თითქოს აქვე, მაგრამ მზის სხივებთან ახლოს

  • Home
  • ბლოგები
  • თითქოს აქვე, მაგრამ მზის სხივებთან ახლოს

მარელისი ჯობია თუ თუშეთიო, კითხეს მას მარელისში ყოფნისას, რაზეც მან ოდნავ შესამჩნევი გაკვირვებითა და მეტის თავდაჯერებით უპასუხა, არც შევადარებო! ამ პასუხმა ჩემში, მარელისით აღფრთოვანებულში, პროტესტი გამოიწვია, ასე ცალსახად როგორ გადაუსვა ხაზი ამ სილამაზეს მეთქი..ეს იყო დრო, როცა თუშეთი მხოლოდ სკოლის გეოგრაფიის წიგნის ფურცელზე მქონდა ნანახი..ეს იყო მაშინ როცა საქართველო არ მენახა..
ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ გათენდა დილა, რომელიც ჩვენ დიდიხნის წინ დაგეგმილი ოცნების ასრულებას გვპირდებოდა. აი ისიც, ჩვენ თუშეთში მივდიოდით! გვჯეროდა?! არ გვჯეროდა და ამიტომაც ხშირად ვიმეორებდით, რომ ჩვენ დღეს თუშეთის სუნს შევიგრძნობდით.
თუშეთში ვიცხოვრეთ 10 დღე. და ეს უბრალოდ რიცხვებია. ეს იყო 10 დღე, რომელმაც იმაზე მეტი ბედნიერი წუთი მაჩუქა, ვიდრე ეს დანარჩენმა 355 დღემ შეძლო ერთად.. ეს იყო 10 დღე, რომელმაც იმდენი მოგონება დამიტოვა გულსა და გონებაში, რომ საუკუნებიის სიცოცხლე დასჭირდებოდა მათ ამოშლას, ჩემდა საბედნიეროდ კი ჩემი დარჩენილი წლები მათ ვერ მოერევა.. ეს იყო 10 დღე, როცა ვიღვიძებდი ადრე, რადგან არ მინდოდა დრო ძილში დამეკარგა.. ეს იყო 10 დღე, რომელიც არ უნდა დასრულებულიყო..
დასრულდა მხოლოდ ფაქტობრივად, გონება და გული კი ისევ იქ დარჩა. თვალებს ვხუჭავ და ეპიზოდებად ვხედავ როგორ ვიღვიძებ დილით, გამოვდივარ აივანზე და სასიამოვნო სიცივისგან მობუზული ვუყურებ ნისლიან მთებში შეჭრილ ამომავალი მზის სხივებს.. ვხედავ, როგორ ღრმად ჩავისუნთქავ თუშეთის ჰაერს, თითქოს ვცდილობ ფილტვების ყველაზე მიმალული უჯრედებიც *გავაძღო* და ჰაერი დავიმარაგო.. ვხედავ, როგორ ვზივარ აივანზე და ვუსმენ მის ფანდურზე დაკრულსა და ნამღერ ქართულ სიმღერებს, რომლებიც საოცრად უხდება თუშეთს..ვხედავ, როგორ გვიხარია წყლის მოსვლა, როგორ ვიბანთ თავებს არათბილისურად, როგორ ვამზადებთ საჭმელს არათბილისურად, როგორ ვსვამ ერთ თერმოს ცხელ ჩაის არათბილისურად, როგორ ვიძინებთ საძილე ტომმრებში არათბილისურად.. ყველაფერი რაც ხდებოდა თუშეთში იყო ახალი, განსხვავებული, თანამედროვეობას მოკლებული, მთის სულით გაჟღენთილი, რაღაც დიდებული და კიდევ უფრო აღმატებული.
მჯობნზე მჯოობნს რა დალევსო და.. იქაც, თუშეთშიც იყო დღეები უკეთესიც და კიდევ უფრო კარგიც..იყო მომენტები, როცა მინდოდა დრო გაყინულიყო და მერე მზეც ჩამქრალიყო რომ ვეღარაფერს გაებედა ამ ყინულის გადნობა.. ამ მომენტებს სახელად ქვიათ: გზა დოჭუმდე, დოჭუ, დოჭუს ფიჭვნარი, გზა დოჭუდან, მირგველა..
გზა დოჭუმდე იყო გრძელი და კიდევ უფრო მომხიბვლელი..დოჭუზე საუბარი მიჭირს,
რადგან შტორმივით სხვადასხვა ემოციები და გრძნობები დამატეხა თავს..იყო ემოცია დროში დაბრუნების, ვუყურებდი სიპი ქვით ნაგებ თუშურ კოხტა და ამავე დროს მედგარ სახლებს ჟამთა სვლა რომ დაუმარცხებიათ და მეგონა 21ე საუკუნიდან ამომსვეს და ძველ დროში ჩამსვეს მეთქი..იყო ემოცია სასწაული სიამაყის, რომ ყველაფერს რასაც ვხედავდი ჩემი სამშობლო ქვია და რომ მე ამ მიწის შვილი ვარ..იყო ემოცია ისეთი ბედნიერების, რომ მეშინოდა იმ წუთის როცა ამას ვეღარ ვიგრძნობდი.. დოჭუს ფიჭვნარი? ეს იყო დრო დაისისა, ჩემთვის დღის ყველაზე მშვიდი და საყვარელი პერიოდი.. მივდიოდით ვიწრო ბილიკზე და ვტკბებოდი ჩამავალი მზის სხივებბით რომელიც აქაიქა, ფიჭვების ტოტებს შორის იჭყიტებოდა, თითთქოს ცდილობს ადამიანთა სახეებზე აღბეჭდილ ემოციებს თვალი შეასწროს და ამოიკითხისო.. ფიჭვთა სიმწვანე და ჩამავალი მზის მოწითალო-მოყვითალო სინათლის შერწყმა ჩემს ირგვლივ ისეთ სიმყუდროვეს და არაამქვეყნიურ გარემოს ქმნიდა რომ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ბუნებაში ვიძირებოდი, ბუნებით ვსუნთქავდი, ბუნებას ვგრძნობდი..ჩამოვჯექი მიწაზე და ვფიქრობდი რომ ახლა, ამ წუთში აბსოლუტურ, წმინდა ბედნიერებას ვგრძნობ მეთქი. ეს არ გავდა სხვა დროს განცდილ რაიმე გრძნობას, ეს იყო ბედნიერება სინდისის ქენჯნის გარეშე.. დოჭუს ფიჭვნარში ვიჯექი, გავყურებდი ხრამს იქით საოცრად კოხტა და მომხიბვლელ სოფელს მთაზე რომ შეფენილიყო და მეგონა სურათს ვუყურებდი, სურათში ვიჯექი, ყველაფერი მეგონა იმის გარდა, რომ მე ამ ყველაფერს რეალობაში ვხედავდი და განვიცდიდი.


ბუნება ხშირად სულიერივით ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს გუნება-განწყობაზე მაგრამ მაინც უსულოა, როგორი თვალწარმტაციც არ უნდა იყოს ის..ყველაფერს ადამიანი ძენს აზრს და ალამაზებს..ჯერ თუშეთმა გაგვილამაზა დღეები და მერე ჩვენმა თუშებმა.. ყველა ეპიზოდი რაც ჩემში ცოცხლობს უსულო იქნებოდა მათ გარეშე..თუშეთში თუშების გარემოცვაში ყოფნა და მათი თუშური საუბრის მოსმენა ასამკეცებდა თუშურ სულს.. თუშეთში ცხოვრება იყო ბედნიერება, თუშების გვერდით ყოფნა იყო ბედნიერება..
მაგრამ ყველაფერი კარგი მთავრდება და თუშეთის დღეებიც დასრულდა..ჩვენ წამოვედით და მე გული და გონება იქ დამრჩა..გზაში ყელში რაღაც მეჩხირებოდა, ფიზიკურად ვგრძნობდი გულშიც ტკივილს. თვალებიდან არ ამომდიოდა ნისლიანი თუშეთი იმ დილით, თითქოს სევდანი რომ გვაცილებდა და გვემშვიდობებოდა, თვალებიდან არ ამომდიოდნენ ჩვენი ბავშვები, რომლებიც იქ დავტოვეთ და რომლებიც უკვე მენატრებოდნენ..ვერაფრით ვეგუებოდი იმ აზრს რომ თუშეთს ვემშვიდობებოდი, რომ ეს ყველაფერი მოგონებადღა მრჩებოდა..ფანჯარაში ვიყურებოდი და აკანკალებული ნიკაპისა და სველი თვალების დამალვას ვცდილობდი..

6 თვეზე მეტი გავიდა, რაც თუშეთი დავტოვეთ მაგრამ მე ხშირად ისევ იქ ვარ..ყოველჯერზე როცა ვუსმენ იმ სიმღერებს,რომელსაც იქ ვუსმენდით,მე თუშეთის ბილიკებზე დავაბიჯებ..როცა ვათვალიერებ იქაურ სურათებს, მაშინვე იმ სიტუაციაში აღმოვჩნდები
ხოლმე..მე ისევ იქ ვარ, თუშეთის მთებში თუშ ბაშვებთან ერთად..

თუშეთმა მე საქართველო მანახა!