ნათია თურნავამ ავიაციის სექტორს პროფესიული დღე მიულოცა

  • Home
  • ავიაცია
  • ნათია თურნავამ ავიაციის სექტორს პროფესიული დღე მიულოცა

7 დეკემბერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. “ვულოცავ ამ სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებას ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ესოდენ მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში” – განაცხადა ნათია თურნავამ მილოცვაში.

მინისტრის განცხადებით, ავიაციის სექტორს COVID 19-ის პანდემიამ უპრეცენდენტოდ დიდი ზიანი მიაყენა. მისი თქმით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, დღის წესრიგში დადგა საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხი, რამაც ათასობით რეისის მოულოდნელი გაუქმება გამოიწვია. “ამავე დროს, ავიაცია აღმოჩნდა ის დარგი, რომელმაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ეპიდემიის ეფექტურ მართვაში და საწყისი ეტაპიდანვე აქტიურად ჩაერთო დაავადების გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროულად შეზღუდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მაღალი რისკის ქვეყნებთან. პარალელურად ამოქმედდა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ჯანდაცვის უწყებების ინფორმირება აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამომსვლელი მგზავრების შესახებ” – განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის ხელშეწყობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განხორციელდა 40-მდე სპეციალური რეისი. აღნიშნული რეისებით მოხერხდა საქართველოს 6000-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ჩამოყვანა. არაერთი ფრენა განხორციელდა ასევე ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნით.

მინისტრის განცხადებით, აეროპორტებსა და საჰაერო ხომალდებზე საწყისი ეტაპიდანვე მიღებულ იქნა ყველა აუცილებელი ზომა მგზავრთა და პერსონალის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად იმუშავა წესებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომლებიც ეხება ეკიპაჟის, პერსონალის სპეციალურ მომზადებას მგზავრთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე, მათ სათანადო ეკიპირებას, საჰაერო ხომალდის დეზინფექციას და ა.შ. ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა სამედიცინო და ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებამ და აღსანიშნავია, რომ ავიაციის სექტორი აღნიშნულ გამოწვევასაც მზად დახვდა. საჰაერო ტრანსპორტით PCR ტესტების, პირბადეების დასამზადებლად სხვადასხვა ნედლეულის, სამედიცინო დანიშნულების საშუალებებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირება და აღნიშნული ტვირთების მომსახურება ხდება დროულად და მაღალ დონეზე.

“მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ უწყებას, ავიასაწარმოს, ავიასპეციალისტს, ამ სექტორში დასაქმებულ ტექნიკურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს, მათი უსაზღვროდ დიდი წვლილისთვის ეპიდემიის მართვის პროცესში. თქვენი პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომის და კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ პანდემიის პირობებშიც, ავიაცია რჩება ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებად,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Tags: