შემოდგომის სტამბოლი

სტამბოლის მწერალი უნდა გავხდე, რამდენიმე წლით.სიმართლე ვთქვა,არ ვიცი ასე ხშირად რატომ მახსენდება ეს ქალაქი და რატომ მთხოვს დავუბრუნდე და ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციო მასზე. არ ვიცი რატომ მინდა,  წავიდე თოლიებთან და რამე გავაკეთო…ამას ვერ ვხსნი და ყველაფერს იმ ლამაზ და შთამბეჭდავ პეიზაჟებს ვაბრალებ,რომელიც ამ ქალაქში ვნახე, რამდენიმე თვის წინ და ახლა დაბრუნებაზე ვფიქრობ.მოსაყოლი და სათქმელი ბევრია,ან მე რა უნდა მივამატო ჩემი უბრალო სიტყვებით ამ ქალაქის აღწერას,მაგრამ იმ გოგონაზე, შემიძლია დავწერო ბევრი,რომელიც ქრისტეს ფრესკასთან იდგა აია-სოფიას ტაძართან და ბევრ რამეს ფიქრობდა..ფიქრობდა,რომ პირველ რიგში მალე უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში,ბავშვებთან,რომ მათ გარეშე შორს ყოფნა ძალიან ძნელია,მაგრამ ფიქრები საზღვრებს სცდებოდნენ,თოლიებთან ერთად მეც მივფრინავდი, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე და თავისუფლებას ვგრძნობდი.
შემოდგომაზე ძალიან ლამაზია სტამბოლი.თითქოს ბოსფორიც ოქროსფერ ფერებში არის ჩაძირული და მისი ტალღებიც მეწამულისფრად ირეკლება სულში,როდესაც გემბანიდან იყურები.ბროწეულის წვენი ამ სეზონზე ძალიან გემრიელია,რომელიც ქუჩის ნებისმიერ კუთხეში შეგიძლია შეიძინო და ამ ჯადოსნურ სითხეს,როდესაც დალევ იგრძნობ,რომ ენერგია მოგემატა.ძალიან ბევრს ივლი ფეხით.მისტიკური გახდები.მიუწვდომელი.აივსები გრძნობებით და ბოლოს ჩამოჯდები ლურჯ მეჩეთთან და აია-სოფიას ტაძრის ყურებით დატკბები.ეს ადგილი ყველაზე ახლობელი გახდენა შენთვის.ამის იქეთ არსად წახვალ.შეიძენ სიმითს სეზამის მარცვლებით და დააკვირდები მუსლიმან ქალებს,შეგებრალება მათი ჩადრით დაბურული წაბლისფერი თმები და შეეცდები წარმოიდგინო რას გრძნობენ ისინი,როდესაც შენს მხრებზე დაშვებულ თმებს უყურებენ..შენი საყვარელი ადამიანი კი ნაზად იხრება და ხელზე გკოცნის. ადამიანისთვის ბედნიერება და სევდა,ყველგან სხვადასხვაა.ამას სამყაროც გრძნობს და ცდილობს შეაჩვიოს ადამიანი ამ გარდაუვალ კანონზომირებას – სევდას და ბედნიერებას,რომლებიც ენაცვლებინ ადამიანში ერთმანეთს ცხოვრების გასაგრძელებლად.