ საწოლსა და ოჯახურ სიმყუდროვეს მოსწყდე, ქვეშაგებს პარალონი, საბანს საძილე ტომარა, სახლს კარავი, ბუხრის პირას გაზულუქებული ფისოსავით წოლასა და ღვინის წრუპვას კი მეგობრების გარემოცვაში კოცონს მიფიცხება ამჯობინო. ალბათ, ბუნების შვილად უნდა დაიბადო.
კულმინაცია მესამე დღეს ნანახი ინწრის ხეობა და ჩანჩქერი აღმოჩნდა. მოგზაურობის მოყვარულები ხშირად ვიმეორებთ ხოლმე, სიტყვები ნანახს ზედმიწევნით ვერ გადმოსცემს და ვერც ფოტო მასალა ასახავს ზუსტ რეალობას. ინწრაც ის შემთხვევაა, ერთხელ მაინც რომ უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ. იმედია, წვიმის ღმერთი თქვენთვისაც გულმოწყალე აღმოჩნდება, წყლის ნაყვას ზუსტად მაშინ დაიწყებს, ინწრის ჩანჩქერს რომ დალაშქრავთ და ლაგუნაში მარგალიტებად მიმობნეულ წვიმის წვეთებს იხილავთ.
ტურის დასასრულს ანაკლიას ვესტუმრეთ. ბულვარში ზოლად ჩამწკრივებული თავმომწონე პალმები. მღელვარე ზღვა. ზღვაში ჩაღვრილი მზე. სანაპიროზე გაშლილი კარვები და სინანული, რომ სამ დღიანი ზღაპარი მალე მოგონებად იქცეოდა. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, მაგრამ ემოციები დღემდე უცვლელია და სამეგრელოს ხსენებაზე მყისიერად ჩანჩქერტური მახსენდება. რა შემიძლია გირჩიოთ, როგორც რიგითმა მოგზაურობის მოყვარულმა? ერთხელ ნახვა სჯობს, ათასჯერ მოყოლილის სმენას!