ტურისტად სამშობლოში !

როდესაც დილით იღვიძებ და ხვდები რომ ეს ყოველდღიური რუტინა მოსაბეზრებელია, ახალგაზრდა ხარ, სისხლი გიჩქებს და შენი გული სულ სხვაგან მიიწევს. მწვერვალების დასაპყრობად, აღმართებთან საბრძოლველად და ამინდის ღმერთებთან დასაახლოვებლად მზად ხარ, სწორედ მაშინ იღვიძებს შენში ნამდვილი მოგზაური და ბუნების მაძებარი, იმ განთიადიდან ემატება ცხოვრებას სტიმული, ხალისი და ცამდე ასტყორცნილი შთაბეჭდილებები.

დაახლოებით ერთი თვეა ვცდილობ ბლოგის დაწერას მაგრამ ამ დღემდე თავს ვიკავებ, უამრავ კითხვებს ვუსვამ ჩემს თავს: “იქნებ ვერ გადმოვცე ის რასაც ვგრძნობ ნაწერში”?, “რაზე უნდა დავწერო, როცა ყველაფერზე დაწერილია ?”,”რომელ ერთ თავგადასავალზე მოვყვე?”. როდესაც ამ კითხვებს ჩემივე გონებაში ზუსტი პასუხები გავეცი და ვუთხარი რომ დავწერდი ყველაფერს რასაც ვგრძნობდი, დავწერდი ყველაფერზე რაც კი მინახავს და არცერთ ადგილს არ გამოვარჩევდი სწორედ მაშინ დალაგდა ჩემი აზრები და მეც მზად ვარ ემოციების გასაზიარებლად.

მანამ კი ემოციების განსაახლებლად ტური დავგეგმე და სწორედ ამ ბოლო ვოიაჟზე მოგიყვებით პირველად. თრუსოს ხეობა, მდინარე თერგის ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, ადგილი რომლის სილამაზეზე ბევრი მსმენია ინტერესი არ მასვენებს ნახვის. პარასკევს საღამოს პირდაპირ სამსახურიდან შევუდექი გზას თბილისისკენ, მთავარი პირობა დილის 7 საათზე თბილისში ყოფნა და ტურზე მისწრება იყო, მთელს ემოციებში მყოფმა დიდი ჩანთით წარვუდექი ტურის მონაწილეებს და მათი გაკვირვება ამხელა ჩანთის ტარების   ადგილზევე დავაკმაყოფილე სიტყვებით: ” იცით მე ეხლა ფოთიდან ჩამოვედი და ტურის შემდეგ ისევ უკან ვბრუნდები, ამიტომაც მაქვს ამხელა ჩანთა ზურგზე”. მიუხედავად იმისა ჩემი გასვლა ყაზბეგში პირველი არ იყო მაინც დიდი მოლოდინი მქონდა ამ ტურის, ვიარეთ 24 კილომეტრი ფეხით, გზად ვნახეთ გოგირდის წყლები, ტბა, სოფლები, კოშკების ნანგრევები, დედათა და მამათა მონასტრები, ზაფხულში მთად ამოსული მწყემსები და ბოლოს ოსეთისა და რუსეთის საზღვრები, ბოლო გაჩერება სწორედ სასაზღვრო პუნქტი იყო, რომლის იქეთ გადასვლა ისევე როგორც გადმოსვლა არავის შეეძლო. მიუხედავად მზიანი ამინდისა უკანა გზაზე, მთამ ჩვევისამებრ წარბი შეკრა და არ დაიშურა ჩვენთვის წვიმა და სეტყვა, გზაში ერთიანად დასველებულები ამავე გზაშივე გავშრით. თრუსო კი სწორედ ის ადგილი აღმოჩნდა რომელმაც ასმაგად გამიმძაფრა ახალი სეზონის მოსვლის და აქტიურობის სურვილი, და მომცა საშუალება განმეახლებინა ემოციები და გრძნობები, დამელაგებინა აზრები და დამეწერა ბლოგი.

ალბათ იფიქრებ მეტი რაღა უნდა გვანახოს ამ ადგილზე ლამაზიო, მაგრამ ჩვენს სამშობლოში სანახავი არასოდეს მცირდება, პირიქით რაც მეტს ნახულობ აღმოჩნდება რომ ეს ზღვაში წვეთია მაგრამ სწორედ წვეთები ქმნიან ზღვას, ხოდა დროულია ზღვაზე დავწერო, ოღონდ არა წყლის არამედ ღრუბლებისაზე. ცაში რამდენჯერაც აგვიხედავს და გვიფიქრია ნეტავ ღრუბლები როგორია?, რამდენდ შორს არიან, და რა ხდება ღრუბლებს იქით?, აი ამ მარადიული კითხვის პასუხია კურორტი გომის მთა, ბევრს არაფერს დავწერ რადგან ამ ზეციურ ადგილზე საუბარს ვერასოდეს დავასრულებ , უბრალოდ შეხედე და თავად მიხვდები რა გაკლია ცხოვრებაში თუ ეს ადგილი არ გინახავს.

ემოციურობის და ინტერესის გასავრცობად კი ჩემს ცალკე ბლოგის ლინკს მოვიშველიებ, როგორც ამ სილამაზის აღსაქმელად დამხმარედ.

https://tourismcenter.ge/%E1%83%98%E1%83%A5-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91/

 

ალბათ ყველა მოლაშქრეს გაუგია შემდეგი კითხვები: “კარავში როგორ იძინებთ?”, “ლაშქრობაში სად ბანაობთ?”, “გოგო სალაშქროდ როგორ დადიხარ?”, ამ კითხვებს თავი მოვუყარე და დაინტერესებულ პირებს პასუხი, 3 დღიანი ლაშქრობით გავეცი უძირო ტბაზე. ამ შთამბეჭდავ ადგილსაც დამოუკიდებელი ბლოგი მივუძღვენი და ლინკსაც ვურთავ ქვევით და ფოტოებს .https://tourismcenter.ge/%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A2%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B/

მიუხედავად იმისა ფოთში ვცხოვრობ და აღმოსავლეთის სანახავად ვიქენდის ორივე დღე მჭირდება, ამ ყველაფერს ერთი დიდი მხარე აქვს ძალიან მარტივად შემიძლია ვნახო საქართველოს მთავარი სილამაზე, სამეგრელო. სწორედ ამიტომ ჩემს ტურებში აქაური ტერიოტორიები ჭარბობს, რომ გგონია რომ ყველაფერი ნახე ამ კუთხეში სწორედ მაშინ აქვე ახლოს აღმოჩნდება ადგილი რომელზეც არც კი გსმენია არადა უნახავობა არ გეპატიება. სამეგრელოს მარგალიტები: ტობას ჩანჩქერი, ოკაცე, კინჩხა, მარტვილის კანიონი, ბალდა, ინწრა და ონიორე.

ონიორეს ჩანჩქერს რამოდენიმე თვის წინ ვეწვიეთ და სეზონიც ამ ადგილით გავხსენით, ორი წელი ვგეგმავდით მის ნახვას მაგრამ ამინდმა ყოველ ჯერზე გზიდან მოგვაბრუნა და არ მიგვაკარა ჩანჩქერს, მარტვილის რაიონ სოფელ ბალდიდან შეგიძლიათ ახვიდეთ ჩანჩქერზე, გზა მონიშნულია და აღმართებიც საკმაოდ ადამიანურია, 7 კილომეტრიანი ბილიკის შემდეგ პირველი ტობას ჩანჩქერი გვხვდება, რომელიც მღვიმეებს ქმნის, იქვე გავჩერდით და გადავიწყვიტეთ სათავემდე ავსულიყავით, ჩემი მეგზური გრძელი კაბაც გამომადგა და ფოტოსესიაც გამოგვივიდა, მეორე გაჩერება უშუალოდ ონიორეს ჩანჩქერია, ტროპიკული ტყის ბოლოს მდებარე ჩანჩქერის , რომელსაც თავზე მუდამ ცისარტყელა დანათის, წყალი საკმაოდ ცივია თუმცა ბანაობის სურვილის მქონე მოლაშქრეებისთვის სავსებით მისაღები ტემპერატურის. სეზონის პირველი გასვლა და დიდი ხნის სურვილის ასრულებად შედგა, დავემუქრეთ და ავასრულეთ, ფოტოებიც გადავიღეთ და ჩანჩქერშიც ვიცურეთ, 22 კილომეტრიც ვიარეთ და კვლავ ფოთშიც მოვბრუნდით.ესეც ონიორეს გალერეა, სამეგრელოს სხვა ფოტოები იხილეთ ქვედა ველში რომელსაც სხვადასხვა კუთხის ფოტოებს დავუთმობ.

არის ადამიანის გულსა და გონებაში გრძნობები და მოგონებები რომელიც მასში უნდა დარჩეს, ამ შემთხვევაში მეც ვუტოვებ ჩემთვის, ჩემში ჩემებურ სამშობლოს და ბლოგს აქ დავასრულებ. რატომ დავწერე ბლოგი? ერთი მარტივი მიზეზით: აქ მყოფს სურვილი გავუჩინო ამ ყველაფრის მისი თვალით ნახვის, და ემიგრანტს მივცე საშუალება ვირტუალურად იმოგზაუროს მის სამშობლოში და სიამაყით ანახოს ეს ბუნება სხვებსაც. შენ კი მკითხველო, როდესაც ამ ბლოგს წაიკითხავ მე უკვე ახალ თავგადასავლებში ვიქნები ჩემი ქალაქიდან შორს, და ჩემს “რუკას” კიდევ ერთ ლამაზ ადგილს შევმატებ, ჩამოვალ ახალი შთაბეჭდილებებით, ემოციებით და კიდევ ერთხელ დავადასტურებ რომ ბუნება ბედნიერებაა და სწორედ ის რაც ადამიანს ხშირ შემთხვევაში აკლია და სხვაგან ეძებს, მე აქ ვასრულებ საუბარს სამშობლოზე რომლის მოქალაქე და ამავდროულად ტურისტი ვარ, შენ კი გახსოვდეს ცხოვრება იზომება არა ჩასუნთქვა ამოსუნთქვის რაოდენობით, არამედ იმ დღეების რაოდენობით, როცა ბედნიერებისგან, სიხარულისგან სუნთქვა გეკვრის და ეს სუნთქვის შემკვრელი ბედნიერება შენთან ახლოს, მთაში, ტყეში, ბუნებაშია!

 

სამეგრელო :

 

 

რაჭა:

 

 

წალკა- დაშბაშის კანიონი:

 

ფშავი:

 

ყაზბეგი- თრუსოს ხეობა:

 

 

 

Tags: