“რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა”

  • Home
  • ბლოგები
  • “რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა”

ჩვენ-მე და შენ,ჩემო მკითხველო-ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე,მაგრამ არ ვიცით რატომ და რისთვის.უბრალოდ ვცხოვრობთ იმ მიზნით,რომ ბედნიერები ვიყოთ.ვცხოვრობთ სხვადასხვანაირად და მაინც ერთნაირად.ყველაფერი ტალღების მყარი კავშირია,რომელიც დროში ქაოსად იქცევა.

 ახლა კი დროა გამოგიტყდე ჩემო მკითხველო: თავად კონტროლის მოყვარული ადამიანი ვარ. „რაც იქნება იქნება“ ამ წესის მიმდევარი არასოდეს ვყოფილვარ. მე დინებას ვერ მივყვებოდი…”

დინებას ხომ შეუძლია ორ უკიდეგანო მიმართულებით გადაგისროლოს: ან სამოთხისკენ და „ვარდისფერ გზაზე“ გატაროს,ან დანტე ალიგიერისეულ ჯოჯოხეთში განგიწესოს ადგილი…

 ჩემო მკითხველო,მე მინდა საკუთარ თავგადასავალზე გიამბო,რომელიც თავს ისეთ ადამიანად მაგრძნობინებდა,რომელსაც შეეძლო ნებისმიერ წამს მოსწყდომოდა ხმელეთს და სიამოვნება მიეღო იმ სილამაზით რასაც ბუნება ჰქვია.მე შემეძლო ჩიტივით მეფრინა, ჩიტივით თავისუფალი ვყოფილიყავი .

მეც შენსავით მეწადა თავისუფლება და ჰაერი.სულსა და გულს აისი ესაჭიროებოდა.მინდოდა მენახა ბუნება,მინდოდა მენახა ის რაც ადამიანის ხელებს ჯერ არ გაუნადგურებიათ.მინდოდა ქალაქის ქაოსს გავქცეოდი,რომელიც სულს მიწვავდა.“რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა“ – და გადავწყვიტე,ცხოვრებას კი არ უნდა შევეცვალე,არამედ მე უნდა შემეცვალა იგი.

დიახ, მე ეს შევძელი,და დიახ,მე ამას არ ვნანობ!

ყოველივე ეს 2016 წლის 16 ივლისს გავიაზრე,როდესაც ფანჯარასთან ვიდექი და ჩემს განცდებზე ვფიქრობდი.ვიცოდი რომ რაღაც უნდა შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ის რაც თავს ბედნიერად მაგრძნობინებდა.

გადავწყვიტე გავცლოდი იმ ადგილს,რომელსაც 18 წელი  ვტკებნიდი და გამეკეთებინა ის რაც აქამდე აზრადაც კი არ მომსვლია-ბედს მივნდობოდი.

ჩემს პრინციპებს გადავაბიჯე .

ჩავალაგე ბარგი და წავედი .

ღმერთო!ჯერ ჩემი მარშრუტიც არ მქონდა შედგენილი,არც ის ვიცოდი სად მინდოდა წასვლა, ყველაფერი ბედს მივანდე. მარტო ის მინდოდა ,რომ დავმტკბარიყავი ყველაფერი იმით რის შენარჩუნებასაც ჩვენი წინაპრების სიცოცხლე შეეწირა.მინდოდა მთებში მეგრძნო მათი სიახლოვე და მადლობა გადამეხადა მათთვის.

ბედმა სვანეთში გადამისროლა.

სვანეთი-ღმერთო ჩემო,ეს ხალხი,ეს გარემო,ეს მიწა,ეს მთები,ეს კულტურა …

ავტოსტოპით ჩასვლის შემდეგ აღმოვჩნი უშგულში.ახალდაბადებული ჩვილივით გაკვირვებით ვუყურებდი ჩემს გარშემო შემოკრებილ ღირსშესანიშნაობებს: უშგულის ლამარია,თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები-მოკლედ,ახლა ჩემი ემოციების აღწერა რომ დავიწყო ზუსტად ვიცი სიტყვათა კონა არ მეყოფა ასეთი ემოციის გადმოსაცემად,რადგან სიტყვა არ იტევს სათქმელს.მარტო ერთს ვიტყვი: წადით! წადით და თავად დარწმუნდით რა სილამაზე აქვს ჩაგდებული ჩაჟაშს ხელში! თურმე „რა განძი გვქონია,რა მხნე,რა მდიდარი!“.

საღამოს დავაპირე ჩაჟაშს დავმშვიდობებოდი და მეპოვნა ადგილი სადაც ღამეს გავათევდი.

საღამო იყო, ლამპიონებიც კი არ ებადა ამ სოფელს,რომ გზა გამეკვლია.

მოკლედ,2 საათის სიარულის შემდეგ,როდესაც წვიმა და ჭექაქუხილი კაი ძმაკაცივით მთელი მგზავრობა გვერდს მიმშვენებდა ,დრომ ერთ ქოხს შემაჯახა.

შორიდან მკრთალად მოციმციმე შუქი დავინახე.

ასეთ ამინდში ადამიანს მხოლოდ თვითგადარჩენის დაუოკებელი სურვილი უჩნდება,არც იმაზე ფიქრობს შიგნით რა ან ვინ დახვდება.

უბრალოდ მიიწევს წინ, რომ შველა ითხოვოს .

გამიმართლა.

ბათუ პაპა! „არიადნეს ძაფმა“ მასთან მიმიყვანა. ეს კაცი არის ადამიანობის მაგალითი,ეს კაცი არის სიკეთის,უკვდავების, სილამაზის,გულის,სათნოების,გულჩვილობის, სიყვარულის მიქსი.ადამის ჟამისა კი იყო წლოვანებით (86 წლის),მაგრამ  ძალ-ღონე მაინც არ ერჩოდა. არც გამკვირვებია 50 წლისას რომ ჰგავდა.ამ გარემოში საერთოდ როგორ შეიძლება დაბერდეს ადამიანი ?!

ხეხილი აქვს,რომელსაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანია უვლის.

მაგრამ რა მეგონა რომ  ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქოხში მეგულებოდა…

როდესაც ბათუ პაპამ შორიდან დამინახა,შეშფოთებული ჩემსკენ წამოვიდა,რომ გაეგო ვინ ვიყავი და რა მინდოდა იქ.

სახლში შემიყვანა და ბუხრის წინ დამსვა.მხოლოდ ერთი პატარა სანთელი იდგა ოთახის შუაგულში,რომელსაც ეწადა თავისი სხივებით ყველა კუთხეს მისწვდომოდა,თუმცა ამაოდ. ჩემს თვალს არ გამორჩენია საპატიო ადგილას კედელზე დაკიდებული ძველი ხმალი,რომელიც ბათუ პაპას მამას ეკუთვნოდა.იმდენი წელი ეკიდა ეს ხმალი,რომ ვინმეს ჩამოხსნა რომ სდომოდა ვერ დაძრავდა ისე იყო კედელს შეზრდილი.

ფიქრებით გართულმა უცბად უფანჯარო ოთახში კარების გაღების ხმა გავიგე.

ნათქვამია: „ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია ,მას უგემია თავად სიკვდილიც.“

 სწორედ იმ დღეს მოვკვდი მეც.

ერთი დანახვაც კი საკმარისი იყო,რომ მეგრძნო ჩემსა და მას შორის სულიერი კავშირი.

ეს ბათუ პაპას შვილიშვილი იყო.ონისე.

„და მაინც რაა სიყვარული თუ არა ღმერთი?“  ღმერთია იგი,ღმერთია ბუნება,ღმერთია ყველაფერი ის რასაც შევიგრძნობთ.

რამოდენიმე დღე ბათუ პაპას სახლში შევაფარე თავი,ეს დღეები ვფიცავ არასოდეს არ წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან!

ონისეს დედა მშობიარობას გადაჰყოლოდა და ბათუ პაპა მთელი ცხოვრება თავისი ერთადერთი ცოლის ერთგული დარჩენილა.

მე კი ამ რამოდენიმე დღეში ონისემ ცხენით თითქმის მთელი სვანეთი შემომატარა.

ეს იყო არა მარტო მოგზაურობა,არამედ გაცილებით მეტი!სხვა განცდაა ,სხვა ემოციაა ,სხვა ხედვაა,სხვა შეგრძნებაა ,როდესაც შენს საყვარელ ადამიანთან ერთად ნახულობ ბუნების ძალით შექმნილ ანტურაჟს.

მაგრამ უნდა გამოგიტყდე ჩემო მკითხველო,რომ გული საგულეში აღარ მქონდა ,როდესაც ვხედავდი ხალხისგან დაცლილ სოფლებს. ონისეც ჩემს დღეში იყო: ხალხი ისე ცოტავდება აქ, თითქოს ეს ადგილი მათთვის გოლგოთად  ქცეულიყოს,ხოლო ქალაქი ედემადო. ისიც კი მითხრა,რომ ადამიანებმა დაკარგეს მიწის ფასი,ადამიანებმა დაივიწყეს თავიანთი ფესვები.მანქანები ცხენებს ამჯობინეს,სუფთა ჰაერი დაბიძურებუ ჰაერს,ჯანსაღი პროდუქტი ფალსიფიცირებულ პროდუქტს.განა ეს შემაშფოთებელი არ არის?!  ეს კი იმიტომ ხდება,რომ ხალხს შრომა აღარ უნდა.სოფლებიდან წასული ხალხი ცუდი პირობებით იმართლებს თავს. განა ბათუ პაპასთვის არ არის ცუდი პირობები?განა შენი წინაპრებისთვის არ იყო ცუდი პირობები?იშრომე ბათუ პაპასავით ,რომელსაც ვენახიც აქვს, საქონელიც ჰყავს და თავსაც მშვენივრად გრძნობ.ისე მშვენივრად,რომ ქალაქში მცხოვრებ 20 წლის ჭაბუკსაც კი შეშურდება მისი.

ასეა თუ ისე,კიდევ ერთი ფაქტი იწვევდა ჩემში სევდას-მომავალზე ფიქრი.

ვიცოდი,რომ მალე უნდა დავმშვიდობებოდი ამ ადგილს.

წასვლის დრო მოახლოვდა…

მართალია დიდი სიყვარულით და პატივისცემით დამემშვიდობნენ ბათუ პაპა და ონისე ,მაგრამ თვალებში მაინც სევდა ეტყობოდათ.

პირობა მივეცი მათ,რომ ზახულში აუცილებლად დავბრუნდებოდი სვანეთში.

ბოლოს,ჩემო მკითხველო,აუცილებლად დაიმახსოვრე ის, რომ არასოდეს არ არის  გვიანი ჩვენ თავს ვკითხოთ: ვარ თუ არა მზად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და ამ რუტინულ ცხოვრებას გავექცეთ. ვართ თუ არა მზად შევიცვალოთ ჩვენთვითონ.

„როდესაც კვდები მხოლოდ ერთი სურვილი გაქვს,უკან დაბრუნდე“.ამიტომ ყველამ უნდა მივზდიოთ ჩვენს ოცნებებ, ჩავამტვრიოთ გალავანი,რომელიც ჩვენთვითონ ავაშენეთ ჩვენს ირგვლივ და ცალკეული ხეების დანახვა კი არ დავიწყოთ არამედ მთლიანად ტყის.

მე კი ეს ჩემი პრინციპების უარყოფით შევძელი…

Tags: