ჩვენს დედაქალაქზე არაერთ ტკბილად მოუბარს უთქვამს სახოტბო სიტყვა, ადგილობრივსაც და სტუმარსაც, მაგრამ ახლა „ბის“-ზე სიმღერას არ ვაპირებ, მინდა დღევანდელ თბილისზე ვისაუბრო. სიცოცხლით არა, პარადოქსებითა და კონტრასტებით სავსე ქალაქზე, რომელთა გარჩევაც ძალდაუტანებლად მოახერხა ჩემმა ოთხმა თვალმა.
ზუსტად არ მახსოვს, რომელიღაც გამოცემას ჰქონდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ აქ ჩამოსულ ტურისტთაგან 90%-მდე უკან აღარ ბრუნდებაო. არც ისე ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივედი აზრამდე, რომ ეს არც ინფრასტრუქტურაში არსებული ნაკლოვანებების ბრალია და თავისთავად არც ცუდი დახვედრა-მასპინძლობის, მგონი აქაური მუღამების დაჭერას ვერ ახერხებს ეს უმრავლესობა, თორემ დაბრუნებულის კი არა საცხოვრებლად გადმოსულის უამრავი მაგალითი გვაქვს.
რამოდენიმე სფეროში აღებული, შეუფასებელი დიპლომ-სერთიფიკატებისა და სადმე ჩემი ადგილის პოვნის ერთი-ორი ათეული მცდელობის შემდეგ გადვწყვიტე გიდი გავხდე. მშრალი თარიღებისა და ფაქტების მომხსენებელი ექსკურსიამძღოლი კი არა, „მუღამ-ქეჩერ” გიდი. ))
პრინციპს არ ვუღალატებ და სიმართლეს ვიზამ, ეს გადაწყვეტილება კეთილშობილურ, ალტრუისტულ თუ პატრიოტულ მოტივებზე მეტად თვითრეალიზაციის პრობლემას უკავშირდებოდა და სწორედაც რომ სწორად იქნა მიღებული, თორემ თითქმის სამი თუმნის ასაკს მიღწეულს, გია ფერაძის პერსონაჟივით, „რა უბედურება გავუჩნდი ამ ქვეყანას“ აზრებს ვყავდი შეპყრობილი.
მაშ რატომ იწვევს ამდენ არაერთგვაროვან ემოციას თბილისი, ერთ განწყობას ისე სწრაფად ანაცვლებს მეორე, როგორც ქუჩაში გვერდზე ჩავლილი გოგოს ფერომონნარევ პარფიუმს ნაგვით სავსე ურნის სურნელი, ან საკონდიტროდან გამოსულ არომატს გარეცხილი და გასაშრობად გადმოკიდებული თეთრეულის მძაფრი სუნი.
აქ ყოველდღიურად შეამჩნევთ აღფრთოვანების ნიშნებს მრავალი სტუმრის სახეზე და მოღუშულ თანამოქალაქეებს, რომელთაც მიმიკით მიუხვდებით რომელი რუტინად ქცეული პრობლემა აწუხებთ.
აქ ნახავთ კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გვერდით მოჭრილ ასწლოვან ხეს, რომელმაც მორიგ გამჭვირვალე ნაგებობას დაუთმო ესტაფეტა, ნურას უკაცრავად, ახალდარგულ ხესაც. სურვილებით თუ თხოვნებით დამძიმებულ ნატვრის ხესაც და ხეს, რომელსაც პოლიეთილენის პარკი შემოხვევია მზრუნველად გაუსაძლისი მარტოობის ჟამს.
აქ კეთილებთან თუ კარგებთან დაბარებული მოკითხვებით გაფორმებული ავტომობილების გამაყრუებელი სიგნალების ფონზე გაიგებთ სადღეგრძელოს, ან ტურფასადმი მიძღვნილ სიმღერას რომელიმე ღია ფანჯრიდან.
აქ უბნის ბიჭები ბეჯითად აგროვებენ საღამოსთვის მოსალხენ მცირე თანხას, მაგრამ ვერანაირი სირთულე ვერ მოაშლევინებს მათ ამაყად მიიპატიჟონ სიმწრით ნაშოვნ სასმელზე ნებისმიერი უცხო თუ შინაური ფრაზით „ერთი ჭიქა დაგვილიე“.
აქ ქუჩაში შეიძლება ვინმემ გაგაჩეროთ და სიგარეტი გთხოვოთ, პარალელურად კი ორი-სამი ათას ლარიანი მობილურით საუბრობდეს.
აქ მოსეირნე ხალხი, აქაური მშვენიერებით და გამონაბოლქვით თავბრუდახვეეულნი ხსნას რიყიდან ნარიყალაზე მიმავალ საბაგიროში ან მთაწმინდის ფუნიკულიორზე ხედავენ, იქ ასულებს კიდევ კოჯრის ნიავიც ესარჩლებათ და როგორც ამბობენ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.
ტურაშვილმა რომ მოგვითხრო, ძველ ტფილისში მეეზოვეებმაც ზეპირად იცოდნენ საოპერო არიებიო, დღეს ასე არაა, მაგრამ მათ მაინც ახასითებთ ადგილობრივი კოლორიტი და არიებიც ისმის აქეთ-იქიდან, შიგადაშიგ.
ამ ტექსტის შედგენისას, დილის ხუთი საათისკენ ჩემს აივანზე მოსაწევად გასულმა შევნიშნე, როგორ გაჩერდა არც ისე ახალი, მაგრამ მერსედესი, გადმოვიდა ფაქტიურად ახალგაზრდა კაცი, საბარგულიდან თვალის მომჭრელად ნარინჯისფერი უნიფორმა ამოიღო, მოპირდაპირე სახლის კიბის ქვეშ შემალული მისი ხელობის საწყოები მოიმარჯვა და აუჩქარებლად, სტვენა-სტვენით შეუდგა საქმეს (სამწუხაროდ, ვერ გამოვიცანი მელოდია). გამახსენდა ჩემს „სასედკას“, საოპერო ვოკალის რეპეტიტორს იტალიურად წოდებულ ეზოში როგორ გასძახა ნაბახუსევმა მეზობელმა – „ანტრაქტ იბიომატ !“ და ედიკა კიდევ კითხვაზე „ვონცეს?“ რომ მპასუხობს – „არაფერი მომცეს“.
თავისი 2000 წლიანი არსებობის მანძილზე 26-ჯერ დანგრეულ-გადამწვარი ქალაქი ისევ ცოცხლობს და ჟღერს, ისევ ისმის გაგორებული კამათლის ხმა და ისევ გვამცნობს დროს რევაზ ლაღიძის მელოდიით ძველ მერიის საათი.
აქვე ვახსენებ ჩემი საბინადროსთვის დამახასიათებელ სხვა ხმებსაც, კონსერვატორიიდან გამოსული ვიოლინოს და ტანჯული „ბალგარკის“ ხმები ჰარმონიულად რომ ერწყმის ერთამანეთს, წყეულ „რუპორში“ ჩაძახებული „ჯართს ჩავიბარებ“ თავისი მრავალი ინტერპრეტაციით, ეროტიული კვნესის მსგავსი ამონახვნეში „მალინა მალინააა“ და ჩემი სეხნია მემაწვნე გურამას შთამბეჭდავი ტენორით გაკეთებული შემოთავაზება, რომელზეც უარს ვერ იტყვით.
აქ ხალხიც და მოვლენებიც რეაბილიტირებული კალაუბნის აივნებივით ჭრელია, განსხვავდებიან ყველა შესაძლო ნიშნით, მაგრამ ყველაფერი მაინც ერთი მთლიანი პროცესის ნაწილია.
ეს ქალაქი მუსიკაა, სოციალური მუსიკა მუდმივად ცვალებადი ტონალობით და ჩვენ კიდევ ნოტები ვართ, ჩვენ ვწყვეტთ რამდენად კარგი ჟღერადობა ექნება მას, ჩვენი ცხოვრების საუნდტრეკს.