ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარზე მეტია.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული. მუზეუმში ინახება მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური წიგნები, ფოტომასალები, ხელნაწერი წიგნები, ხელნაწერი ისტორიული საბუთები და სხვადასხვა მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები.  სულ, 14 000  ძირითადი და დამხმარე ექსპონატი, რომელიც წლებია  არასათანადო პირობებში ინახება.
ონის ახალ ორსართულიან მუზეუმში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე. შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.