მთიან აჭარაში ევროპული დონის ველობილიკზე მუშაობა დაიწყო

მთიანაჭარაში პირველ, ევროპული დონის სამთო ველობილიკზე მუშაობა დაიწყო. ეს იქნება 6 კილომეტრიანი ველომარშრუტი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტებს. მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. „Down Hill”-ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება.

ველობილიკის ინფრასტრუქტურის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მასში ქართველი და უცხოელი ექსპერტები არიან ჩართული, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ველობილიკის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნენ.

„ეს იქნება პირველი ევროპული დონის სამთო ველობილიკი აჭარაში, რომელიც გათვლილი იქნება, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ველოსიპედისტებისთვის, ველობილიკი გადის ულამაზეს ტყეში და სრულებით იზოლირებულია სატრანსპორტო გზიდან, რაც ხელს შეუწყობს ველომრბოლელებს ისიამოვნონ ულამაზესი ბუნებით. ველობილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობისას ვგეგმავთ მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების, ველო და ავტოპარკინგის, წყლის პუნქტებისა და საპიფარეშოების გაკეთებას, ასევე საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაციას“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.

 

წყარო: მთიან აჭარაში ევროპული დონის ველობილიკზე მუშაობა დაიწყო

Tags: