იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ქვეყანა, დიდი ისტორიით. იყო თავისთვის, ორ ზღვას შუა, კავკასიონის ქედის ჩრდილს ამოფარებული და ცისფერზე ცისფერი ცით გადახურული. წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ იცვლიდა სამოსს და მაინც ერთსა და იმავეს ვერ დაუნახავდით, ყოველთვის რაღაც დეტალს ცვლიდა, ყოველთვის, ყოველდღე, ზოგჯერ, დღეში რამდენჯერმეც კი. მისი ხასიათის ცვლილება თვალშისაცემი იყო ყველასთვის. ერთ ადგილას მდგარი და მაინც დაუდეგარი. მრავალფეროვნება – აი, რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი.
ერთ დღესაც, მოულოდნელი სტუმარი ეწვია. როგორც სჩვეოდა მომღიმარი დახვდა. შინ მიიწვია, ნამგზავრი და მშიერ-მწყურვალი დააპურა და მოსასვენებლად ოთახი გამოუყო.
საღამოს, სასეირნოდ წაიყვანა და პირველ რიგში დედაქალაქი დაათვალიერებინა.
თბილისი – მართლაც, რომ თბილი და ნოტი „სი“-სავით ჟღერადი. ძველი უბანი, აივნიანი ფასადები და კლდეზე გადმოკიდული სახლები. უძველესი ტაძრები და ისტორიული ძეგლები. მწვანეში ჩაფლული ბაღი და სკვერები. ვიწრო და ქვაფენილიანი ხალხმრავალი ქუჩები. ყველგან რომ იგრძნობა, ენით აუწერელი თითქოსდა სიძველე, თითქოსდა სიდიადე. სტუმრის გაფართოებული თვალები, გაოცების გამომხატველი შორისდებულები. მასპინძლის სიამაყით სავსე მზერა. დღის ბოლოს კულმინაცია. ქართული სამზარეულო. ღვინო. ტრადიციული სადღეგრძელო. ჩახუტება და მოფერება. მეორე დილას, კი გონზე მოსული სტუმრის პირველი ქართული ფრაზა: „ბოლო ჭიქა არ უნდა დამელია“ და მასპინძლის მონაყოლი სახალისო ისტორია წინა საღამოს შესახებ, რა თქმა უნდა, გაბუქებულ-გაზვიადებული ეფექტებით.
მეორე დღემ, სრულიად, ახალი შთაბეჭდილებები მოიტანა. მასპინძელი, მწვანედ შემოსილი, სხვადასხვა ფერის ყვავილებიანი მოსასხამით, სტუმარს მთებისაკენ გაუძღვა. ვიწრო პატარა ბილიკები, გალაღებული ბუნება. მზის მცხუნვარე სხივებთან ერთად, ჰარმონიულ დუეტში მომღერალი, მოუსვენარი, გრილი ნიავი. ონავარ ღრუბელთა უსინქრონო ცეკვა და დაუსრულებელი მხიარულება. ცხენოსანთა მედიდური ჯირითი კლდოვან ბილიკებზე. უხიდო მდინარეზე, სველ ქვებზე მოხტუნავე მოგზაურები. მწვანე ხალიჩაზე კლდიდან გადმოღვრილი თეთრი და ქათქათა მთის მდინარე, ხმაურიანი, ბობოქარი, ცოტა შიშის მომგვრელი, აღელვებული და აჟიტირებული. სოკოებივით ამოსული ქვის კოშკურები შორეულ მთათა ფერდობებზე. მათ სარკმელებში არეკლილი და საუკუნოდ შემონახული თითოეული კონცერტი, სხვადასხვაგვარად შესრულებული, ყოველ ჯერზე განახლებადი მონაწილეებით. თვალებგაფართოებული სტუმრის ბედნიერი და კმაყოფილი სახე და მასპინძლის ტრიუმფი.
ფანჯრიდან შემოსული ნოტიო ჰაერი ბათუმის აღმოჩნდა. ზღვისა და ცის ქალაქის. ატირებული დახვდა სტუმარს მასპინძელი, მონატრების ცრემლებს ვერაფერი მოუხერხა ნაცრისფერ ხალათში გახვეულმა. სწრაფად მოუყვა თავისი ამბავი ავტომობილების ხმაურსა და პორტიდან მომავალ ხმათა ფონზე. გული დაიცალა, ნაპირზე გადმოისროლა მთელი თავისი საფიქრალი და სადარდებელი. პასუხად, სტუმრის მშვიდი და სანდომიანი ხმა გულს მოეფონა, ჯერ გაიღიმა, მერე ნელ-ნელა ცრემლები ჩამოიწმინდა, რუხი და სევდისფერი გადაიყარა, ლურჯ საცურაო კოსტუმში გამოეწყო, ოქროსფერი მოსასხამი მხრებზე მოიგდო, თეთრ პირსახოცს ხელი დაავლო და ფეხშიშველი გაუძღვა სტუმარს სველი კენჭებით მოფენილ პლაჟზე.
შემდეგ? შემდეგ, დღე დღეს მისდევდა. სტუმარი მასპინძელს. საათობით ისხდნენ ჩრდილქვეშ პაპანაქება სიცხეში რომელიმე პატარა სოფელში. ახალმოთიბული ბალახის სუნით გაჟღენთილ ჰაერს ხარბად ისუნთქავდნენ. პატარა ბავშვების ჟრიამულს თვალყურს ადევნებდნენ და სადღაც ბავშვობაში იკარგებოდნენ.
მაღალი მთიდან სიამაყით გადმოსცქეროდნენ ქვემოთ დარჩენილ სოფლებს, ქალაქებს, ტყესა და მინდვრებს. აღფრთოვანებით შესცქეროდნენ ცაში მონავარდე ჩიტებს, ფრენა რომ შეეძლოთ და ოცნებაში იკარგებოდნენ.
წელში მოხრილი დაძვრებოდნენ კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულებში, ოდესღაც ბერების თავშესაფრად რომ ქცეულიყო. უკვირდათ და იხსენებდნენ სხვადასხვა ისტორიებს, საუკუნეების განმავლობაში რომ გადმოეცემოდათ მემკვიდრეობით შთამომავლებს. ასე, თანდათან, შორეულ წარსულში იკარგებოდნენ.
ბავშვივით, თოვლში კოტრიალით ირთობდნენ თავს. საკუთარ, მსუბუქ კვალს ტოვებდნენ სამთო-კურორტზე. ყინულის ნატეხებს ათასგვარ ფორმას მიაწერდნენ, საღამოს გაყინულები თბილ ღუმელს მიეფიცხებოდნენ, ცხელ ჩაის მიირთმევდნენ და სასიამოვნოდ დაღლილები, ტკბილ სიზმრებში იკარგებოდნენ.
სიზმარიც სიზმარს მისდევდა. და ერთ დილასაც, დაეწივნენ დღეს, დღეს, როცა ერთმანეთს უნდა დაშორებოდნენ. ხანგრძლივი თანაცხოვრებისა და თავგადასავლების შემდეგ, წარმოუდგენლად მიაჩნდათ უერთმანეთობა. გაიხსენეს წინა საღამო, როცა, შავით შემოსილები, აკიაფებული ვარსკვლავების ფონზე, მდუმარედ იდგნენ და გულში, ერთად ყოფნის უკანასკნელ წამებს ითვლიდნენ. მოულოდნელად, ვიღაცამ ერთ-ერთ შორეულ ვარსკვლავს ხელი დაავლო და გაიტაცა. სტუმარ-მასპინძლის მზერაც, მაშინვე სინათლეს გაეკიდა. წამოეწივნენ თუ არა, სიბნელეში მანათობელმა ბოლოჯერ გაიბრძოლა, გაიბრდღვიალა და უბრალოდ გაქრა. ის კი გაქრა, მაგრამ, მათ მაინც მოასწრეს. მოასწრეს და ერთმანეთს გაუღიმეს.
და დილით, როცა თითქოს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, ჩაფიქრებული სურვილი ახდა. ორივემ შავი სამოსი გადაიყარა, ხელი ხელს ჩასჭიდა და მზიან მომავალში ერთად გადაიკარგა.
ლხინი – იქა, ლხინი – აქაც,
ფქვილი – იქა, ფქვილი – აქაც.
ასე, თავისებურად, დაასრულა ზღაპარი მოხუცმა და ჩაძინებულ შვილიშვილს, თავზე ის ხელი გადაუსვა, წარსულიდან მზიან მომავალში, რომ გადმოჰყვა.