The Road Less Traveled – ანუ მე რომ 18 წლის ვიყავი…

…უნდა ვწერო მოგზაურობაზე… მოგზაურობაზე ლონდონში… ,,მოგზაურობა’’??? არ ვარ დარწმუნებული , რომ ამას ასე ბანალურად დავარქმევ ან აღვიქვამ…ეს არ ყოფილა უბრალოდ მოგზაურობა ლონდონში, ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა ცხოვრებაში, საკუთარ თავში, პატარა ნაჭუჭიდან ჭუპრივით გამოვარდნილი და პეპლად გადაქცეული გოგოს გაფრთხიალება უზარმაზარ გალაქტიკაში, სადაც ა რ ა ფ ე რ ი იცი… 18 წლის ვარ და პირველად ვშორდები ოჯახის წევრებს, მეგობრებს. აეროპორტში იმდენი ხალხი მოგროვდა ჩემს გასაცილებლად, საკუთარი დაბადების დღე მგონია. ყველა რაღაცას მჩუქნის და მეუბნება, რომ ამ ნივთის შეხედვისას ის გამახსენდება. მკოცნიან, მეფერებიან და მეუბნებიან, რომ მე ყველაზე ყოჩაღი ვარ. მეც ვიჯერებ, რომ რაღაც ძალიან საოცარი ხდება ჩემს თავს და ნახევრად გაბრუებული, საიდანღაც იქ გაჩენილი რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას: ,,თუ იცით რატომ გადაიდო რეისი რამდენიმე საათით, გაგაფრთხილეს თუ არა, რომ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები აღმოაჩნდა და ხომ არ ვღელავ ამის გამო’’, სრულიად ბედნიერი ვპასუხობ, რომ ძალიანაც კარგი თუ გადაიდო, კიდევ უფრო მეტ ხანს ვიქნები ჩემებთან ერთად, ვსარგებლობ შემთხვევით და ბებოს, რომელიც შეგნებულად არ/ვერ წამოვიდა ჩემს გასაცილებლად ტელევიზორიდან ვუქნევ ხელს და ვეუბნები, რომ მიყვარს. 18 წლის ვარ და პირველად, სრულიად მარტო მივემგზავრები იმ ქალაქში, რომელზეც 6 წლიდან ვაგროვებ ცნობებს, ვსწავლობ, ვაკვირდები, ვუყურებ და ვოცნებობ, რომ ოდესმე შორი-ახლოს მაინც ჩავუარო 221B Baker Street-ს, რომ დავრწმუნდე ,,ჩემი’’ შერლოკი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია თუ ურევია სიმართლის მარცვალი მის არსებობას. მივემგზავრები ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ მონარქიაა და მათ ნამდვილი დედოფალი ჰყავთ, სადაც პარლამენტში ერთად სხედან ,,ლორდები’’ და ,,თემთა’’ პალატის წევრები და ყველა იმ ნახევრად ფორმალური თუ თეატრალიზებული წესების დაცვით იღებენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს. მე ფეხს დავდგამ ისეთ ადგილებში, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ პრინცესა დაიანა დადიაოდა, აუცილებლად მივალ და ჩემი ორივე თვალით კარგად დავაკვირდები წერტილს, სადაც დედამიწა ორ ნაწილად იყოფა. (გრინვიჩის ობსერვატორია)… რამდენმე საათიანი მგზავრობის შემდეგ პილოტმა რომ ინგლისის ზოგადი კლიმატი და ამინდის პროგნოზი გვამცნო, დაშვებას ვიწყებ და მოემზადეთო, გამოგვიცხადა, გულმა გამალებით დამიწყო ცემა… აქ პირველად, მოგვიანებით კი, ყოველი ახალი ქვეყნის სტუმრობისას, თვითმფინავის ტრაპზე ფეხის დადგმისთავანე ვგრძნობ ქალაქის განსაკუთრებულ სუნს და აურას. გულში ვიმეორებ დაზეპირებულ ფრაზებს, კოლეჯის დასახელებას, სადაც უნდა ვისწავლო, სახლის მისამართს (რომელიც ისე უცნაურად ჟღერს, რაღაც ინიციალები W6 7RN), ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და რა მინდა ინგლისში. მესაზღვრეს შეშინებული ვუყურებ და თან ვითომ არ ვიმჩნევ, რომ პატარა გოგოს ცხოვრება ამ წუთას სწორედ ამ უხეში გამომეტყველების ფერადკანიან ქალზეა დამოკიდებული და თუ ახლა მან გადაწყვიტა, რომ არ ვარ მის ქვეყანაში შესვლის ღირსი, თავზე ჩამომენგრევა ჩემი ნაკიწოწევი ოცნებების ბრჭყვიალა კოშკი. თვალებში მიყურებს მკაცრად და ცივად, თუმცა ზედმეტი კითხვებით არც თვითონ იწუხებს თავს და არც მე მაწუხებს, ცივადვე მიბრუნებს ჩემს პასპორტს და მიშვებს. ოპაა! ჰითროუს აეროპორტი საერთოდ არ ჰგავს თბილისისას. არც ის ვიცი ეს ამხელა შენობა სულ აეროპორტია თუ ასეთი გადახურული ქუჩებით უკვე ქალაქში გავდივარ… ვიცი, რომ ჩემი შორეული ნათესავის მეუღლე დამხვდება. ნათესავს საკიპით ვიცნობ, მეუღლეს არა, თუმცა ვიცი, რომ საიმედო ხელში ვიქნები,რადგან სწორედ მის იმედად გამომიშვა მამაჩემმა ამხელა ქვეყანაში ეს ,,პატარა გოგო’’. მოჟამული ამინდია, ასეთსაც ველოდი, მეტიც, მზიანი ლონდონი ვერც კი წარმომედგინა. აეროპორტის გზა ძირითადად ტრასით შემოიფარგლება, მე კი გაფაციცებით ვიყურები ირგვლივ, იქნებ ,,თაუარ ბრიჯს’’ ან ,,ლონდონ აის’’ მოვკრა თვალი და დავიჯერო, რომ მართლაც აქ ვარ. ნურას უკაცრავად, კაი ხანს ვიარეთ ტრასაზე, ნელ-ნელა ვიწრო ქუჩებით განსხვავებულ სახლებს ჩავუარეთ, ყვავილებით, პატარა დეკორატიული ხეებით და მუქი, აგურისფერი შენობებით უკვე მოხიბლული ვარ. კარგა ხნის სიარულის შემდეგ, მანქანა ერთ-ერთ ასეთ შენობასთან ჩერდება, ძია ვახტანგი კარს მიღებს და welcome-ო მეუბნება. ვიცი, რომ ეს ის სახლი არ არის, სადაც უნდა ვიცხოვრო, რადგან ჯერ სტუმრად მათთან მივდივარ. ლია დეიდა და ანა გაბრწყინებული სახეებით მელიან და გულში მიკრავენ. ანა განსაკუთრებული გოგოა, საოცრად მგრძნობიარე, შენი არც ერთი მიმიკა რომ არ გამოეპარება და ყველაფერზე გკითხავს, რამე ხომ არ გინდა ან გაწუხებს. პირველივე შეხვედრაზე ,,sister’’-ს მეძახის და ასე, ხელჩაკიდებული დავყავარ ოთახებში რომ ყველა კუნჭული მანახოს, მისი ნამუშევრები, ინტერესები და ფიქრები გამიზიაროს. ლია დეიდა მეუბნება, რომ ქართული სული ჩამოვიტანე, მისურვებს, რომ ეს პეწი არ დავკარგო ლონდონში და არ მოვეშვა. ზუსტად ვერ ვხვდები რას გულისხმობს,მაგრამ გავა დრო და მე თვითონ მომენატრება სალონში დავარცხნილი თმები, მაღალი ქუსლები და ფერუმარილით შეფაკლული სახე სარკეში. აქ უბრალოდ ამის დრო არ არის… ზოგადად, აქ დრო ყველაფერისთვის ძალიან ცოტაა და სულ ფიქრობ, რომ რაც დღეს გინდოდა და ვერ მოასწარი, ხვალ აუცილებლად შეძლებ. მერე ხვალაც იგივეს ფიქრობ და ისე უცებ გელევა გამოზოგილი 364 დღე… ნამსი და ძაფიდან დაწყებული, ავტობუსის ბილეთებით დამთავრებული, ყველაფერი რომ მომცა და დამარიგა ჩემმა ლონდონელმა დედობილმა, მითხრა – ახლა მოემზადე, სახლში მიგიყვან და ძალიან კარგ ქართველ გოგოებს ჩაგაბარებო. უკვე შეღამებულზე გამოვედით ქუჩაში და სახლისკენ გავემგზავრეთ. დიდი და გაშლილი, ბრჭყვიალა ქუჩებიდან, პატარა, ძალიან ლამაზ ქუჩაზე ვუხვევთ და ერთნაირი, თეთრი, სამსართულიანი, ვიქტორიანული სახლებიდან ერთ-ერთთან ვჩერდებით. გული მეკუმშება, რადგან ეს სწორედ ისეთი სახლია, ფილმ ,,ნოთინგ ჰილში’’ რომ მაქვს ნანახი. ნუთუ აქ ვიცხოვრებ? ჩემი უზარმაზარი ჩემოდნით ვდგევართ სახლის წინ და გულისფანცქალით ველი ვინ გააღებს კარს და შიგნით როგორი გარემო დამხვდება.

კარი გაიღო და ჩემი მომავალი ,,ლონდონელი დედები’’ ძალიან თბილი ღიმილით შემხვდნენ. ყველა მეფერება და რჩევებს მაძლევს. მპირდებიან, რომ როგორ კი მოიცლიან, ერთი ქალაქს დამათვალიერებს, მეორე შექსპირის თეატრში დამპატიჟებს, მესამე ქალაქში ცნობილ, იაპონურ საჭმელს გამასინჯებს და ასე, უსასრულოდ… გული ბედნიერებით მევსება… ჩემი ოთახი სხვენშია, ვიქტორიანური სახლის მე–3 სართულზე. ოთახი პატარაა, მაგრამ რბილი იატაკი, ამოქოლილი ბუხარი და მეზობლის ბაღში გაჭრილი ფანჯარა, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. გარემოს ვათვალიერებ და ნეტარებისგან, ფილმებში რომ მინახავს ისეთი მოძრაობით ვეხეთქები ლოგინზე. შემდეგი დღე თავისუფალი მაქვს და გადავწყვიტე ახლო-მახლო ტეროტირიები ,,დავლშქრო’’. აგვისტოს თბილი დილაა, შილიფად ვიცვამ და ფეხაკრეფით მივეშურები ქუჩისკენ. პირველივე შემხვედრმა გამიღიმა – დავიბენი… მეორემაც… ვიფიქრე, ალბათ დამინახეს ბარგით რომ მოვედი, მიხვდენენ , რომ ახალი ჩამოსული ვარ და ეს აქაური welcome ჟესტაითქო. ავტობუსში მეორე სართულზე ავდივარ და წინ ვჯდები. ტრანსპორტი დაიძრა და შესახვევში უმუხრუჭოდ რომ შევიდა, ომახიანად შევყვირე. ვიფიქრე, რაღა პირველივე დღეს უნდა მოვკვდე და თან ასე საშინლად, ავტო – ავარიაში… თუმცა ავტობუსი გასწორდა და კვლავ რწევით განაგრძო მოძრაობა. ირგვლივ კი არავის შეუწყვეტია გაზეთის კითხვა. ადგილი, რომელმაც პირველი, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, ძველი პორტობელოს მარკეტია. შაბათ-კვირას ეს ქუჩა განსაკუთრებულად გამოიყურება და ახლა უკვე ზუსტად ვიცი სად უნდა გავატარო უქმეები სიძველეებთან კავშირი რომ არ გავწყვიტო.

  

ფოტოაპარატის ობიექტივიდან ვუყურებ უზარმაზარ, ძველებურ შენობებს და ვდილობ ყველაფერი ფირზე აღვბეჭდო, ემოციების გაზიარება რომ მარტივად მოვახრხო მეგობრებისთვის. შებინდებისას ღია კაფეში ვჯდები, ლაზანიასა და ჭიქა შავ ღვინოს შევექცევი და საბოლოოდ დანაყრებულს, აღმომხდება – რა ბედნიერებაა, როცა აცნობიერებ – შენი ოცნება ახდა. ესეც ახალი ეტაპი – Welcome to the World! ნეტავ როგორი იქნება მომდევნო 363 დღე, რომელიც აქ, ამ ქალაქში უნდა გავატორო ფართოდ გახელილი თვალებით?…

 

(ფოტოები, რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნებულმა, გადავიღე სწორედ იმ ადგილებში, რომელიც დღემდე განსაკუთრებით ემოციას იწვევს ჩემში)