ფრანგი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში

  • Home
  • MICE
  • ფრანგი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და საფრანგეთის ღირშესანიშნავი ადგილებისა და ქალაქების ასოციაციის უწყებრივი თანამშრომლობის საფუძველზე, ისტორიული ქალაქების დაგეგმარებისა და მართვის საკანონმდებლო საკითხებზე სამუშაო ვიზიტით ქ. თბილისს ფრანგი ექსპერტები ანტუან ბრუგეროლი და ჟაკ კრუშონი ეწვივნენ. ფრანგ სპეციალისტებთან ერთად, სამდღიანი ვორქშოფი ქალაქგანვითარების პროცესებში მონაწილე სახელმწიფო დარგობრივი უწყებებისა და ექსპერტების თანამონაწილეობით წარიმართება. სამუშაო შეხვედრებში ჩაერთულნი არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის, თბილისის მერიის ურბანული სამსახურის, ძველი თბილისის განვითარების ფონდის, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცული დაგეგმარების დეპარტამენტის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის, გ.ჩუბინაშვილის სახელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ICOMOS-ის წარმომადგენლობისა და სხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციების ექსპერტ-ურბანისტები. ვორქშოფი ქალაქგეგმარებისა და მართვის საკანონმდებლო მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. ისტორიული ქალაქების მართვის მიმართულებით კულტურული მემკვიდრეობისა და მომიჯნავე კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად შეხვედრებზე მხარეები ერთობლივ რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ.
საფრანგეთის ღირშესანიშნავი ადგილებისა და ქალაქების ასოციაციასთან დარგობრივი ურთიერთობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 1 თვის წინ დაიწყო. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ხელშეწყობით, მხარეებს შორის 2019 წლის 19 ივნისს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც სამომავლო პარტნიორობას 2 ძირითადი მიმართულებით ითვალისწინებს. ისტორიული ქალაქების კონსერვაციისა და განვითარების დაგეგმვის მეთოდოლოგიებთან ერთად, უწყებებათა ერთობლივ მიზანს საკანონმდებლო აქტებისა და ძირითადი პრინციპების შემუშავების პროცესში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ვორქშოპის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები საველე გასვლების პირობებშიც განხორციელდება.
მემორანდუმის ფარგლებში, საფრანგეთის ღირშესანიშნავი ადგილებისა და ქალაქების ასოციაცია საქართველოში კვალიფიციური ექსპერტების სამუშაო ვიზიტების ხარჯებს უზრუნველყოფს.

წყარო: საქართველოს კულტურუილი მემკვიდრეობა