ვერცხლი, რძე და ცა ფეხქვეშ

მარშრუტი – სამეგრელოდან სვანეთში; დანიშნულება – ეგრისის ქედის ტბები; ხანგრძლივობა – ერთი კვირა; ჩანთა – შესაბამისი წონის; მოლოდინი – საკმარისი; ღელვა – საკმარისზე მეტი; მზაობა – ვერასოდეს იტყვი წინასწარ; მხნეობა – გადამდები; სუნთქვა – შეკრული; ნერვები – დაჭიმული.
დაიძრა მანქანა და ძილს ვიმარაგებთ წუთობით, ზოგს არ აძინებს მოლოდინი ან ყელში გაჩრილი მღელვარება.
მუხურში ჩაბარგებისას კი ყველას ერთი და იგივე რამე აწერია სახეზე – შეუძლებელია ამ წონის ჩანთების ტარება.
უცნაურია, რამდენი რამე გეჩვენება შეუძლებლად, სანამ მის წინაშე არ დადგები. ვერასოდეს იფიქრებ, რომ გაუძლებ ისეთ სიცხეს, როგორიც იცის მთის გამჭვირვალე შუადღეზე, როცა მზეს სხივისგულზე ჰყავხარ და ცხრავე თვალით დაგყურებს ტვირთმოკიდებულს და გახვითქულს; ან რამ უნდა აგატანინოს სიცივე, როცა ნისლები დაცურავს შენ გარშემო, თუ შენ დაცურავ ნისლებში, გარშემო სველი ბალახია, ან – ჩაყინული თოვლი და მისივე ტემპერატურის წყალი, შენ კი კარვიდან გამოძრომას მაინც ახერხებ; ან რამ უნდა დაგაშვებინოს, რომ ამდენ კილომეტრს გაივლი ამხელა ტვირთით ზურგზე, ამ უსასრულო და ციცაბო აღმართ-დაღმართებსაც გადალახავ, ქარაფებსაც გადაირბენ და შესცინებ კიდეც ჯერ კიდევ უკანარმოტოვებულს, ჭინჭრის და დიყის ჯუნგლს გაკაფავ და მთის ჩქრიალა მდინარეს გააპობ, ეკალ-ბარდებს არაფრად ჩააგდებ და გულგრილი ინტერესით შეითვალიერებ დაკაწრულ ხელ-ფეხს სამშვიდობოს გამოსული. რამ უნდა გაფიქრებინოს?
იმან, რომ იცი, თითოეული წვრილმანი და მსხვილმანი შენს თავთან ბრძოლაში მოპოვებული წარმატებაა, დიდი, ან პატარა, მაგრამ – არანაკლებ მნიშვნელოვანი იმ მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც ვერასოდეს მიაღწევ, სამაგიეროდ, ყოველ ზემოთ აწეულ მისხალზე უკეთ დაინახავ საკუთარ ცხოვრებას, სისუსტეებს, რომლებიც უფრო და უფრო უკან რჩება; ზემოთ მიმავალი გზა კი მუდამ დანისლულია და იშვიათად აჩენს მთის კონტურებს, რომლისკენაც მიემართები. უმეტესად მხოლოდ მომდევნო ნაბიჯი ჩანს და მეც ამ ხნის განმავლობაში უკვე ვისწავლე, რომ მთავარი სწორედ მომდევნო ნაბიჯის გადადგმაა, ასე შეიძლება გაიარო მრავალკილომეტრიანი გზა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობებით. სხვანაირად არც გამოვა, ყოველთვის რომ მისასვლელ ქარაფს იყო მიჩერებული, რომელიც სადღაც ცის შუაგულშია გამოკიდებული, მისი სიმაღლე ისე დაგთრგუნავს, შეიძლება, ბოლომდე გამოგაცალოს ისედაც ძლივს შერჩენილი ძალები. ხანდახან თავი უნდა დაღუნო და ისე მიეპარო ცისკიდურს, რომ თავადაც ვერ გაიგო, თორემ ვერ ახვალ. ნაბიჯსაც ვერ გადადგამ წინ. ხანდახან თავსაც უნდა დაუმალო საბოლოო წერტილის სიდიადე, რომ მან არ გიმტყუნოს და, შეშინებულმა, ადგილზე არ მიგაყინოს.
პირველ ქოხამდე სატვირთოთი ავედით და მისი ძარიდანვე შეგვამზადა მზემ მომდევნო დღეებისთვის. თავიდან შემართებით და სიმღერით დაძრულები ბოლოს უკვე მიჩუმებულები ვიყავით და ჩანთებსა და ერთმანეთს შორის არარსებულ ჩრდილს ვეძებდით. დანიშნულების წერტილთან კი სატვირთოდან ჩამოვლაგდით და წახემსების მერე გზასაც შევუყევით.
 
როგორ ჩვეულებრივად ჟღერს: ფეხით ვიარეთ დიდხანს, გადავლახეთ აღმართ-დაღმართები, პირველ საბანაკეზე ხალხი დაგვხვდა და ამიტომ იმავე დღეს მეორე საბანაკემდე მოგვიწია გზის დაგრძელება და დღის სიცხის მერე მთის ღამის სიცივესთან შეგუება. როგორ სასხვათაშორისოდ ჟღერს, არადა ამის მიღმა სწორედ ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო – მისი უდიდებულესობა ეგისის ქედი ხარკს ითხოვდა საკუთარ სამფლობელოში ჩვენი შეშვებისთვის. ჩვენც უხმოდ და უდრტვინველად გადავიხადეთ და მეორე დღეს გზაც გავაგრძელეთ მის კალთებზე.
დაწვრილებით არ მოგიყვებით შვიდივე დღის თავგადასავლებს, უსასრულოდ დააგრძელებს ამ პოსტს და ვერც ჩემთვის შენახულ ამბებს ვიმეტებ ბოლომდე გასამჟღავნებლად. აქამდე მონათხრობიც იმიტომ დამჭირდა, რომ ოდნავ მაინც რეალური სახე შემენარჩუნებინა მთელი ამ ამბისთვის, რადგან, რაც მე ვნახე, იმას რეალურის არაფერი ეცხო.
მე ცაში ვიყავი.
ცის ბილიკებზე ვიარე და ცის თვალებით ვნახე მისი სამფლობელო, ადგილები, სადაც მზე და მთვარე დაბრძანდებიან მოსასვენებლად, სადაც უცხო ყვავილებია, რომლებიც არ მოთიბულა ადამიანის ხელით შექმნილი იარაღით და სადაც ჯიხვებს გაჰყავთ ძლივს შესამჩნევი ბილიკები, ჩვენ კი მათი ნაკვალევზე დავდივართ. მე ვნახე ქედი, სადაც ეგრისის ქალღმერთები გამოდიან, ქვეყნიერებას რომ თვალი გადაავლონ და გადაუწყვიტონ, სად ნისლები მოქუჩდნენ და სად მზემ იბრწყინოს. აქ სხვანაირად სუნთქავ, ან საერთოდ ვერ სუნთქავ; აქ იგებ, რომ სილამაზემ შეიძლება გატიროს და იყოს ისეთი უსასრულო, რომ ცნობიერებამ ის მხოლოდ ნაწილ-ნაწილ აღიქვას, რადგან აქაურობის მთლიანობაში აღქმა – ეს ღმერთების ხვედრია, ჩვენ მხოლოდ ნამცეცებს ვიპარავთ და გონების, სულის, გულის კუნჭულებში შენახვას ვცდილობთ, რადგან მეტს ვერც ვერაფერს წამოვიღებთ იქიდან.
           
ფოტოები და ვიდეოები არაფერია, ეს ყველამ იცის, ვინც იქ იყო, რადგან ვხედავთ მათ უბადრუკობას სინამდვილესთან შედარებით. და ეს ასეც უნდა იყოს. ხომ იცით ამბავი უკვდავების წყაროზე? ის მიუვალ მთებშია და თუკი ვინმე იქამდე მიაღწევს, მხოლოდ თვითონ შეეძლება დალევა, ჩამოტანით ვერავის ჩამოუტანს. ჩვენც უკვდავების წყაროს ყლუპი გვერგო, რამაც გადაგვავიწყა დაღლილობა და ახალი სუნთქვა გვაჩუქა, მაგრამ სხვებთან მხოლოდ ამბებს თუ ჩამოვიტანთ მის მაცოცხლებელ ძალაზე. მის შესასმელად თავად უნდა მიეახლოთ, დაიმსახუროთ თითოეული ნაბიჯით, რომელსაც უკვე არაქათგამოცლილი გადადგამთ, ოფლის თითოეული წვეთით, თითო ამოსუნთქვით და თითოეული ნერვით. როცა ბოლომდე დაიხარჯებით, როცა არც ნისლებს შეუშინდებით და არც გზის გაუვალობას, როცა, ყველაფრის მიუხედავად, ისევ თავდახრილი გააგრძელებთ ციცაბო დაღმართს და აღმართს ჩუმი რწმენით, ეგრისის ქალღმერთები ერთმანეთს გადახედავენ და ხელის ერთი მოძრაობით აგიხელენ თვალს იმის დასანახად, რასაც ვერ კი ინატრებდი ნისლში დაბრმავებული.
               
მე ვნახე ღმერთების გადმოსახედი და ქალღმერთების სავანე, სადაც ვარსკვლავები ჩამოდიან სტუმრად ყვავილებთან და მერე ერთად იწონებენ თავს სარკისებურ ტბებში, რომლებიც, ვერცხლად, რძედ, ფირუზად ჩამდგარი თოვლიანი მთების ფერხთით, ისეთები არიან, როგორებიც უნდა იყვნენ. ზოგზე ყინულებია მოდებული, ზოგში კი მხოლოდ მისი სიცივეა შერჩენილი და თუ მას გაუძლებ, ყველა სიმძიმეს ჩამოგბანს, რაც კი შენს სულს და სხეულს უგრძნია.
მერე წამოხვალ. წამოხვალ ლაკუმურაშ ტობადან, რომელიც ისეა მოქცეული თითქმის მიუვალ მთებში, თითქოს ღმერთის პეშვშია ცასა და მიწას შუა გამოკიდებული.
აქედან გასაღწევად კი ასვლაზე მეტი შრომა უნდა გაწიო.
იბრძოლო, რომ მისგან თავისუფლება დაიმსახურო, და როცა სამშვიდობოს გამოხვალ, აღმოაჩენ, რომ მხოლოდ მოგონებაღა გაქვს შემორჩენილი უკვდავების წყაროზე, სადაც ახლავე მიბრუნდებოდი, ძალები რომ გყოფნიდეს. იყურები გარშემო და სხვების თვალებში დაღლილობასთან ერთად იმ გულისწყვეტას ხედავ, რასაც თავად გრძნობ, გულისწყვეტას იმ საოცრების გამო, რაც ნახე და რასთან მიბრუნებასაც აქედანვე გეგმავ, როცა ჯერ ხეირიანად არც კი გამომშვიდობებიხარ იქაურობას. უყურებ ადამიანებს, რომლებმაც შენ მხარდამხარ იმოგზურეს ცაში და საკუთარ თავში, შენთან ერთად გაიარეს რეალურისა და ირეალურის ზღვარზე, შენთან ერთად გადასერეს უღელტეხილები, გაერივნენ ნისლებს და არ შეეპუვნენ მზეს. თქვენ ერთად დაბორიალობდით არაამქვეყნიურ ხილვებში და ერთმანეთს აბრუნებდით სინამდვილეში, ერთად იღლებოდით და შფოთავდით, ერთად ისვენებდით და იცინოდით. და ძალიან ცოტა რამაა უფრო დამაახლოებელი, ვიდრე – გაზიარებული ბედნიერება და სიცილი. ერთადვე ჩამოვედით და ჩამოვიტანეთ ჩვენ-ჩვენი ტობა, ჩვენებურად აღქმული, რომელიც ზოგმა ჩუმად ატარა ბოლომდე, ზოგმა – ხმამაღალი ემოცებით უზიარა სამყაროს. ჩამოვედით და ჩამოვიტანეთ ჩვენი სიცოცხლეების საზიარო შვიდი დღე, როცა სხვა ყველაფერთან ერთად ერთმანეთიც შევიძინეთ და საკუთარი თავებიც უფრო დავიახლოვეთ, როცა დრომ კი არ გაიარა, სიღრმე და მნიშვნელობა შეიძინა და ისე დარჩა ყველას ცნობიერებაში.
ჩამოვედით, რომ გვეთქვა – იქ, ცაში, უკვდავების წყაროა. გადადეთ ყველაფერი და წადით. წადით, რომ სიცოცხლე შეიძინოთ.