ფრთხილად იყავი, ბიჭო! ანუ რძისფერი და ბრიალა მკერდი

  • Home
  • ბლოგები
  • ფრთხილად იყავი, ბიჭო! ანუ რძისფერი და ბრიალა მკერდი

ბარსელონაში მივფრინავ. უჩვეულოდ ლამაზ სტიუარდესას  ვუყურებ თვითმფრინავის სალონში და წარმოსახვით ვადარებ „ეგვიპტის ავიახაზების“ არაბ თანამშრომელ ქალს.  ოჰ, არა, აზიური სილამაზე მირჩევნია მაინც: ბუნებრივი, მიმზიდველი, ცეცხლოვანი და ჭკუიდან გადამყვანი.

ბარსელონაში აეროპორტს ორი უზარმაზარი ტერმინალი აქვს, მათ შორის დაცილება კილომეტრზე მეტი იქნება ბევრად. მეორე ტერმინალში უნდა გადავბარგდე, რადგან ბილბაოსკენ მხოლოდ იქედან მიფრინავს თვითმფრინავი. ავტობუსით მივედი ტერმინალში და დილამდე უნდა დაველოდო ბასკეთის რეისს. რა უნდა აკეთო მთელი ღამე?! მოგშივდება და ჭამ, მოგწყურდება და დალევ, თუ დამჯდარს შეგიძლია ძილი, დაიძინებ კიდეც. ალბათ ძალიან უმწეო ან არამოტივირებული სახე მქონდა და ახლოში მყოფი ახალგაზრდა ამერიკელების ყურადღება დავიმსახურე: მაწვდიან მზესუმზირის პაკეტს, წყალს, შოკოლადს და პარალონის ხვიას. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მეუბნებიან, რომ მათ არ აქვთ უფლება ამდენი ტვირთის თვითმფრინავით გადატანის და … ვიტოვებ ყველაფერს სიამოვნებით. ველოდები დროის გასვლას, ვამთქნარებ უვახშმო ძაღლივით და ჩასხდომის დრომაც მოაღწია, როგორც იქნა!

რა საცოდავია ესპანეთის შუაგული! ხრიოკი, დაჭმუჭნული და უსიცოცხლო. სამაგიეროდ, ბასკეთია რაღაც ჩვენებური: მწვანე, მდინარეებიანი და ენერგიული. ბილბაოს აეროპორტი ციცქნაა. ამიტომ დამხვედრი მეგობრის პოვნა არ გამჭირვებია, იმ მეგობრის,  რომელიც გახლავთ დიდი იმედი ჩემთვის და მთელი ამ ტურის სულის ჩამდგმელი!

ია დიდი ხანია ბასკეთში ცხოვრობს, კეთილი ადამიანია და საოცრად ჭკვიანი. ბილბაოს დათვალიერებას ორ დღეს ვანდომებთ. აი, ქალაქი ესაა: მოვლილი, სუფთა, ლამაზი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმით სახელგანთქმული. ჰო, არჩანდა არ დამავიწყდეს. არჩანდაზე ავდივარ და მოვლილ საქართველოში მგონია თავი: სამყურები, ცაცხვები და რცხილნარი! ბილბაოს ინგლისური კვარტალი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშების კოლექციაა! ვსვამ ჩუპიტოს, ლუდს, ენერგეტიკულ სასმელს, ხერესს, რიოხას და ქვედა ყბა მაქვს ჩამოდებული სუფრაზე ყველგან: კაფეში, რესტოტანსა და მასპინძლის სახლში. ოჰ, ბასკებო, თქვენმა სამზარეულომ დღიურად თითო კილოგრამი მომამატებინა, მაგრამ ამ გემრიელობებზე ვინ იტყვის უარს? თანაც, თავს ვიმშვიდებ ყალბი შეძახილით: როცა ხარ კარგი, უნდა იყო ბევრი (წონით მაინც)! იცით, ბილბაოსა და მთელ ესპანეთში ძაღლები არ იყეფებიან, მანქანები არ აჭყვიტინებენ სიგნალებს, რა თავი სტკივათ ან ცუგებს, ან – მძღოლებს, რომ ტყუილად იხმაურონ?!

ბილბაოს მერე სან-სებასტიანია გეგმაში. ჩავდივართ ამ კოხტა ქალაქში და საზოგადოებრივი ტუალეტი არსადაა. რა ვქნა, უკვე მეტის მოთმენაც არ შემიძლია. კაფეში შევდივარ და ვითხოვ სველი წერტილის გამოყენების უფლებას. ბედნიერსახიანი ბარმენი ქალი მითითებს ტუალეტისკენ და წუთების მერე მეც გაბრწყინებული სახით გამოვდივარ! თან მომყვება ესპანელი ბარმენის მადლობა! ახლა უკვე მაოცებს ეს ყველაფერი, მაგრამ გარეთ იმდენი რამეა კიდევ საოცარი, სად მცალია ერთი გაოცებისთვის! ქალაქის განაპირას, გორაკზე შუა საუკუნეების ციხეა. მივდივარ სიმაღლისაკენ, თან მასპინძლის მომზადებულ ბურგერებს მარწყვივით ვყალაპავ. აქაც საქართველოსებურია ბევრი რამე: ხეები, ჭინჭარი და კიდევ ერთი მოულოდნელობა _ ტყემლის ხე, რომელზეც შეთქვირებული ნაყოფი უხვადაა. ტოტი მოვზიდე, ჯიბე ამოვივსე ტყემლებით, თან დროს არ ვკარგავ და ვჭამ. გაოცებული ფრანგები მიყურებენ, მათი აზრით, ღია ბუნებაში მოპოვებული საკვების მიღება დაუშვებელია. ფრანგებმა რა იციან, ჭიათურის მანგანუმის მტვრით გაშავებული ხილი ვერაფერს მაკლებს და ბასკური ტყემალი რას დამიშავებს ვითომ?

სან-სებასტიანის პლაჟზე ათასნაირი დამსვენებელია: მსუქანი, გამხდარი, სრულიად შიშველი, ჩადრით და ხიჯაბით შემოსილი, ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა, ბავშვი, ჩვილი და შუა ხანს მიღწეულები. ყველა თავისებურად ნეტარებს. აი, მაგალითად, პლაჟის შუა ადგილას ბრიალა, სრულიად შიშველი თეთრი ქალი წევს, ძუძუები მზისკენ გაუშვერია და ნებიერად ითათუნებს მარმარილოს თითებს ეროგენულ „ზონებზე“, ახლა კი დროა, თავი გვერდით გავაბრუნო, თორემ რა გაუძლებს ამ ვნებათაღელვას?!

შემდეგი ქალაქი მადრიდია. პრადოს მუზეუმი რომ არა, რა უნდა მოგეწონოს ამ ვეებერთელა ქალაქში? მეფის სასახლე უზარმაზარ, დეკორატიულ ფერმად მომეჩვენა. რა ვქნა, გემოვნებამ მიმტყუნა ალბათ, აბა, ესპანეთის მეფეები ცუდ შენობაში იცხოვრებენ?! ეროვნული ბიბლიოთეკის არქიტექტურაც ძალიან ლამაზია და სპილენძის ბუთქუნა ქალის ქანდაკებაც!

პრადოს მუზეუმში გვიკრძალავენ გადაღებას, მაგრამ მაინც ვპოულობ მარჯვე მომენტებს და „ვსელფაობ“. ესპანელი გიდი მხოლოდ ესპანურ ფერწერაზე აკეთებს აქცნტებს, მე კიდევ მეტი მინდა ვნახო და არ ველოდები მისი საუბრის დასრულებას, დარბაზიდან დარბაზში გადავდივარ, იტალიურ ფერწერასაც ხარბად ვათვალიერებ და ვარ ბედნიერი!

მადრიდის მერე ისევ ბარსელონა! იქ გაუდის არქიტექტურა და უამრავი რამეა სანახავი. ველოდები ავტობუსს, რომლითაც კატალონიისკენ უნდა გავწიო და კაფეში გემრიელად ვილუკმები. მაგიდაზე მიდევს „არმანის“ ჩანთა, ფეხთით ზურგჩანთა და გემრიელ სალათს ჩანგალს ვუმიზნებ. მარცხენა მხრიდან მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი რაღაცას ჩემთვის სრულიად უცნობ ენაზე მეკითხება, გაოცებული მხრებს ვიჩეჩავ და ამ დროს ვგრძნობ, როგორ „გაიპარა“ ჩემი „არმანის“ ჩანთა მაგიდიდან! დაედევნე თუ გინდა, ვის დაეწევი, ან რას გამორჩები?! ჩანთაში იდო პასპორტი, საკრედიტო ბარათები, 900 ევრო, 100 დოლარი და ეროვნული 50 ლარი… პოლიცია იბარებს ანგარიშს ჩემგან, იწერს ჩემს მისამართს, თუ ვიპოვეთ, გამოგიგზავნითო… მეტი არაა ჩემი მტერი, დანაკარგი ვინმემ დამიბრუნოს, მაგრამ ქურდის ხელოვნებით აღტაცებული და მეგობრებისგან დამშვიდებული მაინც ვაგრძელებ ტურს!

„საგრადა ფამილია“ და ბარსელონის პლაჟია სანახავი, თუ რამის ნახვა გინდათ! ვიდრე “საგრადა ფამილიას” ვნახავდი, მანამდე საკონსულოს მივაკითხე დროებითი სამოგზაურო დოკუმნტის ასაღებად… რას იზამ, ისევ მეგობრები და სამშობლოსკენ წამოსვლის სურვილი გეხმარება!

მერე ისევ სამშობლო, მოუვლელი და ლამაზი საქართველო… ვინ მოუვლის, თუ არა ისევ ჩვენ?! ჰო, გავამხელ და ის აფუებული თეთრი მკერდი ხშირად მახსენდება. რძისფერი და ბრიალა!

როლანდ ხოჯანაშვილი