ტიბრზე დატოვებული მოგონებები

თუკი ფილაქანს ოხშივარი ასდის , შორიდან ეკლესიის ზარის გაბმული რეკვა გესმის , გარშემო აურზაურია და კაბების ფლორალური პრინტი თვალს გჭრის , გილოცავ , შენ ზაფხულის რომში მოხვდი. ქალაქში – სადაც შენ , კეისრები, გლადიატორები, იმპრესიონისტი მხატვრები , სკეიტერი თინეიჯერები და სამსახურიდან ახლახანს გამოსული შუახნის ხალხი ყოველ საღამოს ერთად სეირნობთ.

ხშირად მიფიქრია, რას გრძნობენ სხვა  ადამიანები სამოგზაუროდ წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე . ნუთუ ჩემსავით ვერავინ ისვენებს ერთ ადგილას , საათებს ითვლიან და რუკაზე ყოველი დახედვისას ჩაკეტილ ყუთს ხედავენ , ზუსტად ისეთს სათავგადასვლო ფილმების განუყრელი რეკვიზიტი რომაა , რომლიდანაც განძის ბრწყინვალება თვალს ჭრის და ახალ საინტერესო ისტორიას უქადის პერსონაჟებს. მე ასე მჩვევია , ჩემი ემოციური მოგზაურობა თვითმფრინავის აფრენამდე ბევრად ადრე იწყება და უკან დაბრუნების შემდეგ კიდევ დიდხანს გრძელდება.  არაერთხელ გამიგია ფრაზა „ბედნიერება დეტალებშია“ , მაგრამ პირველად ამაზე მაშინ დავფიქრდი , როცა თვითმფრინავის ილუმინატორიდან  ვარდისფერ ღრუბლებს ვუყურებდი  და ვხვდებოდი , რომ იმ მომენტში ეს სრულიად საკმარისი იყო იმისთვის , რომ თავი ბედნიერად მეგრძნო.

ყოველ ჯერზე , როდესაც რომზე ვფიქრობ ვრწმუნდები , რომ ადამიანებს საოცარი უნარი გვაქვს  დეტალებში დავიმახსოვროთ ყველაფერი ის , რისი დავიწყებაც არასდროს გვინდა. სხვანაირად როგორ ავხსნა  რომ აეროპორტიდან მომავალი მანქანის ჩაწეული ფანჯრებიდან დანახული ადამიანების ტანსაცმელი , სიარულის მანერა და პროდუქტით სავსე ჩანთების ფერებიც კი მახსოვს. მახსოვს ჩემი სადარბაზოს კოდი და ჩემი გვერდითა მეზობელი , რომლის კატაც ყოველ დილით საათობით იჯდა  აივანზე და დედაჩემის სიგარეტის ბოლში გახვეულიც კი ხმას არ იღებდა. რომში განსაკუთრებით ლამაზია  წითელი აგურისგან ნაშენი სახლები , ჩემი სახლიც ასეთი იყო.  ყოველ საღამოს მზის ჩასვლისას მეგონა რომ იწვოდა , იფერფლებოდა და ღამის რომის სევდანარევ მხიარულებაში ჩასაძირად ემზადებოდა.

იტალიიდან დაბრუნებულს ხშირად მეკითხებოდნენ რომზე და იმის მიუხედავად , რომ ვცდილობდი წვრილად მომეყოლა ყველაფერი , თავში მაინც სულ ერთი პასუხი მიტრიალებდა : მსოფლიოს მასშტაბები რომ დააპატარავო რომში მოხვდებითქო – მაგრამ ალბათ ძნელია გაიგო ამ სიტყვების მნიშვნელობა თუ არასდროს გინახავს ღამით , ესპანურ კიბეებზე ჩამომსხდარი ადამიანები , არასდროს გაგიგონია როგორ აკრთობს  მათი სიცილი  სულისმხუთავ სიცხეში გაშეშებულ ჰაერს . ერთ-ერთ დღეს ამ კიბეებზე ჩამომჯდარმა ვცადე დავკვირვებოდი სხვების ლაპარაკს და შევამჩინე,  რომ გარშემო ყველა სხვადასხვა ენაზე საუბრობდა , მაგრამ იმ მომენტში ჩვენ ყველას გვესმოდა ერთმანეთის და ვფიქრობ ეს ზუსტად იმ მაგიური გარემოს დამსახურებაა, რომელსაც რომი თავისთავად ქმნის .რომის  ღამე განსაკუთრებით უყვართ ქუჩის ხელოვანებს, ერთი ვიწრო გზის ორ პარალელურ მხარეს ხშირად გამიგონია როგორ ჟღერდა ერთად ტარანტელა და Hotel California , მინახავს როგორ ცეკვავდნენ ჰიპ-ჰოპს პანთეონის წინ და როგორ დგამდნენ ცეცხლოვან შოუს კამპო დე ფიორის პიაცაზე. შეიძლება სულაც ჩემი რომანტიკოსობის ბრალია , მაგრამ ქუჩის მხატვრების ყურება ღამის რომში თითქოს წამით სრულიად გამშვიდებს , მათ გარშემო ხალხი სწრაფი ნაბიჯებით დადის , საათის ისრები რამდენიმე წრეს აკეთებს , გარე მოვაჭრეები ყვირიან , მხატვრები კი არავის აქცევენ ყურადღებას, არაფერი ახსოვთ და არაფერს ელიან .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოგზაურობისას ხშირად ვგავარ ამ მხატვრებს  ,თითქოს გონება მეთიშება და ვეღარაფერზე ვფიქრობ გარდა იმისა , რასაც ვხედავ. გამონაკლისი არც ის დღე ყოფილა,  ვილა ბოგრეზეს ბაღში ცისფერთვალება გოგო აკორდეონს რომ უკრავდა, იმ დღეს ერთი წამითაც კი არ გაუელვებია საქართველოზე ფიქრს ჩემს გონებაში , თითქოს მთები და მდინარეები , რომელთაც წამოსვლისას გადავუფრინე დროსა და სივრცეში გაიყინენ . ფიქრებში გართული მივაბიჯებდი ქანდაკებებს შორის , პუშკინს ბაირონი ცვლიდა , ბაირონს გოგოლი , გოგოლს კი ნიზამი  და ასე გრძელდებოდა , სანამ შორიდან ძალიან პატარა ქანდაკება არ  დავინახე  ნაცნობი სახით.  მის  წინ  ყვავილების   ფერადი გვირგვინი მოჩანდა . ვინ იცის , შეიძლება ყოველდღე აკითხავს ვინმე ქართველი ემიგრანტი შოთა რუსთაველის ქანდაკებას და იქ ფერად-ფერად ყვავილებს ალაგებს . რამდენიმე წუთი ვიდექი და ვაკვირდებოდი ქანდაკებას , ძნელი დასაჯერებელია ალბათ , მაგრამ ნოსტალგიის ტალღამ დაუარა გარემოს  , იმ მომენტში ჩემთვის აღარაფერი იყო ტრევის შადრევანი , ვატიკანის მუზეუმები და  კოლიზეუმი . დარჩა მხოლოდ რუსთაველის ძეგლი რომში და ჩემს წარმოსახვაში მცხოვრები ემიგრანტი , რომელიც ყოველდღე ყვავილებით ხელში მოდის  ვილა ბორგეზეს ბაღში.

გრანდიოზულმა შენობებმა , ფერწერის გამაოგნებელმა ნიმუშებმა და ქუჩაში  მდგარმა  ეგვიპტურმა ობელისკებმა შეიძლება გაფიქრებინოს ,რომ რომში ვერ ნახავ XXI საუკუნის დაუმორჩილებელი , მეამბოხე საზოგადოების სულის გამოძახილს . ასეთ დროს ყველაფერი უკან უნდა მოიტოვო და Tor Marancia-სკენ  გაეშურო .ამ ადგილას  მისვლა დროში მოგზაურობას ჰგავს . თანამედროვე ქუჩის არტისტების მოხატული კორპუსებიდან ჩვეულებრივი ადამიანები იყურებოდნენ , არა ტურისტები ან გიდები , უბრალოდ ადგილობრივი  მაცხოვრებლები და ეს ჩემი პირველი შეხება იყო რომის ყოველდღიურობასთან . არასოდეს დამავიწყდება  მათი გაოცებული სახეები  , როცა დაინახეს რომ  მათ  კორპუსებს ყველა რაკურსით  ვუღებდი ფოტოებს , შთაბეჭდილება დამრჩა , რომ ვერც კი ხვდებოდნენ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი განსაკუთრებული ამ ადგილას , რომ ტურისტი მოეხიბლა.  ჩემი გულისცემის ხმა რომ გაეგოთ იმ მომენტში  ბევრს დამცინებდნენ , მაგრამ მე დღემდე თითქმის ყოველდღე ვათვალიერებ მათი სახლების ფოტოებს , ისინი კი ალბათ ცხოვრებას განაგრძობენ და აღარც ახსოვთ გოგო ,რომელსაც ტელეფონის მეხსიერება იმ ეზოში ბოლომდე გაევსო…

 

და როგორც ბევრმა სხვამ , მეც,  მოზაურობა ტრევის შადრევანთან დავამთავრე. ჯერ კიდევ ჩასვლის დღიდან თითო მონეტას ვინახავდი კვირის ბოლოს შადრევანში ჩასაყრელად. მეგონა ხალხმრავლობა აღარსად გამაკვირვებდა , მაგრამ ტრევის ფანტათან განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი . იქნებ , მათაც ჩემსავით სურდათ მონეტები გადაეყარათ წყალში და უკან დაბრუნების იმედით წასულიყვნენ.მხოლოდ ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ მოვახერხე შადრევანთან მისვლა , მაგრამ ამ დროში ესპანელი მეგობრის გაჩენა შევძელი , რომელთანაც იმ დღის შემდეგ აღარასდროს მილაპარაკია. მიმდევრობით გადავყარე მონეტები ერთი , ორი , სამი , ოთხი და ხუთი… და მხოლოდ მოგვიანებით გავიგე რომ არსებობს ლეგენდა  , რომლის მიხედვითაც ერთი მონეტა რომში დაბრუნებაა , ორი – სასიყვარულო შეხვედრა , სამი-ქორწილი , ოთხი – სიმდიდრე , ხუთი კი – განშორება , მაგრამ ლეგენდები ხომ იმისთვის არსებობს , რომ არ დავიჯეროთ.

რომიდან  წამოსვლის დღეს მზე ვარდისფრად ჩავიდა , ტიბრის ნაპირებიდან ვუყურებდი ერთი კეთილი ბუკინისტის დახლს , რომელსაც რამდენიმე დღის წინ გამოველაპარაკე , ვუყურებდი და ვერ წარმომედგინა რომ ჩემი წასვლის მერეც გააგრძელებდა არსებობას , გაყიდდა წიგნებს , შეხვდებოდა ახალ ადამიანებს და ყოველ საღამოს სახლში დაბრუნდებოდა.ხანდახან ჩემდაუნებურად მეფიქრებოდა ხუთ მონეტაზე და განშორებაზე , ჩემს აგურისფერ სახლზე და მეზობლის კატაზე, წამით მართლა შემეშინდა -იქნებ ვეღარასდროს დავბრუნდეთქო , მაგრამ მხოლოდ საქართველოში ჩამოსულმა მივხვდი,  რა უსარგებლო იყო ეს შიში . განშორება მხოლოდ მაშინ შეიძლება , როცა საიდანმე მოდიხარ და შინაგანად არაფერი მოგაქვს თან . მე იმ ქალაქის ოხშივარი , ქუჩის მხატვრების თვალების სევდა  და მოტოციკლების ზუზუნი წამოვიღე.  ახლა ყოველი მზის ჩასვლისას , როცა ყველაფერი მშვიდდება და  ღამის წყვდიადში ჩასაძირად ემზადება ვხვდები , რომ  რომის ნაწილი ჩემში ცხოვრობს , ჩემი კი – რომში , სადღაც ბუკინისტების დახლებს , ქუჩის მუსიკოსებსა  და თამბაქოს ჯიხურებს შორის მიმავალ ვიწრო ქუჩებთან  ახლოს .