ორიგინალური ხელნაკეთი ნივთების/სანათების ავტორი – გაიცანით ნინია ჩოქური

  • Home
  • ინტერვიუები
  • ორიგინალური ხელნაკეთი ნივთების/სანათების ავტორი – გაიცანით ნინია ჩოქური

ვურჩევ ყველას, ვისაც რამის კეთება უნდა, იყვნენ გულმოდგინეები თავიანთ საქმეში, გულმხურვალედ და სიამოვნებით აკეთონ ის რაც მოსწონთ, იზრუნონ განვითარებაზე და არ გაჩერდნენ, მიუხედავად პანდემიისა - ნინია ჩოქური 

  1. გვიამბეთ თქვენს შესახებ (ვინ არის ნინია ჩოქური)?

 მე ვარ ნინია ჩოქური 29 წლის. 2 წლის წინ დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და წელს ვაპირებდი სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყებას, მაგრამ მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ჯერ კიდევ არ დადიან ბაღში. მათ ვერ დავტოვებდი მარტო, ამიტომ მოვნახე გამოსავალი და დავიწყე იმაზე ფიქრი გამეკეთებინა რაიმე ისეთი, რაც მსიამოვნებდა, შემოსავალს მომიტანდა და ამასთანავე სახლში ჩემს შვილებთან ყოფნის საშუალებასაც მომცემდა.

   2. თქვენი პირველი ნაბიჯები ამ პროფესიაში.

 ხელნაკეთობებზე ბავშვობიდან ვმუშაობდი. ხეზეც ვკვეთდი, ვქარგავდი, ვქსოვდი, ბისერებით ვაკეთებდი სუვენირებს, შემდეგ ამ ჩემს ნაკეთობებს ძირითადად ახლობლებს ვჩუქნიდი ვისაც რა მოწონდა. 

        3. რა სახის ნივთებს ამზადებთ და რა მასალით?

დღევანდელ დღეს ბევრი ნიჭიერი ადამიანია, ვინც სახვადასხვა დანიშნულების ხელნაკეთ ნივთებს ქმნის სხვადასხვა მალასისაგან, თუმცა მე მინდოდა ისეთი რამის გაკეთება რასაც ჩვენს ქვეყანაში თითქმის არავინ არ აკეთებდა. ყოველთვის მომწონდა ხელნაკეთი სანათები და გადავწყვიტე მეც შემესწავლა მათი კეთება. დაახლოებით ერთი წელი ვსწავლობდი სანათების კეთების სხვადასხვა ტექნიკას, სხვადასხვა მასალისაგან, ესენია: ძაფი, მავთული, ბისერები, ხე და ა.შ. როდესაც დავიწყე მე თვითონ სანათებზე მუშაობა მივხვდი, რომ მათი კეთება ძალიან მსიამოვნებდა და გადავწყვიტე სერიოზულად მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის. პირველი 500 ლარი ოჯახის წევრისგან ვისესხე, რათა საჭირო მასალები მეყიდა. როდესაც რამდენიმე სანათი უკვე დავაგროვე გავაკეთე facebook – სა და instagram – ზე ჩემი გვერდები, რომელთა საშუალებითაც ხალხს ვუზიარებ ჩემს ნამუშევრებს და ვყიდი კიდეც.

    4. როგორ ფიქრობთ, რითია გამორჩეული თქვენი ხელნაკეთი ნივთები?

ჩემი ხელნაკეთი ნივთები იმით არის გამორჩეული რომ ძალიან ლამაზები და ორიგინალურებია. მსგავს სანათებს ქართულ ბაზარზე ვერ იშოვით, ან თუ იშოვით საკმაოდ ძვირად, ჩემი სანათები ყველას სახლს მოუხდება.

     5. სად შეიძლება თქვენი ხელნაკეთი ნივთებისა და სანათების შეძენა?

 ჩემი სანათების შეძენა ჯერ მხოლოდ ჩემს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე Sanatia/სანათია – ზე არის შესაძლებელი.

       6.რას გეგმავთ სამომავლოდ?

 სამომავლოდ ვგეგმავ ჩემი სახელოსნოს გაფართოებას. წელს პროექტ – „აწარმოე საქართველოში“ გავაგზავნე ბიზნეს იდეა სახელოსნოს გაფართოებასთან დაკავშირებით. მინდა ხელსაწყოები, რომლებითაც მე თვითონ, ჩემი დიზაინით გავაკეთებ სანათის კარკასებს, რაც საშუალებას მომცემს სხვადასხვა ფორმისა და ზომის სანათები ვაკეთო. ამჟამად ძირითადად გამზადებულ კარკასებს ვყიდულობ, რაც მრავალფეროვნების საშუალებას არ მაძლევს.

      7. რას ურჩევთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული იდეები, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ ბედავენ მათ წამოწყებას?

 მე, პირველ რიგში, ვურჩევდი ყველას ვისაც რამის კეთება უნდა იყვნენ გულმოდგინეები თავიანთ საქმეში, გულმხურვალედ და სიამოვნებით აკეთონ ის, რაც მოსწონთ, იზრუნონ განვითარებაზე და არ გაჩერდნენ, მიუხედავად პანდემიისა.

 

ავტორი: სოფო უშხვანი

Tags: