კუნძული კრეტა
როგორც გერმანელებს სჩვევიათ ჩემმა ფრანკფურტელმა კოორდინატორმა იმდენ ხანს იფიქრა თემაზე, თუ რა რიცხვებში უნდა ამეღო შვებულება, რომ ჩემმა სულსწრაფმა ქართველმა მეგობრებმა ამდენ ჭოჭმანსა და განსჯას ვეღარ გაუძლეს და უჩემოდ გადაწყვიტეს ბედს სწვეოდნენ და წავიდნენ. ასე დაიწყო მოგზაურობა საბერძნეთის ერთერთ ულამაზეს კუნძულ კრეტაზე.
საბერძნეთი ბევრისთვის ასოცირდება კუნძულებთან, თეთრ, ქათქათა ქუჩებსა და ლურჯ ფანჯრიან თუ კარიან ორსართულიან სახლებთან. მეთევზეების სოფლები, ზღვის დგაფუნი, ცისფერი ნავები და კიდევ უფრო ცისფერი კაფეები – ეს ყველაფერი საბერძნეთს განსაკუთრებულობის საოცარ ხიბლს ანიჭებს. თანაც ისეთია, ან ძალიან მოგწონს, ან სრუალიად გაწბილებული ბრუნდები უკან, არავითარი შუალედი. კუნძული კრეტა საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძულია, თითქოს დამოუკიდებელი სახელმწიფოსავით არის. კუნძულ კრეტაზე მოგზაურობას სულ ცოტა ერთი კვირა მაინც უნდა დაუთმოთ. მინოანების სამშობლო უამრავ ისტორიულ თუ არქეოლოგიურ სანახაობას იტევს. კნოსოსის სასახლე აუცილებელ სანახაობათა სიას უპირობოდ ლიდერობს. კუნძულს ორი აეროპორტი ემსახურება: ირაკლიონსა და ხანიაში. ამას გარდა კუნძულზე მოხვედრა გემითაც შეგიძლიათ. გემით მგზავრობა ათენიდან რამდენიმე სატრანსპორტი გემით არის შესაძლებელი და მთელს ღამეს გასტანს. აუცილებლად აიღეთ ბილეთი ახალ, თანამედროვე გემზე, რადგან კონკურენტებს შორის ფასი თითქმის არ განსხვავდება, ხარისხი კი საგრძნობლად.
ბევრი ფიქრის და ცხელი პერიოდის საგრძობლად ზრდის შემდეგ თვით გერმანელი კოორდინატორებიც იღებენ გადაწყვეტილებას თანაც ჩვენს სასარგებლოდ. ერთკვირიანი ჭოჭმანი კოლეგა ბენიამინმა ჩემი შვებულების გაფორმებით დაასრულა და როგორც იტყვიან ჩემი ბავშვობის მეგობრებს გზაში დავეწიე კუნძულზე სამოგზაუროდ. გავფრინდი ეგეოსის ავიახაზებით, ათენის გავლით და წასვლამდე იმდენად სწრაფად ჩავალაგე ჩემოდანი, კარგად იმის გამოკვლევაც კი ვერ მოვახერხე თუ როგორ უნდა მიმეღწია ირაკლიონის აეროპორტიდან აიოს ნიკოლაოსამდე, სადაც ჩემი მეგობრები უკვე რამდენიმე დღე იყვნენ დაბანაკებულნი და ზედიზედ ნერვებისმომშლელად ლურჯ კოქტეილიან ფოტოებს დებდნენ სრულიად სოციალურ ქსელებში. აეროპორტში ავტობუსში მოვთავსდი და ტურისტის ღიმილით გავეშურე ქორალის 3 ვარსკვლავიან სასტუმროში, სადაც ჩემი ორი მეგობარი მეგულებოდა. აიოს ნიკოლაოსში მალევე მივედით, ცენტრიდან დიდად ვერ გავარკვიე რითი უნდა მივსულიყავი სასტუმრომდე, მყისვე სტუმართმოყვარე ბერძენის მანქანაში აღმოვჩნდი, რომელმაც მთელი გზა შევარდნაძე კი მეძახა, ამ გაგანია 2015 წელს მაგრამ სასტუმრომდე მაინც მშვიდობით მიმიყვანა, გაწვდილ ფულზე უკმეხი უარი და კიდევ ერთი შევარდნაძე მომაყოლა და დამემშვიდობა. სასტუმროს მიმღებმა ჩემი გვარიცა და ჩემი მეგობრების გვარიც სულ წაღმა უკუღმა ატრიალა, ხან ასე გახედა პასპორტს ხან შუქზე შეათვალიერა. „ვილი, ვილი, შვილი“ იდუდღუნა და შეძრწუნებულმა მომიგო ასეთი სტუმრები ჩვენთან არ არიანო. ორიოდ წამში გავიაზრე რობინზონ კრუზოს მთელი ფარსაგი ისტორია, პარასკევას როლშიც წარმოვიდგინე თავი და თავი დავირწმუნე, რომ ნუ, პრინციპში ხუთი დღე კუნძულზე მარტო არც თუ ისე ურიგო ამბავია. ჩემს პარასკევობაში მე კი მყისიერად დავრწმუნდი, მაგრამ ეტყობა მიმღების დარწმუნება მაინც ეფექტიანად ვერ მოვახერხე, რადგან სულ საფუძვლიანად გამოიძია თუ რა საშუალებით დაჯავშნეს ჩემმა გოგოებმა სასტუმრო და საერთოდ რატომ ვფიქრობდი რომ იქ იყვნენ განთავსებულნი. მყისვე გამახსენდა 90-იანი წლებიდან კრეტაზე გადასახლებული ნახევრად ბერძენი ნახევრად ქართველი ხათუნა, რომლის დახმარებითაც ჰქონდათ მეგობრებს სასტუმრო დაჯავშნილი. მიმღებმა, ჰათუნო ერთი კი შესძახა, მერე ტელეფონს ეცა, ჩვენს ლოცვებში ხშირად რომ ისმის „აქციოს აქციოს“ თუ რაღაც ასეთი მსგავსი სიტყვები ბევრი იძახა ტელეფონზე და საბოლოოდ ტაში შემოჰკრა თქვენი მეგობრები გვერდით უფრო მაღალი კატეგორიის სასტუმროში არიან განთავსებულნი ჰათუნის დამხარებითო. ასე იყო თუ ისე, გოგოები მალე ვიპოვე, ოთახში ადგილი მივიჩინე, სასტუმრო სულ ძირფესვიანად დავათვალიერე და როგორც იტყვიან ჩემი შვებულება თუ მოგზაურობა დაიწყო. მართალია ეს ჩემი მეგობრები სხვა სასტუმროში, თანაც უფრო დაბალი კლასის სასტუმროში რად ჩეკინდებოდნენ სოციალურ ქსელებში ეს ჩემთვის დღემდე გამოცანად დარჩა, მაგრამ საბერძნეთს და ჩვენს მოგზაურობას ამით არაფერი დაჰკლებია და ჩვენც არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ ამ დალოცვილ კუნძულზე.
ზღვა და გართობა
აიოს ნიკოლაოსი საკმაოდ ლამაზი, კოხტა, თეთრი და დახვეწილი პატარა კუნძული აღმოჩნდა. ვიწრო ქუჩებზე ლამაზ-ლამაზი მაღაზიებია შეფენილი, სადაც საკმაოდ ხელსაყრელ ფასად ულამაზეს ბერძნულ სამკაულებსა თუ საზაფხულო კაბებს შეარჩევთ. კორპორატიული სურნელი იმდენად გავრცელებული რამ არის, რომ ყველა მაღაზიას თავისი სურნელი ახლავს და ჩვენც ხან ერთ მაღაზიში ვართ საათობით, ხან მეორეში. პლაჟები ოქროსფერი ქვიშით და მოცისფრო ზღვის ფერებით გაგაოცებთ. თუმცა პლაჟამდე მისასვლელად საკმაო გზა არის გასავლელი. სასტუმროები ძირითადად „all inclusive” ტიპის კვებას სთავაზობენ სტუმრებს, თანაც ყველაფერი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. აიოს ნიკოლაოსს დილას უთენია მოადგება ხოლმე ტურისტული გემი, რომლიდანაც თეთრ ქუდიანი ტურისები ფაროსანასავით შემოესევიან ქალაქს, ალბათ დღის ტურების ფარგლებში, საღამოს კი ეს ტურისტული გემი თეთრქუდიანებს ისევ წამოკრეფს და გემიც შორდება ნაპირს, სხვა სანაპიროებისკენ ალბათ ხანიასკენ, ან რეთიმნოსკენ. კრეტაზე მოგზაურობა რეთიმნოსა და ხანიას გარეშე წარმოუდგენელია. ხანია ლამაზი სანაპიროებით, აღმოსავლური მეჩეთებით, ვენეციური არქიტექტურითა და ხვეული ქუჩებით ეგრევე ხვდება ყველა ტურისტის must see სიაში. საღამოს აიოს ნიკოლაოსი ირინდება, თითქოს ტურისტულ გემებს თან მიაქვთ მთელი მხიარულება და ჟრიამული. ამ დროს ტურისტები ან ლურჯ კაფეებს მიაშურებენ, ან სასტუმროს გასართობი პროგრამით და უამრავი ტკბილეულით იქცევენ თავს. ჩვენს სასტუმროში რუსი ტურისტების სიმრავლის გამო გასართობი პროგრამაც რუსულად უბერავს. ერთხელ იტალიური მუსიკის საღამოც გაიმართა, ესეც რაღაცნაირად რაფაელა კარა და კუტუნიო რომ იყვნენ მოდაში იმ დროს მახსენებს და ღიმილს მგვრის. ზღვა არ დაგავიწყდეთ, ზღვა საოცრად მშვიდია კრეტაზე, თითქოს დგას, კი არ მიედინება. მეგის დროთა განმავლობაში აჭარა მოენატრა და ჯუჯღუნებს ეს სანაპიროები მიხვეულ მოხვეული რად არისო, სანაპირო ზოლი სწორი უნდა იყოს, ზღვა მაგას ქვიაო…. მე სულ ტურისტულ ფირმაში ვზივარ, საოცარ სიცხეშიც კი ბოდიალი მსიამოვნებს. საქმესაც რა დალევს, ხან გემების მარშრუტი მაინტერესებს, ხან კი ერთდღიანი ტურები კუნძულის გარშემო.
უკანასკნელი დღე კრეტაზე ირაკლიონში გამზავრებით დავასრულეთ. მანამდე ინტერნეტში საგანგებოდ დავათვალიერეთ ბარგის შესანახი პუნქტები ირაკლიონში. ბარგის შესანახი კამერით გერმანიაში თუ გისარგებლიათ, სადაც ავტომატურ დონეზეა ყველაფერი და პრობლემის შემთხვევაში თქვენს თავს უნდა ჰკითხოთ და ეკამათოთ კიდევაც, ირაკლიონში ერთი გარაჟის ტიპის შენობას ერქვა ბარგის შესანახი კამერა. მომსახურე პერსონალი ღია შლოპანცებით და მოკლე შორტით უხალისოდ გამოგართმევთ ბარგს, რომელსაც იქვე კუთხეში უგერგილოდ მიაწყობს. მეგიმ დაგვამშვიდა გინდათ სულ დავკარგავ მაგ ლეპტოპსო და ჩვენც ხალისით გავეშურეთ კნოსოსისკენ. კარგი იქნება კნოსოსზე თუ ორგანიზებულ ტურს აიღებთ, სადაც გიდი დაწვრილებით მოგიყვებათ ყველაფერს. გზაში ისე ცხელოდა, მეგიმ ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი არსებობის ამბავი ან გადავრჩებით ან არაო, მაგრამ მაინც საბოლოოდ მაინც მშვიდობიანად ჩავაღწიეთ სუვენირებით დატვირთულებმა ისევ ირაკლიონში. კრეტასთან გამოსამშვიდობებელი საღამო ერთერთ საოჯახო კაფეში მოვიწყვეთ, წინ დიდი გზა გველის ათენამდეო და ცოტა ბერძნული რაკიც კი გადავკარით. მიმტანმა ბიჭმა გემრიელი ბერძნული კერძები ერთმანეთის მიყოლებით მოგვიტანა, თანაც ჩვენი წარმომავლობით დაინტერესედა. საბერძნეთში აუცილებლად უნდა გასინჯოთ სუვლაკი, მუსაკა, გიროსი და თევზეულის მთელი არმია. ნინო მაგულიანებს, მიდი უთხარი „შენ ორთოდოქს, მე ორთოდოქს“ და ბარემ ასე რომ მოიხიბლე ამ კუნძულით აქვე გახდები მიგრანტიო, მაგრამ ბერძნული რაკი მთლად ისე ქართული ჭაჭასავით ძლიერი არ აღმოჩნდა, რომ მყისვე ამ უცნობ ყმაწვილს სიყვარულში გამოვტყდომოდით ცალცალკე თუ ერთად, თანაც ირაკლიონის პორტშიც გვაგვიანდებოდა, შესაბამისად ჩვენი ბარგი ბარხანა მალევე მოვიძიეთ და დიდ, ქათქათა გემზე პირველები ავცვივდით.
ჰო, მართლა ღმერთი არ გაგიწყრეთ და საბერძნეთში თურქული ყავა არ მოითხოვოთ. თუ სახლი, დედა და დილას მომზადებული ქაფქაფა თურქული ყავა მართლაც მოგენატრებათ, მიმტანს სთხოვეთ, რომ ბერძნული ყავა გაგიკეთოთ. ეს ორი სახის ყავა ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, თქვენ კი ბევრ დავიდარაბას აგაცდენთ თავიდან.