როგორ ვაქციოთ მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად, ანუ რა უნდა ვიცოდეთ ლაშქრობის, ზიპლაინის და ჯომარდობის შესახებ

  • Home
  • ბლოგები
  • როგორ ვაქციოთ მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად, ანუ რა უნდა ვიცოდეთ ლაშქრობის, ზიპლაინის და ჯომარდობის შესახებ

ალბათ თანამედროვე ცხოვრებაში ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, ვისაც მოგზაურობა, ახალი ადგილების აღმოჩენა და თავბრუდამხვევი თავგადასავლები არ იზიდავს. საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი ნებისმიერი ადამიანს აძლევს საშუალებას საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს და ცხოვრება ლამაზ მოგონებად აქციოს. ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება გიორგი ჩინჩალაძე, რომელიც საფეხმავლო გიდია. თითქმის მთელი საქართველო ფეხით აქვს შემოვლილი. ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს რეგიონი, სადაც რაიმე სახის ტურისტული მიმართულება ვერ განვითარდება.

– მოგზაურობა 2010 წელს დავიწყე. საკმაოდ კარგი პერიოდი იყო და ამან დიდი როლი ითამაშა  შემდეგ  ჩემი პროფესიის არჩევაში. ჩემთვის მოგზაურობა იმდენია, რამდენიც ადამიანისთვის მაღალი ხელფასი და კარგი ცხოვრება. იმდენად შევეჩვიე ბუნებაში ცხოვრებას, რომ ხშირად სახლში უფრო უსიამოვნოდ მძინავს, ვიდრე მთაში. მოგზაურობის სეზონი კი არასდროს წყდება. შეიძლება 12 თვიდან მხოლოდ 2 ან 3 თვე დავისვენო. დანარჩენ დროს მოგზაურობაში და ახალი ადგილების აღმოჩენაში ვატარებ.

– რას იტყვით ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე? რამდენად მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია საქართველოში მოგზაურობა?

– ჩვენს ქვეყანას მაღალი პოტენციალი აქვს, თუმცა ამას ნაკლებად ექცევა ყურადღება. ჭიათურაში ასობით შეუსწავლელი და გამოუკვლეველი მღვიმეა. შეიძლება ათასსაც  გადააჭარბოს და მეტიც იყოს. სამწუხაროდ ჭიათურა ტურიზმის მხრივ ბოლო ადგილზეა და ყურადღება საერთოდ არ ეთმობა. საქართველოში უამრავი სახის ტურიზმის განვითარებაა შესაძლებელი, თუმცა ამ საქმის მცოდნე ხალხიც ნაკლებად მოიძებნება. ესენია : კანიონინგი – ჩანჩქერებზე დაშვება, სპელეო ტურიზმი – საცხენოსნო ტურიზმი, კვადრო ტურიზმი – და სხვა. საქართველოში გვაქვს ყველანაირი სერვისი, რის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც ყველა ადამიანი გარკვეულ სარგებელსაც კი მიიღებს. საქართველოში უამრავ ადგილას გვაქვს ბუნებრივი გოგირდის აბანოები, ბუნებრივად შექმნილი ჩანჩქერები, ჩქერები და კანიონები, ასევე გვაქვს უამრავი მღვიმე, გვაქვს წყალუხვი მდინარეები სადაც ჯომარდობის  და კაიაკინგის განვითარებაა შესაძლებელი. საქართველოში არ არსებობს რეგიონი, სადაც რაიმე სახის მიმართულება ვერ განვითარდება.

საქართველოში თითქმის არც ერთი ადგილი არ დამრჩენია უნახავი, თუმცა რამდენიმე ადგილი ჯერ კიდე სანახავი მაქვს და ჯერ ბოლომდე ვერ ამოვწურე საქართველოში სანახავი ობიექტები. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც თუშეთია. არა მხოლოდ ის თუშეთი, რომელსაც სამანქანო გზით ათვალიერებენ. არამედ ის თუშეთი, საიდანაც აწუნთის უღელტეხილით ხევსურეთიდან არდოტის ხეობიდან გადმოდიხარ თუშეთში. ეს ერთ-ერთი რთული ბილიკია სალაშქრო ბილიკებს შორის, თუმცა სანახაობა იმდენად მაღალია ადამიანი ერთხელ მაინც უნდა იყოს ამ მარშრუტზე ნამყოფი თუ ჯანმრთელობა და განწყობა ხელს უწყობს.

– იმ ადგილებს შორის, სადაც თქვენ ხართ ნამყოფი, ყველაზე სახიფათო ადგილი რომელია?

– საქართველოში ყველაზე მეტი სალოცავი სვანეთში მდებარეობს, ყველაზე ლამაზი თუშეთია, მაგრამ მე როგორც მოგზაურს, მიუხედავად იმისა, რომ ფუძე იმერული მაქვს რაჭა მიყვარს და ჩემი ფავორიტი რეგიონი მაინც რაჭაა.

– რაც შეეხება ზიპლაინს და ჯომარდობას, რამდენად განვითარებული და პერსპექტიულია საქართველოში?

– ზიპლაინი სამწუხაროდ 2017 წლამდე არ იყო განვითარებული, თუმცა ამ ეტაპზე უკვე ვითარდება და დიდ პერსპექტივა აქვს ყველა რეგიონში. ჯომარდობა საქართველოში უკვე წლებია აქტუალურია და საჯომარდო ტურებს დიდი ხანია  უამრავი კომპანია აკეთებს. ჩემდა სამწუხაროდ ბოლომდე არ არის განვითარებული ჯომარდობა რაჭაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამასაც მალე მიხედავენ და ბევრ საჯომარდო ბანაკს ვიხილავთ ამ რეგიონში. სხვა მხრივ კი ჯომარდობა დიდ როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაში. საქართველო მდიდარია რთული კატეგორიების ტრასებით. ყველაზე სახიფათო ადგილი მაინც თუშეთია. განსაკუთრებით რამდენიმე მონაკვეთი. საფეხმავლო მარშრუტიც საკმაოდ რთულია. ასევე გამოვარჩევდი თრუსოს ხეობაში ყელიწადისკენ მიმავალ ბილიკს. ძალიან რთულია და ვისაც სიმაღლის შიში აქვს არ არის რეკომენდირებული ამ მარშრუტზე წასვლა. ასევე სახიფათოა მოგზაურობა და ლაშქრობა სამეგრელოს ტბების მიმართულებით ტობავარჩხილის ტბებზე. რამდენიმე უღელტეხილის გადავლა გიწევს და საშუალოდ 5-6 დღით წასვლას საჭიროებს, რათა ეს სილამაზე სრულად მოინახულო.

– რა უსაფრთხოების ზომებია დასაცავი ამ დროს?

– უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია.   ტურის წინამძღოლმა და მისმა თანმხლებმა, სულ მცირე ორმა პირმა კარგად და სწორად უნდა იცოდნენ უსაფრთხოების ნორმები. აუცილებელია პირველადი დახმარების ცოდნა. ასევე აუცილებელია მსგავსი სიტუაციის კონტროლი. ასევე აუცილებლობას წარმოდგენს ადამიანის მოგზაურობის დაწყებამდე ინფორმაციის მიწოდება მესამე პირზე, ამა თუ იმ მარშრუტის გავლის დაწყებამდე.  ამ შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანის მოგზაურობა უსაფრთხოა და თავის დროზე არ გამოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება ხდება. ასევე მოგზაურმა უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული მარშრუტის გავლამდე მისი სირთულე, ეს შეადაროს მონაწილეების გამოცდილებისა და შესაძლებლობების დონეს და ამის შემდეგ დაგეგმოს სწორი და უსაფრთხო მოგზაურობა. ასევე აუცილებელია მოგზაურს ქონდეს შემდეგი მოწყობილობები : ჯიპიესი, ხელის რუკა, კომპასი, ტელეფონი, დამატებითი ელემენტი, სიმბარათი, შესაბამისი აღჭურვილობა, ასევე გამოცდილება და სიტუაციის მართვის უნარი.

– ზიპლაინისთვის და საჯომარდოდ ყველა საუკეთესო ადგილი რომელია საქართველოში?

– ზიპლაინისთვის ყველაზე საუკეთესო მონაკვეთი ამ ეტაპზე მდებარეობს საირმეში, რომელიც 800 მეტრის სიგრძის არის და ყველაზე ექსტრემალურ ზიპლაინად ითვლება საქართველოში, თუმცა არსებობს საკმაოდ კარგი ადგილები საქართველოში, სადაც ზიპლაინის დამონტაჟებაა შესაძლებელი და უახლოეს მომავალში ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ. ესენია გუდაური, ყაზბეგი, აჭარა, სვანეთი, თუშეთი და სხვა.

საჯომარდოთ ყველაზე კარგი ტრასა და ადგილი არის რაჭა და ყველაზე საინტერესოც აქ არის ჯომარდობა იმ ტრასებს შორის, რომელსაც საქართველო გვთავაზობს.

– თქვენზეც ვისაუბროთ, რა განიცადეთ პირველი დაშვების დროს და სად მოხდა ეს?

– პირველი დაშვება არც თუ ისე მაღალი ადგილი აღმოჩნდა. ეს მოხდა პირველად, როდესაც 200 მეტრიანი ზიპლაინი გავჭიმეთ სატესტო რეჯიმის დროს ცხვარიჭამიის მხარეს, 2016 წელს და ამაში უცხოელი ინსტრუქტორები დაგვეხმარნენ. თავიდან შიშის მომენტი მქონდა, მაგრამ როდესაც დავეშვი შიში საერთოდ გაქრა და სიამოვნება მივიღე.

როდესაც ზიპლაინი დასრულდა არ მეყო და უფრო მეტი მომინდა. მაშინ მივხვდი, რომ რაც უფრო დიდს და ექსტრემალურ ზიპლაინს დავამზადებდით, მით უფრო გაიზრდებოდა ინტერესის სფერო და მომხმარებელიც შესაბამისად გამოგვყვებოდა. 2015 წელს, როცა პირველად ვაპირებდი ჯომარდობას, შიშის გრძნობა მქონდა, თუმცა ჯომარდობის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ამ სპორტს არასდროს დავანებებდი თავს და დრო და დრო უფრო რთულ მონაკვეთებზე მომიწევდა ჩემი ემოციების დაკმაყოფილება.

     მერი ბლიაძე