“ჯორჯია”, “გრუზია”, “ხეორხია”, ეს ის გარესახელწოდებებია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენს სახელმწიფოს – საქართველოს მისი სტუმრები და სხვადასხვა სახელმწიფოს მკვიდრნი მოიხსენიებენ. უძველესი კულტურის მატარებელ საქართველოში არ უნდა გაგვიკვირდეს კულტურული ტურიზმის ასეთი მასშტაბური გამოვლინება. სწორედ კულტურა და სანახაობა ხდის ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს გარშემომყოფებისთვის და ხელმისაწვდომს ნებისმიერი მსურველისთვის, რაც ტურიზმის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
საქართველოში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი, ჩემი აზრით, სწორედ რომ “ძველი თბილისია”. ეს არის ადგილი, სადაც მოხვედრისას ყოველთვის მიჩნდება სურვილი ფოტოაპარატით ხელში დაუსრულებლად ვიარო თბილისის ძველ ქუჩებში და თვალი შევავლო იმ არქიტექტურულ ნაგებობებს, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიოს უძველეს კულტურათა შორის. საინტერესო ის არის, თუ რამ გამოიწვია ჩემი ამგვარი დაინტერესება ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიით, პასუხი მარტივია – სწორედ ეს იყო ადგილი, სადაც პირველად მოვახერხე დამენახა საქართველო განსხვავებული თვალით და დამესვა საკუთარი თავისთვის კითხვა- ვიმოგზაურებდი თუ არა საქართველოში ტურისტი რომ ვყოფილიყავი?
საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანი ქვეყანაა. უძველესი დროიდან მოყოლებული ის სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ ხალხთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. რელიგიური ტოლერანტობა და სხვადასხვა წარმომავლობისა და ეროვნების ხალხთა მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება, ქართველთათვის მართლაც რომ, ობიექტურად შერჩეული მახასიათებელია. ჩემი მოგზაურობა თბილისის ამ ნაწილში, გასულ თვეში შედგა, როდესაც პროექტ “რელიგიური ტოლერანტობის” წევრები ვეწვიეთ სალოცავებს თბილისის მასშტაბით. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეჩეთის, სინაგოგის, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების მშვიდობიანი თანაარსებობა აღმოჩნდა. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან იმდენად მცირე მანძილით არის დაშორებული, რომ ყოველივეს მონახულება სატრანსპორტო საშუალებების გამოუყენებლად მოვახერხეთ. ვიზიტი თითოეულ მათგანში ემოციური აღმოჩნდა. ვუყურებდი კედლებს, მორთულ-მოკაზმულობას, სალოცავ კუთხეებს და ვაანალიზებდი რომ ამ ქვეყნად არაფერია იმაზე წმინდა, ვიდრე პატივისცემა სხვისი არჩევანისა. იუდაიზმმაც, ისლამმაც და კათოლიციზმმაც მოგვცა საშუალება დაგვენახა სამყარო მათი გადმოსახედიდან. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვყოფილვარ გაცილებული საქართველოს ფარგლებს, ჩემმა ქვეყანამ მომცა საშუალება შემედგა ფეხი ისლამურ სამყაროში, მეყურებინა თუ როგორ ლოცულობდნენ მისი მიმდევრები და შინ ემოციებით დატვირთული დავბრუნებულიყავი. რა არის გასაოცარი ყოველივე ამაში? ის რომ ექსკურსიის შემდეგ ჩემი ვიზიტი მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბევრად უფრო გულწრფელი იყო ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ სიტყვები “სომეხიც ჩვენი ძმა არის” ქართულ რეალობას ნამდვილად შეესაბამება.
საქართველო ეს ის ადგილია, სადაც ერთხელ სტუმრობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ შეამჩნიო ქვეყანაში გავრცელებული ლიბერალური დამოკიდებულება გარშემომყოფთა მიმართ, თუმცა შეიძლება ითქვას, ერთი ვიზიტი სულაც არ აღმოჩნდეს საკმარისი აქ უძველესი დროიდან არსებული მდიდარი მემკვიდრეობის მოსანახულებლად და შესაფასებლად. არ აქვს მნიშვნელობა სადაური ხარ და რა კულტურული მემკვიდრეობა გხვდა წილად, საქართველოს ძველი უბნები და ფესვგადგმული ხელგაშლილობა აუცილებლად მოახდენს გავლენას თქვენზე და დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცევა. ახლა კი დროა პასუხი გავცე დასაწყისში დასმულ კითხვას, ვიმოგზაურებდი თუ არა საქართველოში როგორც ტურისტი? პასუხი დადებითია, რა თქმა უნდა ვისურვებდი აქ მოგზაურობას და მის უძველეს კულტურასთან ზიარებას. თუ გადამეტებად არ ჩამითვლით, ვიტყოდი რომ მე ნამდვილად მეამაყება ვიყო ქართველი, იმ საქართველოს მკვიდრი, რომელსაც უამრავ მტერთან მოუწია შებრძოლება საკუთარი თავისა და კულტურის გადასარჩენად, რომლის სახელმწიფო ენა – ქართული ერთ-ერთია იმ ენათა შორის, რომელიც ინარჩუნებს თვითმყოფადომას და აქვს დამწერლობა. ევროპისა და აზიის გასაყარზე მყოფი საქართველო, დღეს ახერხებს ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას მისი საზღვრების ფარგლებში და ფაქტია ეს აისახება კიდეც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების დონეზე.
საბოლოოდ, შემიძლია დასკვნის სახით გითხრათ, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და გამუდმებული შერკინებისა მეზობენ ხალხებთან, საქართველომ მოახერხა კარი გაეღო აშკარა მულტიკულტურალიზმისთვის. ეს ხელგაშლილობა აქცევს სწორედ ქვეყანას ტურისტულ ცენტრად, რაც ხელს უწყობს ამ პატარა ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. იყო შემწყნარებელი საკუთარ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის მიმართ, მიიღო ისინი ისეთ საზოგადოებად როგორებიც არიან და პატივი სცე მათ არჩევანს, ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელიც ხელს უწყობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და ინტერესების მქონე ხალხთა მშვიდობიან თანაცხოვრებას.