კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მზადება 2020 წლის პროგრამისთვის

National Agency for Cultural Heritage Preservation, Restoration, 2020 Projects

ვირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მის სტრუქტურულ დაქვემდებარებაში მყოფ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალზე ვიზიტორების მიღება სრულად შეზღუდა. მუზეუმ ნაკრძალების მატერიალურ-ტექნიკური და კულტურული ფასეულობების დაცვის მიზნით სამუზეუმო ადმინისტრაციები წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით იმუშავებენ. მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა სააგენტოს ცენტრალური ოფისი და მისი ყველა თანამშრომელი. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უწყების სამსახურები დისტანციური მეთოდით განაგრძობენ ფუნქციონირებას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის პრინციპების გათვალისწინებით ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არქიტექტურულ ძეგლებზე საპროექტო-სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური ობიექტების კვლევა-ძიების პროგრამული გეგმის განხორციელებას. დაგეგმილი სარესტავრაციო, საკონსერვაციო, საპროექტო, კვლევითი და სამეცნიერო-არქეოლოგიური პროექტების სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტოს მიერ უკვე გამოცხადებულია 51 სახელმწიფო ტენდერი, რომელთა პროცედურების გავლის შემდეგ სათანადო ხელშეკრულებები გაფორმდება. ამავე მიმართულებით მზადდება სატენდერო დოკუმენტაციები კიდევ 20 ობიექტზე, რომლებზეც განაცხადები მომდევნო თვეებში გაკეთდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ფიზიკური სამუშაოები ეპიდემიური ვითარების გამოსწორების შემდგომ, უახლოეს დროში დაიწყება.

სარესტავრაციო-საკონსერვაციო და გაწმენდითი პროექტები წარიმართება: ახმეტის ღვთაების ეკლესიაზე; გორის ციხეზე; ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსზე; ნოქალაქევის ნაქალაქარზე; უჯარმის ციხეზე; თიანეთის მუნ-ის სოფ. დულუზაურების არქიტექტურულ კომპლექსზე; კასპის მუნ-ის სოფ. ქვემო ჭალის ჯვარპატიოსნის ეკლესიაზე; დუშეთის მუნ-ის სოფ. ალევის არქიტექტურულ კომპლექსზე; დაბა სურამის ლესია-უკრაინკას სახლ-მუზეუმში.

გაგრძელდება ზემო სვანეთის და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – სოფ. ჩაჟაშის არქიტექტურული ძეგლების რეაბილიტაციისა და პროექტირების სამუშაოები. სარესტავრაციო-ინფარსტრუქტურული პროექტები წარიმართება თბილისის სახ. უნივერსიტეტის ანთროპოლოგიურ მუზეუმში. პროგრამული სია მოიცავს ამბროლაურის მუნ-ის სოფ. ქედიუბნის ეკლესიის, ახმეტის მუნ-ის სოფ. მატანისა და შუამთის ახალი ეკლესიის კედლის მხატვრობების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებსაც.

მიმდინარე წლის განმავლობაში მომზადდება საპროექტო და კვლევითი დოკუმენტაციები უფლისციხის, ვანის ქვაბების, დავით გარეჯის საბერეების კომპლექსის, გრემის ტაძრის, სოფ. ცაიშის ეკლესიის, წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის, შორაპნის ციხის და მის მიმდებარედ არსებული ისტორიული დასახლებისა და ბაგინეთის არქეოლოგიური ძეგლის რეაბილიტაცია-კონსერვაციისთვის. წელსვე განხორციელდება გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმის საექსპოზიციო სივრცის მოწყობის პროექტიც. კვლევა-ძიების მიმართულებით მიმდინარე წელს სააგენტოს პროგრამული სია 23 ობიექტს მოიცავს.

სამეცნიერო გათხრები წარიმართება: დიდნაურის, გედაბერტყას, ჭობარეთის, ფარავანის, ხუნწის, ნოქალაქევის, ითხვისის, ჭაქვინჯის, სამშვილდის, საბუეს, კაზრეთის მაღაროს მღვიმის, ახალშენის. სურამის ციხის, აბულისა და შაორის მეგალითური ძეგლების, ბორჯომის, მაშავერასა და დმანისის არქეოლოგიურ ობიექტებზე.

სააგენტოს მიერ დაგეგმილი სამუშაოების პარალელურად, აქტიურ ფაზაშია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო პროექტების განსაზღვრის პროცესი, რომელიც უახლოეს დროში შეჯერდება. ფონდისთვის სააგენტოს მიერ მიწოდებული სარესტავრაციო ობიექტების ნუსხა 50-მდე ძეგლს მოიცავს.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

Tags: