არტანუჯიდან თუ ხანძთიდან აღქმული მარადისობა

  • Home
  • ბლოგები
  • არტანუჯიდან თუ ხანძთიდან აღქმული მარადისობა

რაც უფრო უახლოვდები, მითიური სამყაროც რეალურ სამოსს ისხამს. რთული და, ამავდოულად, ფუჭი საქმეა  სიტყვით გადმოცემა მთებზე ტერასებად შეფენილი იმ ქალაქ-სოფლების სახე-იერისა, რომლის უძველეს ძეგლებშიც გამჟღავნებულია ეპოქები.
ფანჯრებიდან გავცქეროდით ტაო – კლარჯეთისკენ მიმავალ გზას. ჯერ იყო ქემალფაშა, ძველი მაკრიალი, ხოფა… მერე ბორჩხა გამოჩნდა. ხევაიში მივდიოდით, ტაოში.. თუმცა მანამდე არტანუჯი გველოდა – ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთის ცენტრი, რომელიც მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე. დადებითი მუხტი მთელი ექსპედიციის განმავლობაში გაგვყვა თითოეულს; ალბათ, ეს კარგად იცოდა ექსპედიციის ხელმძღვანელმა და ჩვენი ექსპედიციაც სწორედ იქედან დაიწყო.
შთაბეჭდილებებით სავსეებს ხევაიში, იუსუფელის რაიონის მაღალმთიან სოფელში, სასტუმრო “მასისში”, გულთბილი მასპინძლები გველოდნენ.. იქ იყო: ეგზოტიკური კერძები, სიმღერა, ცეკვა, თამაში, აზიურად ფეხმორთხმული ღამის სასიამოვნო საუბრები.. ყველა მომდევნო დღის დაგეგმვა და განსხვავებული სიზმრები.
სამუშაო დღეები ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო, ცოტა დამღლელიც, მაგრამ სასიამოვნოდ. ექსპედიციის მონაწილეები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილები. თითოეულ ჯგუფს თავისი ხელმძღვანელი ჰყავდა და სხვადასხვა სოფელში მიდოდნენ ტექსტების ჩასაწერად. ყოველი დღე საინტერესო იყო. რესპოდენტებიც ადვილად შემოდიოდნენ კონტაქტში და ციცინათელებიანი თვალებით ჩვენც ბევრ შეკითხვას გვისვამდნენ. ტექსტის ჩასაწერად მისულ ექსპედიციელებს, თითოეული ოჯახიდან წამოსულებს, დიდი სითბო და კვლავ დაბრუნების იმედით გამოცილებული მზერა მოგვყვებოდა.
სამუშაო დღეების გარდა, სასიამოვნო და შთამბეჭდავი ექსკურსიები გველოდა. მოვინახულეთ ჩვენი წინაპრების მიერ ნასათუთევი ტაძრები… ოშკი – მისი ნახვა ახდენილი ოცნებაა, ალბათ, ნებისმიერი ქართველისთვის.. ტაძარი, რომლის თითოეული ქვა საუკუნეებისმიღმიერი თვალებით იმზირება… ტაძარი X საუკუნის 50-60იანი წლებშია შექმნილი…; იშხანი – ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.. მიდიხარ და ტაძრამდე მისასვლელი გზა თითქოს არ თავდება.. ინტერესი თანდათან მძაფრდება ექსპედიციის წევრთა შორის.. მოლოდინით სავსე თვალებით გავყურებთ ჰორიზონტს.. იქნებ გამოჩნდეს… გამოჩნდა! და ხილული წარმოდგენილს ბევრად აჭარბებს.. ეს მართლა საოცნებო სამყაროა.. ოაზისი, რომელიც გაუდაბურებული გზის საოცარი დასასრულია.. არცერთ ჩვენგანს არასდროს დაავიწყდება იშხნის საკურთხეველი, გუმბათი, მისი ქართულობა და ის სიმშვიდე, რომელიც ამ ტაძარს მოაქვს მნახველებისთვის…;  პარხალი – ულამაზესი სამონასტრო კომპლექსია ისტორიულ ტაოში.. აგებულია X საუკუნეში, დავით III კურაპალატის მიერ.. ტაძართან მისვლამდე პატარა მდინარე გვხვდება, საოცრად კამკამა, გამჭვირვალე წყლით.
ზუსტად ვიცით, რომ ეს ადგილები არასოდეს დაგვავიწყდება. ყველა ჩვენგანს ეჩვენება, რომ ძველი ქართული ტაძრების მონახულებისას მათ ვაცოცხლებთ თითქოს..
ხახული – ისევ საოცნებო სამყარო.. აღფრთოვანების კიდევ ერთი მიზეზი.. სასიამოვნოდ დამღლელი ემოციების სიჭარბე _ თანმხლები გულისტკივილით.. ხახულს ძველი ეშხი ისევ ისე აქვს, ოღონდ იქ “სხვათა” ლოცვები ფხიზლობენ, ქართული აღარ.. არადა, ეს ის ტაძარია, უმშვენიერესი “ხახულის ღვთისმშობლის” სამყოფელი.. იმედი მაინც რჩება – დრო ყველაფერს ცვლის, ესეც შეიცვლება, ოდესმე…; ოთხთა – კიდევ ერთი ქართული ხოროთმოძღვრების ზეიმი იქეთა საქართველოში. აგებულია X საუკუნეში. განსაკუთრებულ განცდებს იწვევს მისი ნახვა…  ხავსმოდებული კედლები, გუმბათი, მიწაში ჩამალული საძირკველი.. ეს ტაძარი ჟამთან ბრძოლის სახეა,  ქართული სახე.. ყველა კუთხის ნახვას ვახერხებთ, ვიმახსოვრებთ. თანდათან გვიყვარდება და ვხვდებით – კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება გაგვყვება მთელი ცხოვრების მანძილზე…; ხანძთა — შუა საუკუნეების ქართული მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, რომელიც დააარსა სასულიერო მოღვაწემ, გრიგოლ ხანძთელმა. ტაძართან მისასვლელად ფეხით დიდი და რთული გზაა გასავლელი, მაგრამ იმ ემოციად ღირს, რომელიც იქ გეუფლება. იქვე წყაროა, სადაც ყველაზე გემრიელი გეჩვენება წყალი…; ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, მდებარეობს მდინარე იმერხევის მარჯვენა ნაპირზე. ტაძარი იმდენად დაზიანებულია, რომ ექპსედიციელები ჩუმად ვართ… ყველა მხოლოდ ვუყურებთ.
თითოეულის  მონახულება ექსპედიციის მონაწილეთა გონებაში აშკარად სხვადასხვა განცდას იწვევს. თითქოს არ უნდა გეცალოს სხვების თვალების შესამოწმებლად, მაგრამ ყველას თვალებს ამოწმებ ინსტინქტურად. ხედავ: ზოგს ენანება, ზოგს უბრალოდ მოსწონს.. ზოგს უკვე მონატრებია.. ზოგმაც უკვე იცის, რომ წასვლისთანავე მოენატრება.. მაგრამ ყველამ იცის, რომ წარსულს ხედავს და შესაძლოა, მომავალსაც… და ყველას თვალებში ჩანს: “ეს ჩემია!”
ექსპედიციელების თვალების შემდეგ ღია გუმბათებიდან ვუყურებ ქართულ ცას, სადაც ქართველ წინაპართა თვალებსაც ვხედავ..
მერე იყო ტბა გორჯი გოლი/გურჯი გოლი, ტაოში. ყველა მთის იქით ველოდით სანატრელ ტბას, მაგრამ არ ჩანდა, ბოლოს, ვიდრე გამოჩნდებოდა, მიწაზე თოვლი დავინახეთ. გაკვირვებისგან ემოციის გამომხატველ საოცარ ხმებს გაიგონებდით. თოვლზე დავდექით და ვიფერხულეთ.
სანამ ტბასთან მიხვალ, მთებზე ნისლია, დეკაა მწვანედ აბიბინებული. ჩვენც ამ დროს სიმღერა გვინდება და ვმღერით კიდეც.
ტაძრებისა და გორჯი გოლის/გურჯი გოლის ნახვით მიღებული შთაბეჭდილებები არ ნელდება და იმერხევში, სათავის ფესტივალზე მისულებს ახალი ემოციები გვეუფლება, თუმცა განწყობა და ემოცია აქ მხიარულია, თვალებიანად რომ გაგაღიმებს, ისეთი.
სათავის ფესტივალს ხანგრძლივი ისტორია აქვს: ზოგ სოფელში ამ დღესასწაულს მარიობა ჰქვია, ზოგან შუანთობას ეძახიან (< შუა მთობა); თურქულ ოფიციალურ ინფორმაციებში დღესასწაულის სახელია კავკასიური ფესტივალი. ფესტივალისთვის აქ თურექეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ამოდიან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც, იშვიათად. დღესასწაული ძალიან შთამბეჭდავია, იმართება კონცერტები, ბაზრობები და ფესტივალის ყველაზე მთავარი ნაწილი – ფერხულობა, სადაც ერთიანდება ორი კულტურა – ქართული და თურქული.
ფესიტივალიდან წამოღებული ემოცია შინ მივიტანეთ და იმერხევში, ჩვენს გულთბილ მასპინძლებს გავუზიარეთ. ტაო – იმერხევში მიღებული შთაბეჭდილებები კი ბორჩხაში წავიღეთ, სოფელ ქლისქურში, ასევე ღიმილიანი და თბილი მასპინძლის სასტუმროში. ასე გულიდან-გულში გადატანილი კეთილი ემოციებით სავსე დღეებიც მალე გავიდა, მერე სახლისაკენ გზას დავადექით და ახლა ეს შთაბეჭდილებები აქეთა საქართველოს ჩამოვუტანეთ.
კიდევ ბევრი დარჩა სანახავი… მაგრამ მე მგონია იქაური ვარ. იქაური მიწისგან მოზელილი. და მე იქ კიდევ ბევრჯერ წავალ. დოჩანაშვილის წაუკითხავ/წასაკითხის სიამოვნებისა არ იყოს, აწი სანახავის სიამოვნებით აქედანვე დავტკბები.
ისევ: ისინი იქით, ჩვენ – აქეთ. ვტოვებთ საზღვარს.
გზად: თავს ვეღარ ვუყრით ქარიშხლით მონაბერ საქართველოს. ექპსედიციელები ვცდილობთ ერთმანეთს გავუზიაროთ ემოციები, მაგრამ სულერთია, ვერც ნაგრძნობ – განცდილს  გამოთქვამ სრულყოფილად, ვერც ახალს იტყვი რამეს, ამიტომაც დუმილს ამჯობინებ. გინდა შენში დარჩეს ნანახი – არტანუჯიდან თუ ხანძთიდან აღქმული მარადისობა.
გახსენდება:
ღმერთო, რა უკვდავი სიტყვა გითქვამს – ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!