ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება, ანუ ჩემი ევროპული “არდადეგები”

  • Home
  • ბლოგები
  • ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება, ანუ ჩემი ევროპული “არდადეგები”

Luftschloss გერმანული სიტყვაა და ისეთ რაღაცას ნიშნავს, რომელზეც მუდამ ოცნებობ, შენს გონებაში აწყობ, აშენებ, მაგრამ იცი რომ განუხორციელებელი და არარელურია. ჰოდა, ალბათ ჩემთვისაც არარეალური იყო იმის წარმოდგენა, რომ ერთ ზაფხულს თვეში ევროპის 5 ქვეყანას და გერმანიის ძალიან ბევრ ქალაქ-სოფელს ვნახავდი, თანაც მარტო, სრულიად დამოუკიდებლად.

2 თვის გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში გატარებას არდადეგებს ალბათ ვერ დავარქმევთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ არდადეგები დასვენებასთან ასოცირდება, მე, გულწრფელად რომ გითხრათ,რადგან სამუშაოდ ვიყავი წასული არც ერთი დღე დამისვენია (ჩემ ფეხებს არ დაუსვენიათ, უფრო თუ დავკონკრეტდებით) მაგრამ მთლიანობაში ასეთ არდადეგებზე ვერც კი ვიოცნებებდი. იქ ყოფნისას პატარა ჩანაწერებს ვაკეთებდი, რომლების თქვენთვის ჩვენებასაც ვაპირებ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დავიწყებ.

ახლა, ვინც იცის რომ გერმანიაში ვარ ალბათ წამოწოლილი წარმოვუდგენივარ, თბილ სახლში, ერთ მხარეს კომპიუტერი მაქვს ჩართული ინტერნეტით, მეორე მხარეს კი, ტელევიზორში გერმანულ გადაცემებს ვუყურებ. სიწყნარეა, სახლში თბილა და დიდ ფანჯარაში ქალაქის წვრილი ქუჩები ჩანს. შემიძლია ველოსიპედით გავისეირნო, საყიდლებზე წავიდე, ბრეცელები ვჭამო ან უბრალოდ სახლში ვიჯდე და ხედების ცქერით დავტკბე.

რეალურად, ტახტზე ვწივარ, კომპიუტერი, რომელშიც ვწერ, საშინლად ჭედავს. ინტერნეტი სახლში არ მაქვს, მხოლოდ მაკდონალდსში შემიძლია დღეში 3 საათით გამოყენება. არც ტელევიზორი მაქვს, მანქანების გადაადგილების ხმა მესმის. არც ველოსიპედი მაქვს და თუ სადმე მივდივარ, სუპერმარკეტი (7კმ), მატარებლის სადგური (4კმ), ბანკი(5კმ), ფეხით გადააგილება მიწევს. ფანჯრიდან რომ გაიხედო ერთ მხარეს მაკდონალდს ხედავ, მეორე მხარეს დიდ აუტობანს, მესამე და მეოთხე მხარეს კი დიდი ქარხანაა. არც ქალქში გასეირნება შემიძლია, ქალაქში არ ვცხოვრობ, პრინციპში არც სოფელში ვცხოვრობ, ამ ადგილას მარტო ერთი სახლი დგას. უახლოესი პატარა ქალაქი 7 კილომეტრშია და იქ იმ შემთხვევაში მივდივართ, თუ საჭმელი საერთოდ აღარ გვაქვს.  გერმანელებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ქართველი ღატაკი ბავშვები ფეხით გადაადგილდებოდნენ და შესაბამისად ჩვენს საცხოვრებელ ადგილს და ლოიტკირშს (უახლოეს ქალაქს) მხოლოდ აუტობანი აკავშირებთ, აუტობანზე კი ტროუტუარი არ არსებობს.ჰოდა აუტობანზე ფეხით სიარულისას ყველა უკმაყოფილო, გაკვირვებული სახით გიყურებს და გიჟი ჰგონიხარ. საბედნიეროდ, ზოგიერთი კეთილი გერმანელის წყალობით, 7 კილომეტრის გავლა ერთხელ მოგვიწია მხოლოდ, დანარჩენ შემთხვევებში ავტოსტოპი ამართლებდა.

ერთი თვე და ერთი კვირაა აქ ვარ, ეს ბოლო დღეებია წამებს ვითვლი 28 რიცხვი როდის დადგება რომ 3 დღით დავისვენო, მერე 31დან თავიდან დაიწყება ათვლა, უკვე თბილისში დაბრუნების დღემდე.

ზოგადი ილუზია, რომ გერმანიაში (და ყველა ევროპის ქვეყანასა და ამერიკაში) ფეხს-ფეხზე გადაიდებ და ფული თავზე დაგაცვივდება, არც არასდროს მქონია, მაგრამ ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აქ ცხოვრება იმაზე ბევრად რთულია ვიდრე მეგონა, განსაკუთრებით წესრიგს მიუჩვეველი ქართველისთვის.

პირველი უდიდესი საშინელება მატარებელი, მისი ფასები და  სხვადასხვა გაურკვეველი სახეობებია. თუ აქედან ჰაიდელბერგამდე მანქანით ორსაათ-ნახევარში ჩახვალ, მატარებლით (თუ გინდა, რომ შედარებით იაფად წახვიდე და სახლის გაყიდვა არ მოგიწიოს) ხუთსაათ-ნახევარს უნდა იმგზავრო, გადაჯდე ათას ადგილას, ირბინო, რომ რეისზე არ დააგვიანო და ინატრო ამათი არაფერი მინდა,თუნდაც ოკრიბას გაჩერებაზე მამყოფაო.

ერთადერთი ლეგენდა, რომელიც გერმანიაზე მსმენია და სრულიად შეესაბამება სიმართლეს, საჭმლის სიიაფეა. 10 ევროდ შეგიძლია ერთ კვირას იცხოვრო.

ქუჩაში გერმანელები გიღიმიან და გესალმებიან ( ძალიან კი შეგაცოდეთ თავი, მაგრამ არ გეგონოთ რომ აქ ქალაქში არ გამივლია) შეიძლება თავზე არ გადაგყვნენ, მაგრამ პატივისცემით გეპყრობიან და მაღაზიებში გამყიდვლები ან კონსულტანტები არ გიბღვერენ.

რაც აქ ჩამოვედი, ერთი წამითაც კი არ დამისვენია, თუ არ ჩავთვლით იმ საათებს, როდესაც სამსახურიდან სახლში მოვდივარ დაძინებამდე. დასვენების დღეებს ძირითადად მგზავრობაში ვატარებ.დამიჯერეთ გაჭირვებისას ავტობუსში, მანქანაში ან მატარებელში ძილი დიდი ბედნიერებაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძილ-ღვიძილი გიწევს, მატარებელში ყოველ წამს უნდა გამოფხიზლდე, შენს გაჩერებას რომ არ გასცდე.

ევროპაში 2 თვის გატარება არც ისე პატარა დროა იმისთვის, რომ კარგად დაინახო მკვეთრი განსვავება ჩვენსა და ევროპის ქვეყნებს შორის. აზია არ მინახავს (ევროპაზე დიდი ოცნება ყოველთვის აზია იყო ჩემთვის), მაგრამ სამწუხაროა თუ საბედნიერო ევროპა ნამდვილად არ ვართ.