ტუროპერატორები საერთაშორისო კვლევებს გაეცნენ

  • Home
  • მთავარი
  • ტუროპერატორები საერთაშორისო კვლევებს გაეცნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ტუროპერატორებს საერთაშორისო კვლევები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ტუროპერატორებს საერთაშორისო კვლევების შედეგები გააცნო. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ტურუსტულად მზარდი ქვეყნების სიაშია. საერთაშორისო კვლევითი პორტალის Numbeo-ს მონაცემებით 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა.
“ავტორიტეტული პორტალი Numbeo-ს მონაცემებით, საქართველომ უსაფრთხო ქვეყანების რეიტინგში ორი ადგილით წინ გადავიდა და ჩვენ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს ვიკავებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას. ეს არის მთელი მთავრობის დამსახურება, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინიტროს მუშაობის, რის შედგადაც საქართველოს აქვს ძალიან კარგი შედეგი უსაფრთხოების კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან: ესტონეთი, შვედეთი, შვეიცარია, ავსტრია და ა.შ. ამ ფონზე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა.”-განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიში შეაფასა, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული ქვეყანაა.
“უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას ხელს უწყობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველო დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ. ეს არის მთელი იმ ღონისძიების შედეგი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებს როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე მთელი მთავრობა. ასევე ეს არის იმ ძალისხმევის შედეგი, რომელიც გაწიეს ტუროპერატორებმა, ამ სფეროში ჩართულმა კომპანიებმა და ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ტურიზმის სექტორში საქმიანობენ. ” განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ტუროპერატორებს ტურიზმის საერთაშორისო დღე მიულოცა, რომელიც 27 სექტემბერს აღინიშნება. ირმა ქავთარაძის განცხადებით ტურიზმის სფეროში შექმნილი დამატებითი ღირებულება 3 მილიარდს აღემატება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ჩვენი ეკონომიკისთვის, ამ სფეროს განვითარება ხელს უწყობს მომიჯნავე დარგებს როგორიც არის კვების, სამშენებლო ინდუსტრია და ა.შ. ”
სასტუმრო “იოტაში” ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე ტურიზმის სექტორში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია