აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა აჭარაში ღვაწლმოსილი გიდი გუგული მახარაძე მოინახულა და მას რეგიონში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სერთიფიკატი გადასცა. გუგული მახარაძე 30 წლის განმავლობაში აჭარის სტუმრებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აცნობდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული გიდი რეგიონში, რომელსაც 84 წლის ასაკშიც დეტალურად ახსოვს აჭარის კულტურული თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების ისტორია და მნიშვნელობა. პროფესიით ფილოლოგმა გიდად მუშაობა 25 წლის ასაკში დაიწყო.
„ნამდვილი ცხოვრება მე ვნახე მაშინ, როცა გიდად დავიწყე მუშაობა. ეს არის ძალიან დიდი თანამდებობდა, რადგან ცოცხალ ადამიანებთან გაქვს საქმე, არ იცნობ მათ და უნდა შეაყვარო შენი ქვეყანა. კარგად მახსოვს პირველი ექსკურსია. ეს იყო 1963 წლის 1 მაისი. ბათუმში შემოვიდა გემი პენსილვანია, რომელმაც ტურისტთა ჯგუფი შემოიყვანა ქალაქში. მაშინ გიდებს ძალიან დიდი პატივიცემით გვეპყრობოდნენ, ჩვენ ვიყავით ქვეყნის სახე და მთავარი რგოლი ტურისტებთან ურთიერთობაში,“ იხსენებს გუგული მახარაძე.
სულხან ღლონტი სტუმრად აჭარის გამოცდილ გიდთან პირველ მოადგილე თამარ კაიკაციშვილთან და ხელოვნებათმცოდნე, კინოდოკუმენტალისტ ოლიკო ჟღენტთან ერთად იმყოფებოდა. მან მასპინძელს აჭარაში ტურისტების მოზიდვის და გიდების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით განხორციელებული პროექტები გააცნო, ასევე საჩუქრად გადასცა დეპარტამენტის მიერ დაბეჭდილი გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“.
„ქალბატონი გუგული არის სამაგალითო ადამიანი. მას 84 წლის ასაკშიც ზეპირად ახსოვს ყველა ის ნიუანსი და მნიშვნელოვანი დეტალი, რაც პროფესიონალი გიდისთვისაა აუცილებელი. ჩვენ მცირედი ყურადღებით გამოვხატეთ პატივისცემა ქალბატონი გუგულის პროფესიონალიზმისადმი და მისი თაობისადმი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით გარკვეული წვლილი შეიტანეს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. ვისურვებდით, რომ ჩვენს ქვეყანას და რეგიონს მისნაირი ბევრი გიდი ჰყავდეს,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
წყარო: Department of Tourism and Resorts of Ajara